ქვემო ალევის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ალევის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალევში.

ალევის ე.წ. ოქროსკარიანი სამება ახალგორის ჩრდილო-აღმოსავლეთით უნაგირას მთის ერთ-ერთ წვერზე მდებარეობს. მთას ადგილობრივი მოსახლეობა ლორწომის კლდეს უწოდებს. ალევის სამება საკმაოდ განთქმული სალოცავი იყო მთელ აღმოსავლეთ საქართველოში. ეკლესია დარბაზულია, სწორკუთხა საკურთხევლითა და ტრომპებზე დაყრდნობილი კონქით. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა კამარული გადახურვა. კამაროვანი გადახურვა საბრჯენი თაღებითაა შემაგრებული. შიდა სივრცე განათებულია აღმოსავლეთის ერთი, ხოლო დასავლეთის სამი სარკმლით. ცენტრალურ დარბაზს ჩრდილო, დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან აქვს მინაშენები, რომლებშიც შესასვლელებია გაჭრილი. მთავარ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს მეორე ეკლესია, მომრგვალებული საკურთხევლით. ალევის სამება ნაგებია ქვის ბლოკებით და აქვს სადა ფასადები. ალევის სამებას გარს უვლის ფლეთილი ქვით ნაგები, ოვალური ფორმის გალავანი, რომელსაც შიგნითა მხრიდან რამდენიმე ნაგებობა აქვს მიშენებული. სამხრეთის მხარეს მიშენებული გრძელი ვიწრო შენობა სავარაუდოდ ორსართულიანი იყო. ქვედა სართული მიწაშია, ზედა სართულის კარი კი მიწის დონეზე. შენობას კედლებზე ეტყობა სართულშორის გადახურვის ძელების ფოსოების კვალი. სავარაუდოდ შენობა სატრაპეზოს წარმოადგენდა. გალავანს გარეთ ორმოცამდე წვრილი სათავსოს ნაშთებია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 25050