შინაარსზე გადასვლა

ფიტონციდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიტონციდები (ბერძ. phyton — მცენარე და ლათ. caedo — ვკლავ) — მცენარეთა მიერ წარმოქმნილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც კლავენ ან ზღუდავენ ბაქტერიების, მიკროსკოპული სოკოებისა და უმარტივესთა ზრდა-განვითარებას. აღმოაჩინა საბჭოთა მეცნიერმა ბორის ტოკინმა 1928 წელს. მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბიოგეოცენოზების ჩამოყალიბებაში (ალელოპათია).

ფიტონციდები გამოიყოფა მცენარეთა ნივთიერებათა ცვლის პროცესში მისი ძირითადი ნაწილი აქროლადია. ფიტონციდების გამომუშავება მუდმივად არ ხდება. განსაკუთრებით აქტიურად გამოიყოფა მცენარის მექანიკური დაყიანების დროს. ფიტონციდები გლუკოზიდების, ტერაპენოიდების, ალდეჰიდების, ქინონების, მთრიმლავი ნივთიერებებისა და სხვა რთული კომპლექსური ნაერთებია. განასხვავებენ 2 სახის ფიტონციდებს: არაექსკრეტორულსა და აქროლადს. ფიტონციდები მცენარეთა იმუნიტეტის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

ზოგიერთი მცენარე აქროლადი ფიტონციდებით თავის გარშემო ქმნის სტელირულ ზონას, რითაც პათოგენურ მიკროფლორას განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამის გამო გამწვანების ასორტიმენტის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარებისათვის. ფიტონციდების მოქმედება არასპეციფიკურია, მაგ., ხახვის და ნიორის ფიტონციდების მოქმედებით იღუპება მრავალგვარი მიკროორგანიზმი, ადამიანისათვის პათოგენური მრავალი ბაქტერია (ქოლერის ვიბრიონი, მუცლის ტიფის, დიზენტერიის და სხვა გამომწვევები). ფიტონციდები მოქმედებენ ბიოგეოცენოზის შემადგენლობაზე. ტყის მიხედვით იცვლება ჰაერის მიკროფლორა (ცნობილია, რომ ფიჭვნარში ჰაერი ძალიან სტერილურია). ერთი სახეობის მცენარის ფიტონციდები გარკვეულ მანძილზე მოქმედებენ სხვა სახეობის მცენარის ზრდასა და განვითარებაზე — აფერხებენ ან აძლიერებენ მას.

ფიტონციდების ამ ანტიბაქტერიულ და ანტისოკოვან თვისებებს იყენებენ მედიცინაში, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში. ნივრის, ხახვის, პირშუშხასა და სხვა მცენარეთა ფიტონციდების ბაქტერიციდულ თვისებას ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებენ.