შინაარსზე გადასვლა

ურსულა ფრანკლინი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურსულა ფრანკლინი
ინგლ. Ursula Franklin
დაბ. თარიღი 16 სექტემბერი, 1921(1921-09-16)[1] [2]
დაბ. ადგილი მიუნხენი
გარდ. თარიღი 22 ივლისი, 2016(2016-07-22)[3] [2] (94 წლის)
გარდ. ადგილი ტორონტო[3]
მოქალაქეობა  კანადა
 გერმანია
საქმიანობა ფიზიკოსი, metallurgist, უნივერსიტეტის პროფესორი, ქალთა უფლებების დამცველი, ინჟინერი და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი[4] [5]
მუშაობის ადგილი ტორონტოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტორონტოს უნივერსიტეტი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები კანადის ორდენის კომპანიონი[6] , Pearson Medal of Peace[7] , Governor General's Awards, ონტარიოს ორდენი, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, Honorary doctor of the University of Ottawa, კონკორდიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctorate from the University of British Columbia, Governor General's Award in Commemoration of the Persons Case[8] და Sir John William Dawson Medal[9]
გავლენა მოახდინეს

ურსულა მარია მარციუს-ფრანკლინი (ინგლ. Ursula Maria Martius Franklin ;დ. 16 სექტემბერი , 1921, მიუნხენი, გერმანია — გ. 22 ივლისი, 2016, ტორონტო ) — კანადელი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ცნობილია როგორც ლითონებისა და შენადნობების სტრუქტურის ექსპერტი, არქეომეტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ტორონტოს უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი, 1992 წლიდან კანადის ორდენის კომპანიონი, 2002 წელს საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა პირსონის მშვიდობის (Pearson Peace) მედლით .

ურსულა მარია მარციუსი დაიბადა 1921 წელს მიუნხენში არქეოლოგის [10] და ეთნოგრაფის ალბრეხტ მარციუსისა და ხელოვნების ისტორიკოსის ილსე მარია მარციუსის ოჯახში. მამა ლუთერანი იყო, დედა — ებრაელი. „უწმინდური სისხლი“ გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს ურსულას უნივერსიტეტიდან გარიცხვის და შრომით ბანაკში გაგზავნის მიზეზი. იგი პატიმრობაში იმყოფებოდა ნაცისტური გერმანიის დამარცხებამდე, მუშაობდა მძიმე პირობებში, რამაც ფეხების მოყინვა გამოიწვია; ფეხების დაზიანებული ლიმფური ძარღვები სრულად ვერ აღდგა და იგი მთელი ცხოვრების მანძილზე მუდმივი ტკივილით იტანჯებოდა. ურსულას მშობლებიც მოხვდნენ ბანაკებში. მათ მოახერხეს გადარჩენ, მაგრამ დედის ებრაელი ნათესავები განადგურდნენ.

ომის დამთავრების შემდეგ ურსულა მარტიუსმა განაახლა სწავლა. 1948 წელს დაასრულა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი დოქტორის ხარისხით ექსპერიმენტულ ფიზიკაში. ერთი წლის შემდეგ მან მიიღო შემოთავაზება პოსტდოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ტორონტოს უნივერსიტეტიდან და გადავიდა კანადაში, სადაც გაატარა დარჩენილი სიცოცხლე. გადასვლის შემდეგ მალევე გაიცნო მომავალი მეუღლე, ინჟინერი ფრედ ფრანკლინი, რომელიც ასევე გერმანიიდან კანადაში გადავიდა. ისინი დაქორწინდნენ 1952 წელს და გახდნენ კვაკერთა საზოგადოების წევრები. 1955 წელს ურსულას შეეძინა ვაჟი მარტინი, ხოლო სამი წლის შემდეგ — ქალიშვილი მონიკა [11] .

1952-დან 1967- მდე ურსულა ფრანკლინი მუშაობდა ონტარიოს კვლევით ფონდში, შემდეგ კი დაბრუნდა ტორონტოს უნივერსიტეტში მეტალურგიისა და მასალების მეცნიერების კათედრაზე [12] და გახდა კათედრის პირველი პროფესორი ქალი. 1973 წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტის შტატში პროფესორის რანგში, [13] ხოლო 1984 წელს იგი გახდა პირველი ქალი უნივერსიტეტში, რომელსაც მიენიჭა უნივერსიტეტის პროფესორის წოდება. [14] 1989 წლამდე, პენსიაში გასვლამდე, იყო ტორონტოს უნივერსიტეტის თანამშრომელი.

სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად ფრანკლინი აქტიურ სოციალურ მოღვაწეობას ეწეოდა, რომელიც მიზნად ისახავდა მშვიდობის დაცვას, რესურსების დამზოგავი საზოგადოების იდეების პოპულარიზაციას და ქალთა თანასწორობას; ადამიანის უფლებათა დაცვისა და პაციფისტურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა, მისი თქმით, იყო ომისშემდგომი გერმანიიდან ემიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი. ტორონტოს უნივერსიტეტში სწავლის წლებში მან პრინციპულად უარი თქვა ისეთო კვლევების ჩატარებაზე ან მასალების სწავლებაზე, რომლებიც შემდგომში სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. როგორც კანადის სამეცნიერო საბჭოს წევრი, 1970-იან წლებში ხელმძღვანელობდა კვლევებს ველური ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის შესახებ, რამაც მოგვიანებით გავლენა მოახდინა ეკოლოგიურ მოძრაობაზე. იგი თანამშრომლობდა ორგანიზაცია Canadian Women's Voice-თან და მუშაობდა საპარლამენტო მოხსენებაზე კანადის სამხედრო გარიგებებისა და ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კვლევის შესახებ. ყოფილ სენატორ ლოის მირიამ უილსონთან ერთად გამოდიოდა კანადის უნივერსიტეტებში ქალთა კანდიდატურების ხელმძღვანელ პოზიციებზე წამოყენების და კანადის ორდენით დაჯილდოების თაობაზე. 1997 წელს, როდესაც უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, ფრანკლინმა, რომელმაც 1990 წლის ყურის ომს უწოდა "სრული სიგიჟე", პროტესტის ნიშნად ორგანიზება გაუწია უნივერსიტეტის 27 ლექტორთან ერთად დარბაზის დემონსტრაციულად დატოვებას. 2001 წელს ფრანკლინმა სამ ყოფილ პროფესორ ქალთან ერთად შეიტანა სარჩელი ტორონტოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ისინი უმაღლეს სასწავლებელს ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ ათწლეულების განმავლობაში ქალი თანამშრომლებს მამაკაცებზე ნაკლებ ხელფასს უხდიდა. წინასწარი შეთანხმების ფარგლებში უნივერსიტეტმა კომპენსაცია გადაუხადა 60-ზე მეტ ყოფილ პედაგოგს.

ურსულა ფრანკლინი გარდაიცვალა 2016 წლის ივლისში 94 წლის ასაკში ტორონტოს მოხუცთა თავშესაფარში. მას დარჩა მეუღლე, ვაჟი, ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი.

წვლილი მეცნიერებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურსულა ფრანკლინის ყველაზე დასამახსოვრებელ მიღწევებს შორის არის ონტარიოს კვლევის ფონდში ჩატარებული კვლევა ბავშვთა კბილების შემადგენლობის შესახებ, რომელმაც აჩვენა, რომ ისინი შეიცავდნენ რადიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყოფა ბირთვული იარაღის ატმოსფერული ტესტირებისას. იმ ბავშვებს შორის, რომელთა კბილებიც გამოიყენეს კვლევაში, ფრანკლინის ვაჟი, მარტინიც იყო. მოგვიანებით მარტინ ფრანკლინი იხსენებდა: „იმ დროს დაახლოებით შვიდი წლის ვიყავი და ვიდრე "კბილის ფერია" (ზღაპრის პერსონაჟი) სხვა ბავშვებს სტუმრობდა, ჩემს [კბილებს] ამოწმებდნენ სტრონციუმ-90 - ზე" ფრანკლინის კვლევის შედეგების გამოქვეყნება გახდა ერთ-ერთი ფაქტორი ატმოსფერული ბირთვული გამოცდების საერთაშორისო მორატორიუმის მიღებაზე. [15]

ტორონტოს უნივერსიტეტში ყოფნისას ფრანკლინმა პირველმა გამოიყენა მასალები მეცნიერების თანამედროვე მეთოდოლოგიები არქეოლოგიურ კვლევებში, მათ შორის სპილენძის, ბრინჯაოსა და კერამიკული არტეფაქტების დათარიღებასა და საზოგადოებაზე ტექნოლოგიური განვითარების ისტორიული გავლენის შეფასებაში, ეს მეთოდი შემდგომში არქეომეტრიის სახელით გახდა ცნობილი. 1970-იან წლებში მისმა კვლევებმა ბუნებრივი რესურსებისა და ველური ბუნების დაცვაში ხელი შეუწყო საზოგადოების ინფორმირებას ამ პროცესების საჭიროების შესახებ.

1982 წელს ურსულა ფრანკლინი წარადგინეს კანადის ორდენის ოფიცრის წოდებაზე "ექსპერიმენტული ფიზიკის სფეროში ნოვატორული სამუშაოსთვის", არქეოლოგიაში სამეცნიერო მეთოდების გამოყენების, მშვიდობის დარგში, საერთაშორისო ურთიერთგაგების, ქალთა თანასწორობის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის. 1993 წელს გახდა კანადის ორდენის კომპანიონი (უმაღლესი ხარისხის ჯილდო). [16]

1982 წელს ფრანკლინმა მიიღო ჯილდო ტორონტოს მერიისგან ურბანული დაგეგმარების სფეროში მუშაობისთვის. 1990 წელს, ონტარიოს უნივერსიტეტის მასწავლებელთა ასოციაციების კონფედერაციის წარდგენით, ურსულა ფრანკლინი გახდა ონტარიოს ორდენის კავალერი მისი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სოციალური და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. 2002 წელს კანადის გაერთიანებული ერების ასოციაციამ გადასცა Pearson Medal of Peace მშვიდობიანი თანაცხოვრების, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების ხელშემწყობი საქმიანობისთვის. [17] ფრანკლინის სხვა ჯილდოებს შორისაა: ელსი გრეგორი მაკგილის მემორიალურ ჯილდო (1987) განათლებაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის და ვიგანდის პრემია (1989), რომელიც გადაეცემა კანადელებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ადამიანურ ასპექტებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

1989 წელს ფრანკლინს უფლება მიეცა ჩაეტარებინა ვინსენტ მესის სახელობის ლექციების სერია. ასეთი პატივი ყოველწლიურად ერგება კანადის ერთ-ერთ წამყვან მეცნიერს (შემდგომში ამ ლექციების ციკლი გამოიცა წიგნის სახით "ტექნოლოგიის რეალური სამყარო" — ინგლ. The Real World of Technology ). ურსულა ფრანკლინი იყო ორმოცზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ხოლო 1993 წლიდან — კანადის სამეფო საზოგადოების წევრი. 2012 წელს ფრანკლინი შეიყვანეს კანადის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დიდების დარბაზში. მეცნიერის სახელს ატარებს საშუალო სკოლა ტორონტოში — ურსულა ფრანკლინის აკადემია, რომელიც გაიხსნა 1995 წელს; 1999 წელს კანადის სამეფო საზოგადოებამ დააწესა ურსულა ფრანკლინის სახელობის პრემია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა გენდერული კვლევებისთვის.

  1. Ursula Franklin — 2010.
  2. 2.0 2.1 L'Encyclopédie canadienne, The Canadian Encyclopedia
  3. 3.0 3.1 http://ici.radio-canada.ca/breve/62849/scientifique-canadienne-ursula-franklin-s-est-etei
  4. http://www.quakersintheworld.org/quakers-in-action/208/Ursula-Franklin
  5. https://www.theglobeandmail.com/news/national/ursula-franklin-canadian-scientist-and-activist-had-a-passion-for-peace/article31123033/
  6. https://www.gg.ca/en/honours/recipients/146-4152
  7. https://web.archive.org/web/20040415024028/http://www.unac.org/en/news_events/pearson/index.asp
  8. https://cfc-swc.gc.ca/commemoration/gg/recip-laure/index-fr.html
  9. https://rsc-src.ca/en/awards-excellence/past-award-winners
  10. Michael Valpy.. (2016-07-26) Ursula Franklin was renowned for her devotion to science, pacifism and education. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: 2017-01-16.
  11. Ben Spurr.. (2016-07-24) Ursula Franklin remembered as a pioneer for women, a leader for peace. Toronto Star. ციტირების თარიღი: 2017-01-16.
  12. Rose Sheinin.. (2016-07-24) Ursula Franklin. The Canadian Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2017-01-16.
  13. Ursula Franklin Biography. ციტირების თარიღი: 2017-01-16.
  14. Jonathan Rumley.. (2016-07-26) Ursula Franklin, renowned Canadian scientist, dead at 94. ციტირების თარიღი: 2017-01-16.
  15. Romi Levine and Jennifer Lanthier.. (2016-07-24) In Memoriam: University Professor Emerita Ursula Franklin. University of Toronto. ციტირების თარიღი: 2017-01-16.
  16. Order of Canada - Ursula Martius Franklin, C.C., O.Ont., Ph.D., LL.D, F.R.S.C.. The Office of Governor General of Canada. ციტირების თარიღი: 2017-01-17.
  17. Dr. Ursula M. Franklin. United Nations Association in Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-24. ციტირების თარიღი: 2024-02-23.