პოლიკარპე მურღულია
პოლიკარპე (პოკო) ლევანის ძე მურღულია (დ. 13 თებერვალი, 1900, ქუთაისი — გ. 25 ოქტომბერი, 1973, თბილისი) — ქართველი თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯერ კიდევ 12 წლის მოსწავლემ, ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის სცენაზე დადგა ი. ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“ და თვითონაც მონაწილეობდა როგორც მსახიობი. აქედან დაწყებული, სადაც არ უნდა ყოფილიყო, რაც არ უნდა ეკეთებინა, მუდამ თეატრზე ფიქრობდა, ამ ოცნებით ცხოვრობდა.
1921 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ თეატრისადმი სიყვარულმა გადასძლია და აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით რუსთაველის თეატრიდან არსებული სტუდიის დამთავრების შემდეგ აქვე დაიწყო მოღვაწეობა. რუსთაველის თეატრიდან კოტე მარჯანიშვილის წასვლის შემდეგ იგი თან გაყვა თავის მასწავლებელს ქუთაისში და მხარში ედგა ახალი თეატრის ჩამოყალიბების საქმეში. პ. მურღულიას მცირე წვლილი როდი მიუძღვის 1929-1930 წლებში ამ სახელოვანი კოლექტივის გასტროლებში, როდესაც თეატრმა თავისი მდიდარი შემოქმედება გაიტანა ხარკოვსა და მოსკოვში.
კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ პოკო მურღულია წავიდა თეატრიდან და „სახკინმრეწვში“ დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა მსახიობი მთავარ როლებს ასრულებდა ფილმებში: „პრომეთე“, „ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა“ და სხვა. ამ ფილმებში სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ შოთა ნოზაძე და ჩვენი სახელოვანი მომღერლის ნანი ბრეგვაძის მამა — გიორგი (გიგა) ბრეგვაძე.
ნიჭიერი ხელოვანი გამოირჩეოდა შესაშური ორგანიზატორული უნარითაც. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსტაველის თეატრის, სახელმწიფო ცირკის, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორად. დიდი ღვაწლისა და უანგარო ამაგისათვის მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. დაჯილდოვებული იყო ორდენებით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 279, თბ., 1994