შინაარსზე გადასვლა

ფატი ხუნდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფატი ხუნდაძე
დაბ. თარიღი 1895
დაბ. ადგილი ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1978
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია მუხათგვერდის სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ფსიქოლოგი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე ნესტორ გაბილაია
მამა სილოვან ხუნდაძე
ნათესავ(ებ)ი რაჟდენ ხუნდაძე
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ფატი სილოვანის ასული ხუნდაძე (დ. 1895, ქუთაისი ― გ. 1978, თბილისი) — ქართველი ფსიქოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, გამოჩენილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის სილოვან ხუნდაძის (1860-1928) შვილი.[1]

ფატი ხუნდაძე დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია (1915). 1915-1918 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.[2] 1918 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს, სხვა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გაიგზავნა გერმანიაში, სადაც 1924 წელს წარმატებით დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მომდევნო წელს მას მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში. 1926 წლის დამდეგს ფატი ხუნდაძე და მისი მეუღლე — შემდგომში ცნობილი მკვლევარი-ეკონომისტი და პედაგოგი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის დოქტორი ნესტორ გაბილაია(1895-1985) სამშობლოში დაბრუნდნენ.[3]

ფატი ხუნდაძე მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თსუ-ში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დღეს აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის სახელს ატარებს. დიმიტრი უზნაძესთან ერთად ფატი ხუნდაძე იყო ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი.[4] კერძოდ, მის შრომებში განხილულია ბავშვებში აზროვნების განვითარების და გენეტიკურ ჭრილში ესთეტიკური აღქმის საკითხები. 1935 წელს მას მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იყო არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევის (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის) ავტორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ და რუსულ, ისე გერმანულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. ფატი ხუნდაძის მონოგრაფიული გამოკვლევებიდან აღსანიშნავია: „სასკოლო ასაკის ბავშვთა შემეცნებითი ინტერესები მათი შეკითხვების საფუძველზე“ (თბილისი, 1936), „დიდაქტიკური სათამაშოები საბავშვო ბაღში“ (თბილისი, 1941), „საბავშვო ბაღში მხატვრულ სურათზე მუშაობის მეთოდიკა“ (თბილისი, 1942) და სხვა.

ფატი ხუნდაძე გარდაიცვალა 83 წლის ასაკში, დაკრძალულია თბილისის მუხათგვერდის სასაფლაოზე.

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლების საკითხისათვის — თბილისი, მეცნიერება, 1966 — 198 გვ.
  • ბავშვთა შრომითი მოქმედების ფსიქოლოგიური საფუძვლები — თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1962 - 137 გვ.
  • საბავშვო ბაღში მხატვრულ სურათზე მუშაობის მეთოდიკა — თბილისი, 1942 - 70 გვ.
  • დიდაქტიკური სათამაშოები საბავშვო ბაღში — თბილისი, 1941 — 28 გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ფატი ხუნდაძე და ნესტორ გაბილაია. Iverieli. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2019.
  2. ფატი ხუნდაძე. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2019.
  3. ფატი ხუნდაძე (1895—1978). თსუ-ს ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2019.[მკვდარი ბმული]
  4. ფატი ხუნდაძე - Fati Khundadze. Literatura.mcvane.ge (24 ოქტომბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-16. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2019.