კატერინა კორნარო
კატერინა კორნარო | |
---|---|
კატერინა კორნარო, შესრულებულია 1542 წელს, ტიციანის მიერ | |
კვიპროსის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 26 აგვისტო, 1474 |
მმართ. დასასრული: | 26 თებერვალი, 1489 |
წინამორბედი: | ჯეიმზ III |
მემკვიდრე: | სამეფო გაუქმდა |
კვიპროსის დედოფალ-კონსორტი | |
მმართ. დასაწყისი: | ნოემბერი, 1472 |
მმართ. დასასრული: | 10 ივლისი, 1473 |
წინამორბედი: | ელენე პალეოლოგინა |
მემკვიდრე: | სამეფო გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 ნოემბერი, 1454 |
დაბ. ადგილი: | ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა |
გარდ. თარიღი: | 10 ივლისი, 1510, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა |
მეუღლე: | ჯეიმზ II, კვიპროსის მეფე |
შვილები: | ჯეიმზ III, კვიპროსის მეფე |
დინასტია: | კორნაროები |
მამა: | მარკო კორნარო |
დედა: | ფიორენცა კრისპო |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კატერინა კორნარო (იტალ. Caterina Cornaro; დ. 25 ნოემბერი, 1454, ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა — გ. 10 ივლისი, 1510, ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა) — ვენეციელი არისტოკრატი. კვიპროსის დედოფალ-კონსორტი 1472-1473 წლებში როგორც მეფე ჯეიმზ II-ის მეუღლე. მეფე ჯეიმზ III-ის დედა. კვიპროსის დედოფალი 1474-1489 წლებში. მის დროს შევიდა კვიპროსის სამეფო ვენეციის რესპუბლიკის დაქვემდებარებაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატერინა დაიბადა 1454 წლის 25 ნოემბერს ვენეციაში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულისა და საღვთო რომის იმპერიის რაინდ მარკო კორნაროსა და მისი მეუღლის, ვენეციელი პატრიციის ასულ ფიორენცა კრისპოს ქალიშვილი. მამამისი იყო ვენეციის დოჟ მარკო კორნაროს შვილთაშვილი, რომელიც რესპუბლიკას 1365-1368 წლებში მართავდა. კატერინას მხოლოდ ერთი უფროსი ძმა ჰყავდა ჯორჯო კორნაროს სახით, რომელმაც შემდოგმში მამის მთელი ქონება მიიღო. აღსანიშნავია, რომ კატერინას დედის მამა, ნიკოლა კრისპო, იყო სიროსის სენიორი, ხოლო მისი მეუღლის მამა კი ლესბოსის მმართველი იყო.
კატერინა კორნარო ბავშვობიდანვე მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დიდგვაროვნად მთელ ვენეციაში, რის გამოც იგი გახდა ისეთი დიდი მხატვრების მუზა, როგორებიც არიან: დიურერი, ტიციანი, ბელინი და ჯორჯონე.
დედოფალ-კონსორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1468 წელს დედოფალ შარლოტას ჩამოგდების შემდეგ კვიპროსის ტახტი მისმა უკანონო ნახევარ-ძმამ, ჯეიმზ II-მ დაიკავა. მალევე ვენეციელებმა კატერინას ჯეიმზზე დაქორწინება მოისურვეს, რითაც ამ კუნძულოვან სახელმწიფოში თავიანთ სავაჭრო კავშირებს გაამყარებდნენ. მოლაპარაკებები ძალიან სწრაფად დასრულდა, რასაც 1468 წლის 30 ივლისს ვენეციაში მოჰყვა მათი მარიონეტული ქორწინება, რა დროსაც კატერინა სულ 14 წლის იყო. ამის გამო ვენეციელებმა მოიცადეს, სანამ ცოტა კიდევ არ გაიზრდებოდა და მხოლოდ 1472 წელს გააგზავნეს იგი კვიპროსში. აქ ისინი ამავე წლის ნოემბერში დაქორწინდნენ, რითაც კატერინა საბოლოოდ გახდა კვიპროსის დედოფალი.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქორწილიდან სულ რამდენიმე თვეში, 1473 წლის 10 ივლისს ჯეიმზ II მოულოდნელად გარდაიცვალა გაურვეველი დაავადებით. ამ დროს დედოფალი კატერინა უკვე ორსულად იყო, რის გამოც კვიპროსელებმა იგი რეგენტად დასვეს, სანამ მომავალი მონარქი გაჩნდებოდა. მალევე მან ახალი მეფე, ჯეიმზ III გააჩინა, რომლის მაგივრადაც ისევ თავად მართავდა ქვეყანას, თუმცა პატარა მეფე სულ ერთ წელიწადში, 1474 წლის 26 აგვისტოს გარდაიცვალა. დადიოდა ჭორები, რომ ჩვილი მეფის სიცოცხლე ვირუსმა შეიწირა, მაგრამ ასევე მუსირებდა ის აზრი, რომ იგი იტალიაში გაქცეულმა დედოფალმა შარლოტამ მოაწამვლინა, რომელსაც ტახტის დაბრუნება სურდა. კვიპროსელებს არ უნდოდათ ტახტზე შარლოტას დაბრუნება, თუმცა ტახტის სხვა კანონიერი მემკვიდრეები ცოცხლები აღარ იყვნენ, ქვეყანას კი მმართველი სჭირდებოდა, რათა მამლუქთა გამუდმებული შეტევები მოეგერიებინათ. ამის გამო, 1474 წელსვე კატერინა კორნარო გამოაცხადეს კვირპოსის დედოფლად.
როგორც ცნობილია, კატერინას მმართველობის პერიოდში კვიპროსს მთლიანად ვენეციელი ვაჭრები განაგებდნენ, 1489 წლის 26 თებერვალს კი დედოფალმა მთელი კვიპროსის სამეფო უბრალოდ მიჰყიდა ვენეციელებს. ისტორიკოსთა ცნობით დედოფალმა ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, 15 თებერვალს დატოვა დედაქალაქი ნიქოზია, რა დროსაც კვიპროსელები მას ცრემლებით აცილებდნენ.
ამრიგად, კატერინა კორნარო გახდა კვიპროსის უკანასკნელი მონარქი, რადგან ამის შემდეგ კვიპროსი ჯერ ვენეციის, შემდეგ ოსმალეთის, საბოლოოდ კი დიდი ბრიტანეთის ხელში გადავიდა.
დარჩენილი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1489 წელს კატერინა კორნარო დაბრუნდა მშობლიურ ვენეციაში, სადაც კვიპროსის სანაცვლოდ დოჟმა მას ასოლოს სენიორობა უბოძა. მან სწორედ ვენეციაში გაატარა მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1510 წლის 10 ივლისს, 55 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hunt, David; Hunt, Iro; Edbury, P. W; Joachim, Joachim G; Mullaly, Terence (1 January 1989). Caterina Cornaro, Queen of Cyprus. London: Trigraph in association with the Bank of Cyprus. ISBN 9780947961046.
- Hurlburt, Holly (1 January 2013). "À la Cypriota: Gentile Bellini, the Queen of Cyprus, and Familial Ambition.". In Frank, Mary E; De Maria (eds.). Reflections on Renaissance Venice: a celebration of Patricia Fortini Brown. Milan: Harry N. Abrams. pp. 32–39. ISBN 8874396341.
- Hurlburt, Holly (2015). Daughter of Venice: Caterina Corner, Queen of Cyprus and Woman of the Renaissance. Yale University Press. ISBN 978-0-300-20972-3.
- Hadjikyriakos, Iosif. Caterina Depicted. Actual Problems of Theory and History of Art: Collection of articles. Vol. 9. Ed: A. V. Zakharova, S. V. Maltseva, E. Iu. Staniukovich-Denisova. Lomonosov Moscow State University / St. Petersburg, NP-Print, 2019, pp. 686–691. ISSN 2312-2129.
|