შერეული საკონტროლო კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


შერეული საკონტროლო კომისია (JCC) - 1992 წლის 24 ივნისს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, ქალაქ სოჭში რუსეთის ფედერაციიდან ბორის ელცინი და საქართველოდან ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას - „ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ“, რომელიც დაგომისის შეთანხმებითაა ცნობილი. შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის მოსაგვარებლად შეიქმნა ორი ინსტიტუცია - შერეული საკონტროლო კომისია (JCC) და შერეული სამშვიდობო ძალები (JPKF). შერეული საკონტროლო კომისია წარმოადგენდა მოლაპარაკებების ოთხმხრივ ფორმატს საქართველოს, რუსეთის, ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებით. მოგვიანებით მათ ეუთოს (OSCE) მისია დაემატა. შერეული სამშვიდობო ძალები მხოლოდ სამმხრივი ფორმატი იყო სამხრეთ ოსეთის გამოკლებით. სამშვიდობო ძალების მეთაურს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წარადგენდა და საბოლოოდ შერეული სამშვიდობო კომისია ირჩევდა.

შერეული საკონტროლო კომისია 1992-1994[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლიდან 1995 წლამდე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) შეხვედრები ძირითადად მოსკოვსა და ვლადიკავკაზში იმართებოდა. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართულ სოფლებთან ხელმისაწვდომობა. ამ ეტაპზე კომისიის ფუნქციებში შედიოდა კონტროლის დაწესება ცეცხლის შეწყვეტაზე, შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან, მოხალისეთა რაზმების გაუქმება და უსაფრთხოების რეჟიმის შენარჩუნება.

1992 წლის 4 ივლისის შეხვედრაზე ქ. ვლადიკავკაზში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის პირველ სხდომაზე შერეული ძალების რიცხობრივი შემადგენლობა განისაზღვრა 1500 კაცის ოდენობით, ხოლო რეზერვისტთა რაოდენობა 900 კაცით: 500 კაცი საქართველოდან და 300 კაცი რეზერვში; 500 კაცი რუსეთის ფედერაციიდან და 300 კაცი რეზერვში; 500 კაცი ოსური მხარიდან და 300 კაცი რეზერვში. ამავე შეხევდრაზე შეიქმნა შსკ-ის დამკვირვებელთა ერთობლივი ჯგუფი და პრეს-ცენტრი.

1994 წელსვე შსკ-ის მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის შემდგომი განვითარებისა და შერეული საკონტროლო კომისიის შესახებ“, რომლითაც შერეული საკონტროლო კომისია ოთხმხრივ მუდმივმოქმედ ორგანოდ გარდაიქმნა – ანუ კომისიის ქართულ, რუსულ და „სამხრეთ ოსურ“ მხარეებს, ჩრდილოეთ ოსური მხარეც დაემატა. კომისიის მუშაობაში ჩაერთო ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის მისია საქართველოში. ამ შეთანხმების დადება ნიშნავდა იმას, რომ კომისიამ შეასრულა თავისი ფუნქციები ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული ფორმირებების გასაყვანად და უსაფრთხოების რეჟიმის დასაცავად, და დაიწყო ახალი ეტაპი - პოლიტიკური მოწესრიგების პროცესი. შსკ გარდაიქმნა მუდმივად მოქმედ მექანიზმად კონფლიქტის პოლიტიკური, სამხედრო (სამშვიდობო), ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა ასპექტების გადასაწყვეტად.

შერეული საკონტროლო კომისია 1995-2003[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლიდან შსკ-ის საქმიანობა შედარებით აქტიურ ფაზაში გადავიდა - კომისიის ფარგლებში 2003 წლის ჩათვლით გაიმართა 13 ოფიციალური შეხვედრა. შსკ-ის საქმიაონობამ გადაწყვიტა მთელი რიგი საკითხები:

● კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციაზე გარკვეული თანხების გამოყოფა;

● კონფლიქტის ფართომასშტაბიანი დარეგულირების მიზნით მაღალი დონის შეხვედრის გამართვის აუცილებლობა;

● საქართველოს მხრიდან კონფლიქტის ზონის გაზით მომარაგებისა და სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება;

● 13 დასახლებულ პუნქტში ბლოკ-საგუშაგოების რაოდენობის შემცირება;

● ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი დაბრუნების ხელშემწყობის სპეციალური კომიტიტეტის შექმნა;

● შერეული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონის საზღვრების დადგენა;

● კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები;

● სამართალდამცავი ორგანოების სპეციალური საკოორდინაციო ცენტრის შექმნა;

● ქართულ-რუსული სამთავრობათშორისო მუდმივმოქმედი ორგანო შექმნა, რომელშიც ორი სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამინისტროები იქნებოდნენ წარმოდგენილნი;

ევროკომისიის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, კონფლიქტის ზონაში ელექტროენერგის, გაზმომარაგების, წყალმომარაგებისა და კომუნალური მეურნეობის მიმართულებით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხის შედგენა.

მოლაპარაკებების გააქტიურებაზე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო პრეზიდენტის ლუდვიგ ჩიბიროვის შეხვდრები 1996-1998 წლების შუალედში. ლიდერები სამჯერ, ვლადიკავკაზში, ჯავასა და ბორჯომში შეხვდნენ ერთმანეთს. ჯავის შეხვედრაზე გადაწყდა მათ შორის პირდაპირი სატელეფონო ხაზის ამუშავებაც.

2001 წლის შსკ-ის მეთერთმეტე სხდომაზე მხარეებმა გადაწყვიტეს კომისიის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, კომისიის პლენარულ სხდომებს შორის მონაკვეთებში კომისიის თანათავმჯდომარეთა რეგულარული შეხვედრები გამართულიყო, რაც შემდგომში ხშირ პრაქტიკად გადაიქცა.

შერეული საკონტროლო კომისია 2004-2007[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლიდან შსკ-ის მუშაობამ ხასიათი შეიცვალა. თუკი კომისია მანამდე მხარეების დაახლოვებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იყო კონცენტრირებული, ამ პერიოდიდან კონფლიქტის შედარებით ცხელ ფაზაში გადასვლამ კომისიის საქმიანობა მის პირვანდელ ფუნქციას დაუბრუნა, რაც ცეცხლის შეწყვეტის, სამხედრო და სხვა ტიპის ინციდენტების პრევენციაზე მუშაობა წარმოადგენდა.

2004 წლის 2 ივნისს, სანამ რეგიონში სიტუაცია დაიძაბებოდა, შსკ-ის ფარგლებში ქართველი და ოსი წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო და ეკონომიკურ ძალას არ გამოიყენებდნენ. 30 ივნისის მოსკოვში გასამართ მორიგი შეხვედრის დასწრებაზე ქართულმა მხარემ უარი განაცხადა. მიზეზი სამხრეთ ოსეთში საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების საბოტაჟისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით დაკავება გახდა.

ლიახვის ხეობაში სამხედრო შეტაკებების შემდეგ, 14 ივლისს საკონტროლო კომისიის მაღალი რანგის შეხვედრა მოსკოვში შედგა, სადაც მხარეები კონფლიქტის ზონიდან უკანონო შეიარაღებული ძალების გაყვანაზე დათანხმდნენ. შეხვედრის მეორე რაუნდში, შსკ-ის წევრებმა კონფლიქტის მონაწილე მხარეების სამხედრო ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ და მანამდე არსებული შეთანხმებების პატივისცემისკენ მოუწოდეს.

13-14 აგვისტოს ქ. ცხინვალსა და სოფ. ერგნეთში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომაზე ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც წინა წლებში მიღებული შეთანხმებებით დაუშვებელი შეიარაღებული ფორმირებების კონფლიქტის ზონიდან გაყვანასაც ითვალისწინებდა.

18-19 ნოემბერს, შსკ-ის ვლადიკავკაზის შეკრებაზე შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და არაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითს შორის ორი კვირით ადრე გაფორმებული შეთანხმება კონფლიქტის ზონის სრულად დემილიტარიზაციის შესახებ. ამავე შეხვედრაზე ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძასოხოვმა ინიციატივა გამოთქვა სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე, რომელიც ჩრდ. ოსეთის ალაგირის რაიონს, სამხრეთ ოსეთსა და გორის რაიონს მოიცავდა.

2006 წლის 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ რუსეთი თავდასხმაში დაადანაშაულა, როდესაც რუსულმა ავიაგამანადგურებელმა სუ-25-მა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და იერიში მიიტანა გორში განლაგებულ რადარზე. ამ ინციდენტის გამო შსკ-ის 9-10 აგვისტოს დაგეგმილი თბილისის შეხვედრა ჩაიშალა. ამ პერიოდში მხარეებს შორის გართულებულმა ურთიერთობამ შსკ-ის საქმიანობის ერთი წლით შეჩერება გამოიწვია. ხოლო 2007 წლის ოქტომბრის შეხვედრაზე მხარეებმა საერთო პოზიციებზე შეჯერება ვერ მოახერხეს. 2008 წლის მარტში საქართველომ ოფიციალურად შეწყვიტა შსკ-ში მონაწილეობის მიღება.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ქართული მხარე შერეული საკონტროლო კომისიის მოდიფიკაციას ითხოვდა, რადგან თვლიდა, რომ ფორმატი სამი ერთის წინააღმდეგ იყო. მაგრამ ფორმატის ყოველგვარ ცვლილებას ოსური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. სააკაშვილის ადმინისტრაციის სურვილი იყო შსკ-ის ფუნქციონირება 2+2+2 ფორმატში გაგრძელებულიყო. პირველი ორი უნდა ყოფილიყო საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლობა, მეორე ორი რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობა, ხოლო მესამე ტანდემი ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თურმანიძე, თ. (2009) „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტის დარეგულირების მექანიზმის მოკლე ისტორია: 1992-2008 წწ., ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ცენტრი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]