ურარტოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადგილი, სადაც მდებარეობდა ქალაქი ტუშფა
ერებუნის კედლები
ურარტული ფირფიტა
არგიშთი I-ის ფირფიტა

ურარტოლოგიამეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ძველი წელთაღრიცხვის IX-VI საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოს — ურარტუს ენას, კულტურას, ისტორიას, ურარტული სიძველეების, კერძოდ, ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლაში პირველი სერიოზული წვლილი შეიტანა ფრიდრიხ შულცმა, რომელიც ამ მიზნით საგანგებოდ მიავლინა პარიზის „სააზიო საზოგადოებამ“. 1828-1829 წლებში მან თურქეთის ქალაქ ვანის რაიონში გამოავლინა და გადმოიწერა 40-ზე მეტი ურარტული ლურსმული წარწერა, მათ შორის არგიშთი I-ის „ხორხორის მატიანის“ ვრცელი ტექსტი. პირველი, არსებითად წარუმატებელი ცდა ამ წარწერების ამოკითხვისა ეკუთვნის ე. ჰინქსს (1848). მხოლოდ ფრანგი მეცნიერი ს. გიუიარისა (1880 შმდ) და ინგლისელი მეცნიერი არჩიბალდ სეისის (1882 შმდ) ნაშრომებმა შექმნეს ამის მყარი საფუძველი. სეისმა გამოაქვეყნა იმ დროს ცნობილი ყველა ურარტული წარწერა, დაურთო მას ურარტული ენის გრამატიკული ნარკვევი და სხვა. ამ დროს რუსეთში შემავალ ძველი ურარტუს ტერიტორიაზეც გაიშალა მუშაობა ურარტულ სიძველეთა შესასწავლად. გამოვლინდა მრავალი წარწერა.

1893 წელს შედგა მიხეილ ნიკოლსკისა და ა. ივანოვსკის ექსპედიცია, რის შედეგადაც ნიკოლსკიმ გამოსცა (1896) ამიერკავკასიის ურარტული წარწერების კორპუსი. 1898-1899 წლებში გერმანელმა მეცნიერებმა კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტმა და ვ. ბელკმა მოიარეს ძველი ურარტუს ტერიტორია, გათხრების შედეგად გამოვლინდა ურარტუს დედაქალაქი ტუშფა (ახლანდელი ვანი). აღმოჩნდა ბევრი ახალი წარწერა, დაზუსტდა უკვე ცნობილი, ამოკითხული წარწერები. ამის შედეგი იყო ლემან-ჰაუპტის 3-ტომიანი ნაშრომი „არმენია ძველად და ახლა“ და მის მიერ წამოწყებული ურარტული წარწერების კორპუსის გამოცემა, რომელიც ვერ დაასრულა (გამოვიდა სულ 2 ნაკვეთი 1928 და 1935 წლებში, რომელიც 110 წარწერის პუბლიკაციას შეიცავს). შედეგიანი აღმოჩნდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის 1916 წლის ექსპედიცია ვანში (ნიკო მარი, იოსებ ორბელი), რასაც მოჰყვა სარდური II-ის ვრცელი მატიანის აღმოჩენა, რომელიც პირველად ნიკო მარმა გამოსცა 1922 წელს.

ურარტოლოგიურ ძიებებს 20-30-იან წლებში ნიკო მართან ერთად აწარმოებდა ივანე მეშჩანინოვი. ამავე პერიოდში დიდად წასწიეს წინ ურარტული ენის შესწავლა გერმანიაში მომუშავე მეცნიერებმა მიხაკო წერეთელმა, ი. ფრიდრიხმა და ა. გეცემ. 1939 წლიდან წამოწყებულმა და დიდად წარმატებულმა გათხრებმა კარმირ-ბლუმის გორაკზე (ერევნის განაპირას) (ბორის პიოტროვსკი) და უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წამოწყებულმა ურარტულ ქალაქ ერებუნისა (ლ. ოჰანესიანი, ი. ლოსევა, ს. ხოჯაში და სხვები) და არგიშთიხინილის (ა. მარტიროსიანი) გათხრებმა. 1939 წელს მიხაკო წერეთელმა მოგვცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ურარტული ძეგლების სანიმუშო პუბლიკაცია. მრავალი ურარტული ციხე-ქალაქი გაითხარა აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ ირანში.

1953-1954 წლებში ჟურნალში „ძველი ისტორიის უწყებანი“, ხოლო 1960 წელს ცალკე წიგნად გიორგი მელიქიშვილმა გამოაქვეყნა ურარტული წარწერების სრული კორპუსი, გრამატიკული ნარკვევითა და საძიებლებით, რისთვისაც ავტორს ლენინური პრემია მიენიჭა. 1955-1957 წლებში გამოვიდა ფრიდრიხ ვილჰელმ კენიგის ანალოგიური კრებული. არაერთი ურარტოლოგიური ნაშრომი გამოაქვეყნეს იგორ დიაკონოვმა, ქართველმა მეცნიერებმა თამაზ გამყრელიძემ, ვ. გვახარიამ, სომეხმა მეცნიერებმა გრიგოლ ღაფანციანმა, მ. ისრაელიანმა, ნიკოლოზ არუთინიანმა, იტალიელმა მარიო სალვინიმ და სხვებმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი მელიქიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 169.
  • Арутюнян Н. В., Новые урартские надписи Кармир-блюра, Ер., 1966;
  • Дьяконов И. М., Ассиро-вавилонские источники по истории Урарту, «Вестник древней истории», 1951 № 2, 3,4;
  • Дьяконов И. М., Урартские письма и документы, М-Л., 1963;
  • Меликишвили Г. А., Древневосточные материалы по истории народов Закавказья, ч. 1 — Наири-Урарту, Тб., 1954;
  • Меликишвили Г. А., Урартские клинообразные надписи, II, «Вестник древней истории», 1971, № 3, 4.;
  • Пиотровский Б. Б., История и культура Урарту, Ер., 1944;
  • Церетели Г. В., Урартские памятники Музея Грузии, Тб., 1939;
  • Марр Н. Я., Орбели И. Я., Археологическая экспедиция 1916 года в Ван, П., 1922.