დვალები
დვალები — ქართველი კალიგრაფები. მოღვაწეობდნენ მეტწილად იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სინის მთაზე და უცხოეთში მოქმედ სხვა ქართულ მონასტრებში, ზოგიერთი — საქართველოში. ცნობილია იოანე, მიქელ, სტეფანე და გიორგი დვალები.
იოანე დვალი ცხოვრობდა XI საუკუნეში. მას გადაუწერია „თვენი“ (ალექსანდრე ცაგარლის კატალოგი №36). 1055 წელს მანვე გადაწერა „წმინდა ბასილის ცხოვრება“ (ა. ცაგარლის კატალოგი №105), რომელშიც დაწერილია ნუსხურით, ლამაზი ხელით, შემკულია მშვენიერი თავსამკაულებითა და საზედაო ასოებით. სავარაუდოდ, ამავე იოანეს ხელითაა ნაწერი ავგაროზ მეფის აპოკრიფული ამბავი ალავერდის ოთხთავში (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A–484). არსებობს მოსაზრება (რ. შმერლინგი), რომ მთელი სახარების გადამწერნი მიქელი და გიორგი დვალები იყვნენ.
მიქელის გადაწერილია ნუსხური „ჟამნი" (ა. ცაგარელის კატალოგი, № 23). იგი აგრეთვე მოხსენიებულია იოანე ოქროპირისეულ იოანეს სახარების თარგმანების ანდერძში (ა. ცაგარელის კატალოგი, № 145); შესაძლოა მისივე იყოს 1049 წლის სვინაქსარიც (ა. ცაგარელის კატალოგი, № 142).
სტეფანე დვალმა გადაწერა ჟამისწირვათა კრებული (ნ. მარის კატალოგი, № 89), გიორგიმ — სინას მთის მონასტრის მეორე კრებული (ი. ჯავახიშვილის კატალოგი, № 36). ხელნაწერთა თარიღები უცნობია. გიორგი დვალმა (სავარაუდოდ — სხვა) გადაწერა ლაბეჭინის ოთხთავი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი A–1563), რომელსაც XIII ს-ს მიაკუთვნებენ. იგი ნუსხურით ნაწერი მომცრო წიგნია; საზედაო ასოები სინგურითა და მელნითაა შესრულებული, ზოგი ასო ასოშია ჩასმული, ნაწერი მკაფიოა, ნაკლებად გადაბმული. აღარ იგრძნობა X-XI საუკუნეების სიმკაცრე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 490.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.