დიდოეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდოეთი კავკასიის 1450 წლის რუკაზე

დიდოეთი — ისტორიული რეგიონი დღევანდელი დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მოიცავს მდინარე მეტლუდას აუზს, ხოლო ადმინისტრაციულად შედის წუნტის რაიონში, ბეჟტის მონაკვეთში და ნაწილობრივ წუმადის რაიონში. ისტორიულად იმყოფებოდა საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ. XVIII საუკუნიდან დიდოეთი ავარიის სახანომ დაიპყრო.

გეოგრაფიული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდოეთი დაღესტნის უკიდურეს მთიანეთში — მიტლუდის წყლისა (ყადორის უღელტეხილიდან იღებს სათავეს) და მისი შენაკადების ხეობებში მდებარეობს ზღვის დონიდან 1600-2200 მ-ზე. იგი მოქცეულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი მთაგრეხილის ჩრდილოეთ კალთებზე და მოიცავს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას — ყადორის უღელტეხილიდან ჩრდილოეთით ვიდრე საჰადამდე, ხოლო ქიდიროდან დასავლეთით სოფელ ქიმიაჰლამდე. განმხოლოებით მდებარეობს ორი დიდოური სოფელი: ხუშეთი და ქიჲონი, რომლებსაც სამხრეთით თუშეთი ესაზღვრება, ჩრდილოეთით — ხუნძური სოფლები, აღმოსავლეთით დიდოეთი, დასავლეთით ჩეჩნეთი.

დიდოეთს (და დიდოურ ენას) სამხრეთ-დასავლეთით, კავკასიონის მთავარი ქედის მთლიან გაყოლებაზე, უშუალოდ ესაზღვრება საქართველო (შიგნიკახეთი და თუშეთი), ჩრდილოეთით მჭიდროდ ეკვრიან ხვარშიელები და ანდიელები, აღმოსავლეთით — ბეჟიტელ-ჰუნზიბელები და ჰინუხელები.

საქართველოდან დიდოეთში ძირითადად ორი გზა მიდის — ერთი ყადორის უღელტეხილიდან, მეორე კი თუშეთიდან (დიკლო-ხუშეთის გზა).

დიდოეთი გარეშემორტყულია მაღალი მთებით, რომელბიც მარადიული თოვლითაა დაფარული. დიდოეთი ალპურ ზონაში მდებარეობს და შესაბამისად მთაში ცოტაა მცენარეული საფარი. ზამთარში დიდთოვლობის დროს ხეობაში მიმოსვლა წყდება. გაზფხულზე კი გამდნარი თოვლისაგან ადიდებული მდინარეები გზად ასწორებენ ყველაფერს.

დიდოეთი ვახუშტის რუკაზე

ვახუშტი ბატონიშვილი დიდოეთს ასე აგვიღწერს:

ვიკიციტატა
„ხოლო თუშნი და დიდონი უკჱთუ არიან წილნი ლეკოსისა, არამედ შემდგომად მეფეთა ქართველთა დაპყრობილი, ვითარცა ვიხილავთ, და მოხარკენი მათნი, და უკანასკნელის განდგომილებისა, ვინადგან დავითსა ზედა დაშთნენ ნამსახურად დიდონი, და მიერითგან მორჩილებენ კახთ მებატონეთა. არამედ შემდგომად თუშეთი დაიპყრა ე მეფემან ლევან, ამისთვის აწცა ჯერ არს აღწერად კახეთსა ზედა. ხოლო დიდოეთი არს ლოპოტისა, გრემისა, შილდა-ყვარელისა და ჭიაურის აღმოსავლით, კავკასის მთის ჩრდილოთ კერძოსა შინა. და არს დიდოეთი ორ-ჴეობად, და დის მის შორის მისივე მდინარე, რომელსა ლეკეთს ეწოდების ყოზლუხი და უმეტეს ვაკესა შინა. ამ ჴევის აღმოსავლეთით არს მეორე ჴევი, და განყოფს ამ ორ ჴევს კავკასი მათვე შორისი, და ამისი მდინარეცა მიერთვის მის მეორეს ჴევის მდინარესა. ხოლო მზღვრის ამ ორს ჴეობას დიდოეთისასა: აღმოსავლეთით კავკასი, ჱავარისა, ლეკეთისა და ამას შორისი; სამჴრით მდინარე ამისივე და კავკასიიდამ ჩამოსული კავკასივე ჩდილოთ მდებარე; დასავლით მთა კავკასი, ამასა და გამღამჴარის კახეთს შორისი; ჩდილოთ კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი. და არს ქვეყანა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი მტერთაგან, მწირი ვითარცა აღვსწერეთ ოსეთი, და უმეტესადცა მისსა[1].“

იოანე ბატონიშვილი თავის „ქართლ-კახეთის აღწერისას“ დიდოეთის, როგორც კახეთის დაქვემდებარებაში მყოფი მხარის დასახლებულ პუნქტებსაც ეხება[2].

დიდოელები სასოფლო საზოგადოებათა სამხედრო-პოლიტიკურ და ტერიტორიულ-ეთნიკურ კავშირებში (თავისუფალ საზოგადოებებში) იყვნენ გაერთიანებული. ის სამი ნაწილისგან შედგებოდა: დიდო-შურატლი (13 სოფელი), დიდო-ასახი (9 სოფელი) და დიდო-შაიტლი ანუ ილანხევი (12 სოფელი).

სოციალური თვალსაზრისით, დიდოელთა ჯამაათები (თემები) თითქმის ერთგვაროვანი იყო. მათ შორის უმნიშვნელო რაოდენობით იყვნენ მონები, სამხედრო ტყვეები და მათი შთამომავლები. მოსახლეობა შედგებოდა თავისუფალი, დამოუკიდებელი ოჯახებისგან, რომლებსაც საკუთრებაში სახვნელი და სათიბი მიწები ჰქონდათ. სათიბების ნაწილი, საძოვრები და ტყეები მთელი თემის საერთო საკუთრებაში შედიოდა.

სასოფლო მმართველობა სასოფლო ყრილობისა და უხუცესებისგან შედგებოდა. სასოფლო ყრილობა ჯამაათის უმაღლესი ორგანო იყო. ადათსა და შარიათზე დაფუძნებულ სამართალწარმოებასაც უხუცესები წარმართავდნენ. ყრილობაში ყველა სრულწლოვანი მამაკაცი მონაწილეობდა. ჯამაათები მონათესავე ოჯახთა ჯგუფების - თუხუმებისგან შედგებოდა. გადმოცემით, ზოგიერთი თუხუმი უცხოეთნიკური წარმოშობისაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდოელებს თავისი არსებობის მანძილზე არ გააჩნდათ სახელმწიფოებრიობა. დიდო საქართველოს გავლენის ქვეშ მყოფი დაღესტნის მხარე იყო. დიდოში კახეთიდან (შტორის ხევიდან) და თუშეთიდანაა შესასვლელი. ლეონტი მროველი დიდოეთს ძვ. წ. II საუკუნის მოვლენებთან დაკავშირებით იხსენიებს. დიდოელებს იხსენიებს პლინიუს უფროსი, როგორც კავკასიის ერთ-ერთ ტომს. პლინიუსისა და კლავდიუს პტოლემაიოსის (II საუკუნე) მონაცემებით, დიდოები და მონათესავე ტომები დიდოს (დიდურების) ტომთა კავშირში შედიოდნენ. იბერიასთან დიდოეთის პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა რეალურად ჩანს V საუკუნიდან. ამ დროიდან დიდოში საქართველოდან ქრისტიანობა ვრცელდებოდა. მაგრამ ახალმა რელიგიამ აქ ფეხი მყარად ვერ მოიკიდა. დიდოეთი და გაღმამხარი შედიოდა ნეკრესის საეპისკოპოსოში. კვირიკე დიდი ქორეპისკოპოსი დიდოეთს შტორის საერისთავოში იხსენიებდა. XII-XIII საუკუნეებში დიდოეთი საქართველოს სამეფოდ ყმადნაფიცი გახდა. თამარის დროს დიდოეთი ფხოვთან ერთად აუჯანყდა მეფის ხელისუფლებას. აჯანყება ჩააქრო ივანე ათაბაგმა. XV საუკუნიდან დაიწყო დიდოელთა ისლამიზაცია. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ, დიდოეთი კახეთის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა. მეფე გიორგი VIII-მ დიდოეთში სამოურავო დააწესა. XVII საუკუნეში დიდოეთი განუდგა კახეთის სამეფოს. XVIII საუკუნის I მეოთხედში ეკონომიკური დაინტერესების გამო პოლიტიკურად კვლავ კახეთის სამეფოს ემორჩილებოდა. XVIII საუკუნის II ნახევრიდან დიდოეთი ქართლ-კახეთის სამეფოს გამოეყო. საბოლოოდ ისლამი დიდოელებში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში დამკვიდრდა.

ხუნძახელი ხანების გაძლიერებული ექსპანსიის შედეგად დიდოს ბევრი სასოფლო საზოგადოება ჩამოშორდა. დიდოელები აქტიურად მონაწილეობდნენ განმათავისუფლებელ ბრძოლაში, რომელსაც შამილი ედგა სათავეში. ამ ბრძოლაში ისინი 1840-იანი წლების დასაწყისში ჩაებნენ. რუსეთის მიერ დაღესტნის დაპყრობის შემდეგ, დიდოელები (ცეზები) დაღესტნის ოლქის დიდოს სანაიბოში შედიოდნენ. ისინი 1877 წლის ანტიკოლონიურ აჯანყებაშიც მონაწილეობდნენ. 1910 წლის გაზაფხულზე რუსეთის მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილების მიერ დიდოეთში მივლინებული იყო არქეოლოგიური ექსპედიცია ნ. მოგილიანსკის ხელმძღვანელობით. იქედან გამომდინარე რომ არც რუკებზე და არც ფიზიკურად გზები არ არსებობდა, მოგილიანსკი ჯერ ტემირ-ხან-შურაში ჩავიდა, იქედან კი სოფელ ბოტლიხში გადავიდა, სადაც დახვდა ანდის ოკრუგის მმართველი ა. გველესიანი. მეორე დღისით კი მგზავრები ცხენით დიდოეთის სოფელ შაიტლში ჩავიდნენ.

დიდოელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდოელები დასავლეთ დაღესტანში მცხოვრები ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხალხია. დაღესტნის ხალხებიდან ქართველ ხალხს უშუალო კონტაქტი და ურთიერთობა დიდოელებთან ჰქონდა - დიდო საქართველოს ემეზობლებოდა. ქართულ წყაროებში დიდო და დიდოელები არაერთხელ არიან მოხსენიებული.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ქართლში ცხოვრობდნენ ბუნ-თურქნი ანუ ყივჩაღნი, რომელთაც გამაგრებული ციხეები ჰქონდათ მტკვრის პირას და ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ ბრძოლისას გაიხიზნენ კავკასიის მთებში.

ვიკიციტატა
„ამან ალექსანდრე დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. ესე გამოვიდა დასავლით, და შევიდა სამჴრით, შემოვიდა ჩრდილოთ, გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად. და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა. რამეთუ ცოლ-ქმრობისა და სიძვისათჳს არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს, ვითარცა მჴეცნი და პირუტყუნი, რომელთა ქცევისა წარმოთქმა უჴმ არს. და იხილნა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა-იგი ჩუენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდთ, მსხდომარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვევით, დაუკჳრდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არა რომელნი ნათესავნი იქმოდეს მას და ენება რათა-მცა აღმოფხურნა იგინი ქალაქებისა მისგან, არამედ მას ჟამსა ვერ უძლო, რამეთუ პოვნა ციხენი მაგარნი და ქალაქნი ძლიერნი. კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველნი, და დაეშენნეს იგინი-ცა ქართლს.

შემდგომად ამისსა განძლიერდა ალექსანდრე და დაიპყრა ყოველი ქუეყანა, და აღმოვიდა ქუეყანასა ქართლისასა. და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლ: წუნდა, ხერტჳსი მტკურისა, ოძრჴე მოკიდებული კლდესა ღადოსსა, თუხარისი მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქჳან ჭოროხი, ურბნისი, კასპი და უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე-დიდი და ზანავი, უბანი ურიათა, და რუსთავი, და დედა-ციხე სამშჳლდე, და მტუერის-ციხე, რომელ არს ხუნანი, და კახეთისა ქალაქნი. ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად მბრძოლნი. და განუყო ლაშქარი თჳსი და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა, და თჳთ დადგა მცხეთას. და დაუდგინნა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოთ და ქუემოთ, და თჳთ დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსა ჰქჳან ნასტაკისი.

ხოლო მტუერის-ციხესა და თუხარისსა არა ჰბრძოდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა დაპყრობად. ხოლო სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექუს თუე. ხოლო სარკინელთა ბუნთურქთაგანთა აგინეს მეფესა. განუწყრა ალექსანდრე და არღარა ინება ზავი, და ვედრება მათი არა შეიწყნარა, და რქუა მათ: "ვინათგან მაგინეთ მე, ესე არს ნაცვალი თქუენი, რათა დაგჴოცნე ყოველნი". და მოიცვა ქალაქი სარკინე, და ვერა სადეთ განერა ერთი-ცა კაცი. ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა თერთმეტ თუე. იწყეს ფარულად კლდესა კაფა, და განჴურიტეს კლდე იგი, რომელი ლბილ იყო და ადვილად საჴურეტელი. და განკრბეს ჴურელსა მას სარკინელნი ღამე, და შეივლტოდეს კავკასიად, და დაუტევეს ცალიერად ქალაქი.“

მეფის რუსეთის დროს დიდოელებს ხშირად ლეზგინებად მოიხსენიებდნენ. ჩვეულებრივ, ტერმინით „დიდოელებით“ იხსენიებენ საკუთრივ დიდოელებს (საკუთარი სახელწოდება დიდ. цезы, მომდინარეობს სიტყვიდან цеи — არწივი), ჰინუხელებს, კაპუჭელებს (საკუთარი სახელწოდება კაპუჭას სუკო ან ბეჟტ'ას სუკო, ცხოვრობენ ბეჟტას მონაკვეთში) და ჰუნზიბელებს (საკუთარი სახელწოდება ენზეესი). რაოდენობა 30 ათას კაცამდე აღწევს, თუმცა მონაცემები დაუზუსტებელია — დიდოელები ოფიციალურად ხუნძებად აღირაცხებიან და ცალკე ეროვნებად არ გამოიყოფიან.

დიდოელები ანთროპოლოგიურად დაღესტნელთა დასავლურ ვარიანტს მიეკუთვნებიან. ისინი კავკასიელთა კლასიკური წარმომადგენლები არიან. მკვლევარი მაქსიმ კოვალევსკი აღნიშნავდა, რომ დიდოელებში ხშირად გვხვდებიან ქართული ტიპისანი. ის ამ ფაქტს იმით ხსნიდა, რომ საქართველოს მოსაზღვრედ მცხოვრები დიდოელები ბევრ ტყვეს იტაცებდნენ. ტყვეებს, რომელთა გაყიდვასაც ვერ ახერხებდნენ, თავიანთ შორის ასახლებდნენ.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ურთიერთდახმარების წეს-ჩვეულებას. ურთიერთდახმარება იცოდნენ როგორც თუხუმის, ისე თემის შიგნით. დიდოელებში (ცეზებში) ადრე შუა საუკუნეებიდან ოჯახის გაბატონებული ფორმა იყო პატარა ოჯახი. XX საუკუნის პირველ ათწლეულებამდე შემორჩენილი იყო დიდი, გაუყოფელი ოჯახებიც. ქორწინება ძირითადად შუამავლების საშუალებით ხდებოდა. XX საუკუნის დასაწყისამდე ქორწინების სხვა ფორმებიც არსებობდა: მოტაცება, გაპარვა, გაცვლითი ქორწინება, ლევირატისა და სორორატის ფორმები. ვახუშტი ბაგრატიონი დიდოელთა შესახებ წერს: “მოგურის მამა თუისა მცირესა ძესა თუისსა ცოლსა და, ვიდრე აღიზრდების ძე მისი იგი მცირე თუით მამა თანაეყოფის აღრევითა დედაკაცსა მას; ხოლო ოდეს აღიზრდების ძე მისი, მაშინ მისცემს მას ძესა დედაკაცს მას ცოლად და განუყოფს შვილთაცა, რომელნი უგის მის დედაკაცსა თანა შობილი მამასა, ნახევარს მისცემს ძესა, და არს ძე ძისა მისისა და ნახევარსა დაიპყრობს თუით, და ძმა არს ძისა მისისა, მის ქალის ქრმისა”. “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის” ავტორი წერდა, რომ დიდოელთა რამდენიმე ძმა “ერთსა დედაკაცსა მოიყვანებენ ცოლად”. დიდოელებმა იცოდნენ უმძრახობა. გაბატონებული იყო უფროსების პატივისცემა, თოხუმური სოლიდარობა; ტრადიციული იყო სტუმართმოყვარეობა, ძმადგაფიცვა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ დაღესტნის მაღალმთიანეთში დიდოელები კომპაქტურად წუნტის რაიონში ცხოვრობენ. მკვიდრობენ საქართველოშიც. საბჭოთა პერიოდში დიდოელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კასპიისპირეთის დაბლობში გადასახლდა. გარდა ქართველებისა (კახეთი, თუშეთი), დიდოები ხუნძებს, კაპუჭელებს (ბეჟტიელებს) ემეზობლებიან.

იოანე ბაგრატიონი დიდოს ხეობის კომლთა რიცხვს 1671-ით განსაზღვრავს. ვფიქრობთ, ეს ციფრი გადამეტებულია, რადგან როგორც ჩანს, მასში სხვა ეთნოსთა წარმომადგენლებიც (მაგალითად, ბეჟტიელები) ჰყავს შეყვანილი. 1989 წლის მონაცემებით, დიდოელების საერთო რაოდენობა 9 ათასი კაცია (სხვა მონაცემებით 7500-8000 კაცი).

1910 წლისთვის დიდოეთში ცხოვრობდა 5340 ადამიანი და იყო 36 სოფელი გაერთიანებული 9 თემში.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდოელები სუნიტი მუსლიმები არიან. დიდოეთში თავის დროზე საქართველოდან ქრისტიანობაც ვრცელდებოდა და ბევრი პატარა ქრისტიანული ეკლესიაც აუგიათ. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობა დიდოელთა ცხოვრებაში ღრმად ვერ შეიჭრა. მუსლიმობაც დიდოებში გვიან გავრცელდა, ვიდრე დაღესტნის სხვა ხალხებში. შემორჩენილია წარმართული რელიგიური რწმენა-წარმოდგენები: მიწის, მთვარის, მზის, ცის, ცეცხლის, მთის, მდინარის კულტი, ანიმისტური, ტოტემისტური და მაგიური ელემენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდოელთა რწმენა თეთრი ქვის კულტის შესახებ, კალენდარული დღესასწაულებიდან - პირველი ხნულის გავლება. დიდოელთა ფოლკლორი ორენოვანია (ცეზური და ხუნძური). დიდოელი მკურნალები ცნობილი იყვნენ დაღესტნის სხვა სოფლებშიც. ვახუშტი ბაგრატიონი დიდოელთა სარწმუნოებისა და თვითშეგნების შესახებ საკმაოდ კრიტიკულად წერდა: “ენა აქუსთ თუისი საკუთარი, სარწმუნოებით არიან კერპნი და უმეტეს ეშმაკის მორჩილნი... არა უწყიან სრულიად ღმერთი, არცა ნათესავი და ნათესაობა”.

დიდოური სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდოური სახლი ძირითადად კლდისაგან ჩამოშლილი ქვის ფილებით იგებოდა, რომელთა შორის არსებული ღრიჭოები თიხიანი ტალახით ივსებოდა. ჭერი როგორც წესი ეყრდნობოდა ხის ბოძებს. დიდოური სახლი შედგებოდა შემდეგი განყოფილებისაგან: საცხოვრებელი სახლი (ვიდკუ), ცხენის თავლა ან სარაია (რეჩუ), ნავესი (ოც), საკუჭნაო (ბოტლი), შეშის სარაია (ლაგონე). მათ სახლში შემდეგი განლაგება აქვთ: ქვევით სარაია, მასზე დგას საცხოვრებელი სახლი, ხოლო ზემოდან ზვინის შესანახი. საცხოვრებელს მართკუთხედის ფორმა აქვს. აშენებულია ქვის ფილებით უდუღაბოდ. შიგნიდან ამოლესილია მიწით. იატაკი მიწისაა. სამხრეთი მხარე ხის ბოძებიანი დახურული გალერეაა. კარები მომცროა. ფანჯრები — კვადრატული, რომლებშიც ხის დახვრეტილი ფირფიტებია ჩადგმული. საცხოვრისს ასევე აქვს ღრიჭოები თოფის სასროლად. სახურავზე არის მინით დაფარული ხვრელები სინათლის შემოსასვლელად.

დიდოელთა დასახლება ისტორიულად ჩამოყალიბდა. ადრე შუა საუკუნეებში დიდოელებში, ისევე როგორც დაღესტნის სხვა ხალხებში, გავრცელებული იყო ნათესაური კოლექტივების მცირე დასახლებები, რომლებიც, როგორც ფიქრობენ, თუხუმური გახლდათ. XII-XIV საუკუნეებში ასეთი მცირე დასახლებები გამსხვილდა. ხეობებში განთავსებულ დიდოელთა საფეხურებრივ-შეჯგუფული დასახლება მთის ფერდობებზე იყო შეფენილი. დასახლებას შემოვლებული ჰქონდა თავდასაცავი კედლები, ხშირად კი - თავდასაცავი კოშკები. თავდასაცავი კოშკების დიდი რაოდენობა, აგრეთვე “ციხე-სახლები” XIX საუკუნის 40-50-იან წლებში კავკასიური ომების დროს დაანგრიეს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდოელები ძირითადად მისდევენ მიწათმქმედებას, მესაქონლეობას, მეფუტკრეობას, ნადირობას, მეთევზეობას და მეტყევეობას. მეცხოველეობა დიდოეთის ძირითადი დარგია, რომელიც ყველაზე კარგადაა განვითარებული. ცხოველებიდან ყავთ ცხენი, ცხვარი, თხა, კამეჩი და ძროხა. რელიეფიდან და კლიმატიდან გამომდინარე მიწათმოქმედება შედარებით სუსტადაა განვითარებული. ასევე სუსტადაა განვითარებული მეფუტკრეობაც.

დიდოელთა ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მომთაბარე მეცხვარეობა იყო. ჰყავდათ დუმიანი დიდოური, თუშური და ანდიური ჯიშის ცხვარი. საქონლის დიდი ნაწილი ზამთარში კახეთისა და საინგილოს საძოვრებზე ჰყავდათ. ადგილზე მხოლოდ პირუტყვის მცირე რაოდენობას ტოვებდნენ. სახვნელი ფართობები ძირითადად მთის ფერდობებზე ჰქონდათ მოწყობილი (დიდოელებს ტერასები არ ჰქონდათ). განვითარებული იყო გარე სამუშაოზე სიარული. ძველთაგანვე მისდევდნენ ლითონების დამუშავებას. ხელოსნობის დარგებიდან შეიძლება დავასახელოთ მჭედლობა, წინდებისა და ჩექმების ქსოვა, ხურჯინების კეთება, ხისა და ქვის დამუშავება. გაცვლითი ვაჭრობა ჰქონდათ მხოლოდ საქართველოსთან.

ვაჭრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდოელებს თითქმის ისეთივე ტიპის ტანსაცმელი ჰქონდათ, როგორიც დაღესტნის სხვა ხალხებს: მამაკაცთა ქამარი ვერცხლით იყო მორთული. იცვამდნენ შალისგან მოქსოვილ ჩექმებს. დიდოელებს საუკუნეების განმავლობაში გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდათ საქართველოსთან. გასაყიდად ჩამოჰქონდათ მატყლი, მაუდი, ტყავი, გამომშრალი ხორცი, ცხიმი, ერბო, ყველი. აქ კი იძენდნენ პურს, ქსოვილს, ტანსაცმელს, ხილს, ხელოსნობის ნაწარმს და სხვ. “და კახეთის მხრისანი ჰყმობენ კახთა მეპატრონეთა და აძლევენ ხარკთა და არა ლაშკართა, რათა ვიდოდნენ სავაჭროდ კახეთს, ვინაითგან ზიდვენ კახეთიდამ საზრდელსა, საშიშლოსა და სახმარსა თუისსა”.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდოეთის ტყეებში მრავალი ნადირია. გვხვდება: დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, ირემი, გარეული თხა, ფოცხვერი და სხვა.

დიდოური ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდოური ენის გავრცელების არეალი

დიდოელები ლაპარაკობენ დიდოურ (ცეზურ) ენაზე. სალიტერატურო ენად იყენებენ ხუნძურს. საბჭოთა ხელისუფლების დროს დიდოელებს ხუნძებად აღრიცხავდნენ. დიდოურ ენაში გამოიყოფა ორი დიალექტი: საკუთრივ დიდოური და საჰადური. საჰადურ დიალექტზე ლაპარაკობენ აულების - საჰადის, მითლუდისა და თლაცუდის მცხოვრებნი. სხვა დიდოური აულების მცხოვრებნი დიდოურ დიალექტზე მეტყველებენ, რომელიც თავის მხრივ, კილოკავებად იყოფა. ენათმეცნიერთა დასკვნით, დიდოური ენის ლექსიკაში ბევრია ხუნძურიდან შეთვისებული სიტყვები. შეიმჩნევა ქართული ენის გავლენაც.

XIX საუკუნეში ბევრი დიდოელი ქართულადაც მეტყველებდა, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ საუკუნეების განმავლობაში მათ მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ კახეთის მოსახლეობასთან. კასპიისპირეთში ჩასახლებული დიდოელები ყუმუხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ლაპარაკობენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 541.
  • ბოცვაძე თ., საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან XV-XVIII სს, თბილისი, 1968
  • თოფჩიშვილი რ., ჟურნალი “ისტორიანი”, 2012 წლის ოქტომბრის ნომერი #10/22
  • მეტრეველი რ., მთიელთა აჯანყების საკითხისთვის XIII საუკუნის ათიან წლებში, „განთიადი“, N2, 1977
  • Известия грузинских летописей и историков о Северном Кавказе и России — описание Осетии, Дзурдзукии, Дидоэтии, Тушетии, Алании и Джикетии // СМОМПК. Вып. 22. Тифлис, 1897. С. 1—58.
  • Н. М. Могилянский. «Поездка в нагорный Дагестан» . Живая старина . Периодическое издание отделения этнографии ИРГО. Вып.IV. Петроград. Типография В.Д Смирнова. 1917 г.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 168-170
  2. იოანე ბატონიშვილი, „ქართლ-კახეთის აღწერა“