შენჯენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
შენჯენი
深圳
Shenzhen city montage.png
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
შიდა დაყოფა Futian District, Luohu District, Nanshan District, Yantian District, Bao'an District, Longgang District, Guangming New District, Pingshan District, Longhua District და Dapeng New District
კოორდინატები 22°33′00″ ჩ. გ. 114°06′00″ ა. გ. / 22.55000° ჩ. გ. 114.10000° ა. გ. / 22.55000; 114.10000
მმართველი Xu Qin
დაარსდა 1979
პირველი ხსენება 1410
ფართობი 2,050 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0-943.7
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
მოსახლეობა 10 778 900 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ჩინელები
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +86 755
საფოსტო ინდექსი 518000
საავტომობილო კოდი 粤B
ოფიციალური საიტი nglish.sz.gov.cn
შენჯენი — ჩინეთი
შენჯენი

შენჯენი (ჩინ. 深圳) — სუბპროვინციული მნიშვნელობის ქალაქი სამხრეთ ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში. ესაზღვრება ჰონკონგს. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 10 778 900 ადამიანი.

მასშტაბური უცხოური და სახელმწიფო ინვესტიციების ხარჯზე საკმაოდ მოკლე ხანში ქალაქი იქცა მარგალიტის მდინარის დელტის ეკონომიკური რეგიონისა და საერთოდ, მთელი ქვეყნის მსხვილ სამრეწველო, საფინანსო და სატრანსპორტო ცენტრად. დღესდღეობით შენჯენი წარმოადგენს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად ქალაქს. ფაქტობრივად ქალაქი 1979 წელს დაარსდა ბაოანის მაზრის ადგილას, რომელსაც შენჯენი უწოდეს, თუმცა საქალაქო მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე IV საუკუნიდან შეინიშნება. 2008 წელს იუნესკომ შენჯენი აირჩია დიზაინის შემოქმედებით ქალაქად, ხოლო 2011 წელს შენჯენში ჩატარდა მსოფლიოს XXVI საზაფხულო უნივერსიადა, რომლის ხარჯზე ქალაქმა არსებითად განაახლა და გააფართოვა თავისი ინფრასტრუქტურა. შენჯენი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია თავისი მაღლივი არქიტექტურით, თემატური პარკებით, დარგობრივი გამოფენებით. იგი ელქტრონული და ელექტროტექნიკური მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვლესი ცენტრია, მაგალითად, IPhone-ისა და IPad-ის დიდი ნაწილი სწორედ შენჯენში იწარმოება. საიტ Tech Insider-ის რეიტინგის თანახმად, შენჯენი შედის მსოფლიოს ყველაზე ტექნოლოგიური ქალაქების სიაში.

ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება ორი იეროგლიფის — „შენ“ და „ჯენ“ შეხამებით, რაც თარგმანში ნიშნავს „ღრმა საზღვარს“, „ღრმა დრენაჟს“, „ღრმა თხრილს“ ან „ღრმა ჩამონადენს“. იეროგლიფი „შენ“ (圳) მხოლოდ სამხრეთ ჩინეთში გვხვდება, ჩრდილოეთით ჯეძიანის პროვინციამდე და სავარაუდოდ აქაურ ადგილებში გავრცელდა სამხრეთი სუნის დინასტიის დროს. სახელწოდება „შენჯენი“ პირველად გვხვდება მინის იმპერიის დროს 1410 წელს. ადგილობრივი მოსახლეობის წარმოდგენაში სახელწოდება „შენჯენი“ მიეკუთვნება ქალაქის ძველ ნაწილს, კერძოდ, დუნმენის ქუჩის ოლქს, რომელიც წარმოიქმნა პოლდერის ადგილას. 2010 წლის ივლისამდე შენჯენის ქვეშ გულისმობდნენ ორ სხვა სახელწოდებას — უშუალოდ შენჯენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონას, რომელიც მოიცავდა მხოლოდ ოთხ საქალაქო რაიონს და სუბპროვინციული მნიშვნელობის ქალაქ შენჯენს, რომლის შემადგენლობაში შედიოდა გარეუბნებიც. ამჟამად სპეციალური ეკონომიკური ზონა იკავებს სუბპროვინციული მნიშვნელობის ქალაქის მთელ ტერიტორიას.

შენჯენი განლაგებულია მარგალიტის მდინარის დელტაში, სამხრეთით ჰონკონგს ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით — ქალაქ დუნგუანს, ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ ხოიჯოუს. მარგალიტის მდინარის ესტუარის საპირისპირო ნაპირზე, შენჯენიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კილომეტრში მდებარეობს ქალაქები ჯუხაი და მაკაო. ჰონკონგთან არსებული საზღვარი გადის მდინარეების შენჯენისა და შატოუძაოს გასწვრივ.

შენჯენი განლაგებულია ჩინეთის სუბტროპიკულ ზონაში, ჩრდილოეთ ტროპიკზე, სადაც ნიშანდობლივია ცხელი და ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. სამხრეთ ჩინეთის ზღვის ზეგავლენით ამ რეგიონში ზამთარი რბილია და შედარებით მშრალი, ხოლო სუსხი მეტად იშვიათაა. გაზაფხულის დასაწყისი და შემოდგომის დასასრული, როგორც წესი, მშრალია, თუმცა აპრილიდან დაწყებული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა მკვეთრად მატულობს და წვიმის სეზონები გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

ზაფხულის პერიოდში მუსონების პიკია; გარდა ამისა, ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში შენჯენი ხშირად ხდება ხოლმე ტაიფუნების მსხვერპლი, რომელიც აღმოსავლეთიდან მოდის. წლის ყველაზე ხელსაყრელი დრო შენჯენის მონახულებისათვის ოქტომბრიდან დეკემბრამდეა, როდესაც დგება გრილი და მშრალი ამინდი. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1933-2214 მმ-ს. ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა უდრის 15-17 °C-ს, გაზაფხულზე 18-26 °C, ზაფხულში 28-30 °C, შემოდგომაზე 27-21 °C. 2016 წლის იანვარში ქალაქის სამხრეთ რაიონებში თერმომეტრის სვეტი დავარდა 0 °C-ის ნიშნულზე. პირველად 60 წლის განმავლობაში მოვიდა მცირე თოვლი.

შენჯენის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით 32 კილომეტრში არის შენჯენის საერთაშორისო აეროპორტი ბაოანი. ქალაქშია შენჯენის მეტროპოლიტენი, რომელიც 2004 წლის 28 დეკემბერს გაიხსნა. სულ არის 137 სადგური.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]