ფიჭვნარი (ტყე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიჭვნარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ფიჭვნარი — ნათელი წიწვოვანი ტყე, სადაც გაბატონებულია ფიჭვი. გავრცელებულია უმთავრესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროსზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების ტყისა და ტყე-ველის ზონაში, აგრეთვე მთა-ტყის სარტყელში. იზრდება ქვიშაზე, კირქვაზე, ეწერ და ტყის ყომრალ ნიადაგსა და ტორფიან ჭაობზე. ფიჭვნარები ხშირია ჩრდილოეთ ამერიკაში, მექსიკასა და ვესტინდოეთში. მთებში, ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების ზღვის სანაპიროზე და მთაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ჩინეთი, ბირმა, კამპუჩია, იაპონია, ფილიპინები). სუბტროპიკული ფიჭვნარები მთის ტყეების სარტყელს ქმნიან. ბორეალური ფიჭვნარი გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევრაზიის ვაკეებზე. კანადაში ისინი გავრცელებულია ქვიშიან ნიადაგსა და ტორფიანებზე, სადაც ვეიმუთისა და ბანქსის ფიჭვებია გაბატონებული. ევრაზიაში ფიჭვნარები შექმნილია ძირითადად ჩვეულებრივი ფიჭვით, ციმბირშიჩვეულებრივი ფიჭვის გარდა — ციმბირული ფიჭვით, საქართველოს ფიჭვნარებს ძირითადად სოსნოვსკის ფიჭვი ქმნის. მისი დიდი მასივებია სამცხე-ჯავახეთში, მთათუშეთსა და მდინარე ტანის ხეობაში (გორის რაიონი). ეს ფიჭვნარები გვხვდება როგორც წმინდა, ისე შერეული სახითაც წიფელთან, ნაძვთან, სოჭთან და არყთან ერთად. მცირე ქანობის ფერდობებზე მაღალი წარმადობის, ძირითადად ერთხნოვანი, შედარებით რთული სტრუქტურის ფიჭვნარებია, ციცაბო, მწირ, კლდოვან ფერდობებზე კი — წმინდა და ნაირხნოვანი. ბიჭვინთის კონცხზე იზრდება ბიჭვინთის ფიჭვის უნიკალური კორომი. საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარზე, ეილარ-ოუღის ქედის ფერდობებზე გვხვდება ელდარის ფიჭვის მეჩხერი კორომი. საქართველოში ფიჭვნარებს 91,6 ათ. ჰა უკავია, მათი მერქმნის მარაგი 11,8 მლნ. კბ/მ აღწევს. დიდია ფიჭვნარის ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, საკურორტო, სანიტარული-ჰიგიენური, ესთეტიკური და სხვა მნიშვნელობა. ფიჭვნარის ჰაერი მდიდარია ოზონით. ფიჭვნარები დიდი ოდენობით გამოყოფენ ფიტონციდებსა და ეთერზეთოვან აირებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]