შარლოტა (კვიპროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შარლოტა
Carlotta I di cipro.jpg
კვიპროსის დედოფალი
კორონაცია: 7 ოქტომბერი, 1458
წმ. სოფიას კათედრალი
მმართ. დასაწყისი: 28 ივლისი, 1458
მმართ. დასასრული: 1464
წინამორბედი: ჟან II
მემკვიდრე: ჯეიმს II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 ივნისი, 1444
დაბ. ადგილი: ნიქოზია, კვიპროსი
გარდ. თარიღი: 16 ივლისი, 1487, (43 წლის)
გარდ. ადგილი: რომი, იტალია
მეუღლე: ჟუან პორტუგალიელი
(ქ. 1456 - გარდ. 1457)
ლუდოვიკო სავოიელი
(ქ. 1459 - გარდ. 1482)
დინასტია: პუატიე-ლუზინიანი
მამა: ჟან II, კვიპროსის მეფე
დედა: ელენე პალეოლოგინა
რელიგია: კათოლიციზმი

შარლოტა (ფრანგ. Charlotte, ბერძ. Καρλόττα; დ. 28 ივნისი, 1444, ნიქოზია, კვიპროსი — გ. 16 ივლისი, 1487, რომი, იტალია) — კვიპროსის მეფე ჟან II-ის ასული. კვიპროსის დედოფალი 1458-1464 წლებში. იერუსალიმისა და სომხეთის ტიტულარული დედოფალი, ასევე ანტიოქიის ტიტულარული მთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტა დაიბადა 1444 წლის 28 ივნისს ნიქოზიაში. იგი იყო კვიპროსის მეფე ჟან II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელენე პალეოლოგინას უფროსი ქალიშვილი. მისი უმცროსი და, პრინცესა კლეოფა 1448 წლის ივნისში, შარლოტას მეოთხე დაბადების დღემდე სულ რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. ამის გამო ჟანმა თავის მემკვიდრედ შარლოტა გამოაცხადა, თუმცა საფრთხეს ის წარმოქმნიდა, რომ შარლოტას მამას ბერძენი საყვარლისგან ჰყავდა უკანონო ვაჟიც, ჯეიმსის სახით, რომელიც მუდამ აცხადებდა ტახტზე პრეტენზიას.

ელენა პალეოლოგინა თავის ქალიშვილებთან ერთად, ცენტრში შარლოტა.

პრინცესა შარლოტა ბიზანტიის სამეფო კარზე აღიზარდა, რის გამოც მის პირველ ენად ბერძნული იქცა. 1453 წელს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ იგი იძულებული გახდა კვიპროსში დაბრუნებულიყო, სადაც ისწავლა ფრანგული, იტალიური და ლათინური, თუმცა მთელი თავისი ცხოვრება იგი მხოლოდ ბერძნულად საუბრობდა.

1456 წელს შარლოტა ანტიოქსიის მთავარი გახდა. იმავე წელს იგი დაქორწინდა ინფანტ ჟუან პორტუგალიელზე, პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის შვილიშვილზე, რომელიც ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1457 წელს უშვილოდ გარდაიცვალა.

1458 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა შარლოტას მამაც, მეფე ჟან II, რითაც იგი კვიპროსის დედოფალი გახდა. მან იცოდა, რომ მემკვიდრის გაჩენით ტახტს გაიმყარებდა და თანაც, გვედით მამაკაცი ქვეშევრდომების დამორჩილებაში დაეხმარებოდა. ამ მიზნით, 1459 წლის 7 ოქტომბერს დედოფალი შარლოტა მეორედ დაქორწინდა ჟენევის გრაფ ლუდოვიკო სავოიელზე. ეს ქორწინება გენუელთა შუამავლობით შედგა, რომელთაც არ აწყობდათ კვიპროსის ტახტზე ვენეციის მომხრე ჯეიმსის ასვლა.

1460 წელს ნიქოზიას ეგვიპტის სულთან საიფ ად-დინ ინალის მამლუქებმა შემოარტყეს ალყა. დედოფალი შარლოტა და მისი მეუღლე სასწრაფოდ გაიქცნენ კირენიაში. 1463 მამლუქებმა კირენიიც ციხესიმაგრესაც შემოარტყეს ალყა, რის გამოც მეფე-დედოფალმა დატოვა კვიპროსი და რომში, პაპ პიუს II-თან გაიქცნენ. ამით ისარგებლა შარლოტას ნახევარ-ძმამ, ჯეიმს II-მ და თავი კვიპროსის მეფედ გამოაცხადა. ამ დროს შარლოტა სულ 24 წლის იყო.

მოგვიანებით შარლოტამ დატოვა რომი და კუნძულ როდოსზე გადასახლდა, სადაც თავისი მეორე სამეფო კარი შექმნა. პაპის დახმარებით მან რამდენჯერმე სცადა ტახტის დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. 1473 წელს ჯეიმს II გარდაიცვალა, რის გამოც კვიპროსს რეგენტის სტატუსით მისი ქვრივი, ვენეციელი დედოფალი კატერინა კორნარო მართავდა, რომელმაც მალევე გააჩინა ახალი მეფე, ჯეიმს III. პატარა მეფე ერთ წელიწადში გარდაიცვალა და მიიჩნევა, რომ იგი შარლოტამ მოაწამლინა, რათა ტახტი დაებრუნებინა, თუმცა კვიპროსელებმა მოღალატე დედოფალს აღარ მისცეს ტახტი და ტახტზე კატერინა კორნარო დასვეს.

1482 წელს მისი მეორე ქმარიც გარდაიცვალა, ისე, რომ შარლოტას შვილი არ დარჩენია. 1483 წელს შარლოტამ დატოვა როდოსი და კვლავ რომში, პაპ სიქსტუს IV-ს შეაფარა თავი. რომში იგი პიაცა სკოსავალიში ცხოვრობდა, სადაც მას ასევე დევნილობაში მყოფმა ბოსნიის დედოფალი კატერინა ბოსნიელი მასპინძლობდა. მოგვიანებით შარლოტამ ნეაპოლის მეფე ფერდინანდ II-ის უკანონო ვაჟი, ალფონსო იშვილა და საკუთარი ვაჟივით ზრიდა.

დედოფალი შარლოტა გარდაიცვალა 1487 წლის 16 ივლისს რომში, 43 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, მისი დაკრძალვის ცერემონიალი კი თავად პაპმა ინოკენტი VIII-მ ჩაატარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cawley, Charles, Cyprus, Medieval Lands database, Foundation for Medieval Genealogy.
  • Women of History – C[full citation needed]
  • Mas Latrie, Histoire de l'île de Chypre sous le règne des princes de la maison de Lusignan. Paris, 1855, v. III, p. 152
  • K. Sathas, Mesaeonike Bibliotheke, v. 2, p. 99]:"sermone blando, et Craecorum more torrenti simili".
  • Sathas K. N. (1873) Mesaionike Bibliotheke ("Medieval Library"), vol. 2, "Chronos" Editions, Venice, table Z