შაქრიანის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაქრიანის სამების ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანის აღმოსავლეთით, 3 კილომეტრის მანძილზე, ქვიშახევისა და თხილიანისწყლების გამყოფი მთის ერთ-ერთ განშტოებაზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. 1980 წელს ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესიის კედლების დანგრეული ნაწილები აგურით აღუდგენია და შენობა კრამიტით გადაუხურავს. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი გარედან შეისრულია. შიგნიდან კი თარაზულად, ხის ძელებით ყოფილა გადახურული. კარების წირთხლებში მოწყობილია საურდულე ხვრელები.

აღმოსავლეთით საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისგან მარტივი პილასტრების წყვილით და მათზე დაყრდნობილი, შეისრული თაღითაა გამოყოფილი. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, განლაგებულია მცირე ზომის, სწორკუთხა ნიშები. მათ შორის თითო-თითო აფსიდის გვერდებშია, დანარჩენი ორი კი — მის ბოლოებში. ერთი თაღოვანი სარკმელი ეკლესიის დასავლეთ კედელშიცაა. საკურთხეველი დასრულებულია წესიერი ფორმის კონქით. მისი უმეტესი ნაწილი ნაწყობია აგურით. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, კედელზე, აგურით ნაწყობი ტრაპეზია მიდგმული. შიგნიდან ეკლესია გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით.

ეკლესიის ფასადები დანაწევრებულია განიერი, საფეხურით შეღრმავებული, სწორკუთხა არეებით. განივ ფასადებზე თითო შეღრმავებაა, გრძივ ფასადებზე — ორ-ორი. განივ ფასადებზე, შეღრმავებების ზემოთა ნაწილში, მწკრივად განლაგებული ოთხ-ოთხი შეისრული თაღია მოწყობილი, გრძივი ფასადების შეღრმავებებში კი მხოლოდ თითო განიერი თაღია. შეღრმავებები დასრულებულია კუთხით შვერილი აგურებისგან გამოყვანილი ფრიზით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე, ფრონტონის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით გამოსახულია თითო მაღალი ჯვარი. მათ შორის აღმოსავლეთი ჯვრის ქვედა ნაწილი მოქცეულია შეღრმავებულ არეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]