შინაარსზე გადასვლა

ღვიძლასოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ღვიძლა სოკო)
ღვიძლასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ღვიძლასოკოსებრნი
გვარი:  ღვიძლასოკოები
სახეობა:  ღვიძლასოკო
ლათინური სახელი
Fistulina hepatica (Schaeff.) With. (1792)

ღვიძლასოკო (ლათ. Fistulina hepatica) — სოკოს სახეობა ღვიძლასოკოსებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ავსტრალიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას, აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკას.

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. საკვებად უმჯობესია ნორჩი ეგზემპლარები. იზრდება გადაბერებულ ცოცხალ ხეებზე, უპირატესად მუხაზე და მის ჯირკზე (იშვიათად სხვა ფოთლოვან სახეობებზე).

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Boletus hepaticus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ინგლისელმა ბოტანიკოსმა უილიამ უიზინგერმა 1792 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus hepaticus Schaeff. 1774 basionym
  • Fistulina buglossoides Bull. 1790
  • Boletus hepaticus Schaeff. 1774
  • Hypodrys hepaticus (Schaeff.) Pers.

ნაყოფსხეული ზომით 10—30 სმ, სისქეში 6 სანტიმეტრი, ხორციანი და მკვირვი. მჯდომარე ან მოკლე, სქელი გვერდითი ფეხით, ზოგჯერ სუბსტრატში ჩაფლული, ძირში მუქი ბუსუსებით.[3] განვითარების ადრეულ ეტაპზე ნაყოფსხეული წარმოადგენს ბოლქვისებრ გამონაზარდს ზომით 5 სმ-მდე, ნორჩობაში სოკო ფორმით, სტრუქტურითა და ზედაპირის შეფერილობით ხარის ენას მოგვაგონებს, კიდეები ბლაგვი, მოგვიანებით ფართოვდება და ღვიძლის ფორმას იღებს. კანი წებოვანია, წითელი, ნარინჯისფერი ან მოყავისფრო ელფერით, ხაოიანი, ასაკში ლაბისებრია.

რბილობი — მკვრივი და ხორციანი, რადიალურად ბოჭკოვანი, წვნიანი, ხორცისფერ-წითელი, მოთეთრო ძარღვისებური ჩანართებით.[4]

მოგვაგონებს ხორცს ან ღვიძლს. სუსტად გამოხატული ხილის სუნით, გემოზე მჟავეა,[5] ზოგჯერ მომწარო.

ჰიმენოფორი შედგება ცალკეული, კედლებით არშეზრდილი და ადვილად განცალკევებადი მილაკებისგან. ადრეულ სტადიებზე მილაკები შეუიარაღებელი თვალით განურჩეველია, მოგვიანებით მათი ფენის სისქე 1–1,5 სმ-ს აღწევს. ფორებიანი ზედაპირი ნოტიოა, ხშირად მოწითალო სითხის წვეთებით. ჩალისფერ-ყვითელი ან ვარდისფერი, ხელის დაჭერისას და ასაკთან ერთად იღებს მურა-წითელ შეფერილობას.

სპორების მტვერი — ვარდისფერი[6]ან წითელ-ყავისფერი, სხვა მონაცემებით — თეთრი. სპორები — 4,5×5 მკმ, თითქმის მომრგვალო.

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერქანის დამშლელი პარაზიტია. მკვიდრდება გადაბერებულ ცოცხალ მუხაზე და მის ჯირკზე (იშვიათად სხვა ფოთლოვან სახეობებზე). როგორც წესი იზრდება ხის ფესვებთან ახლოს ან ქვედა ნაწილში ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. ხშირად წვიმების შემდეგ ჩნდება.

გავრცელების არეალი მოიცავს ავსტრალიას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას, აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ და სამხრეთი აფრიკას. ღვიძლასოკო შესულია პოლონეთის,[7] ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ლიეტუვის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[8]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

ულუნიკალური გარეგნობის წყალობით, (ფერი და სითხე) რთულია მისი არევა სხვა რომელიმე სოკოში. თუმცა გამოუცდელ მესოკოვეს ის შესაძლოა აერიოს შხამიან სახეობაში Hapalopilus nidulans.

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, რომელსაც ახასიათებს ძლიერ გამოხატული მომჟავო გემო. საკვებად უმჯობესია ახალი და ნორჩი ეგზემპლარები. სიბერეში უხეშია. იჭმება შემწვარი, მოხარშული და უმი სახით.[9] ინახავენ ცხიმში ან ძმარში.[10] გამოიყენება სხვადასხვა სალათებშიც, თუმცა რთულად მოსანელებელია და მისი დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდირებული არაა.

ღვიძლასოკო მდიდარია C ვიტამინით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Schaeff. (1774) , In: Fung. Bavar. Palat. 4:82
  2. With. (1792) , In: Bot. Arr. Brit. Pl., Edn 2 (London) 2:405
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 46, ISBN 99940-856-1-1.
  4. Fistulina hepatica (Schaeff.) With.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-05. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2022.
  5. Czesław Narkiewicz, Grzyby chronione Dolnego Śląska, Jelenia Góra: Wydawnictwo Muzeum Przyrodniczego, 2005, ISBN 83-89863-20-0.
  6. Funga Nordica. Copenhagen: Nordsvamp. 2008. p. 40 & 250.
  7. Zbigniew Mirek i inni, Czerwona lista roślin i grzybów Polski, Kraków: W. Szafer Institute of Botany, PAN, 2006, ISBN 83-89648-38-5.
  8. Czesław Narkiewicz, Grzyby chronione Dolnego Śląska, Jelenia Góra: Wydawnictwo Muzeum Przyrodniczego, 2005, ISBN 83-89863-20-0.
  9. J. Guthmann: „Taschenlexikon der Pilze Deutschlands“ (2011), S. 299.
  10. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 566-567, ISBN 3-405-12116-7