ტოსიკო იუასა
ტოსიკო იუასა | |
---|---|
იაპონ. 湯浅年子 | |
დაბ. თარიღი | 11 დეკემბერი, 1909 |
დაბ. ადგილი | Ueno |
გარდ. თარიღი | 1 თებერვალი, 1980 (70 წლის) |
გარდ. ადგილი | რუანი |
მოქალაქეობა |
იაპონია იაპონიის იმპერია |
საქმიანობა | ბირთვული ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ოტიანომიძუს უნივერსიტეტი, ტოკიოს ქალთა ქრისტიანული უნივერსიტეტი, სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი და RIKEN |
ალმა-მატერი | ცუკუბას უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Order of the Precious Crown, 3rd Class, Medal with Purple Ribbon და წმინდა საგანძურის ორდენი |
ტოსიკო იუასა (იაპონ. 湯浅年子; დ. 11 დეკემბერი, 1909 — გ. 1 თებერვალი, 1980) — პირველი იაპონელი ქალი ფიზიკოსი[1]. მოღვაწეობდა საფრანგეთში, ბირთვული ფიზიკის დარგში.
ადრეული წლები და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოსიკო იუასა დაიბადა 1909 წლის 11 დეკემბერს, ტაიტოში, ტოკიო[2]. მისი მამა იაპონიის საპატენტო ბიუროში მომუშავე ინჟინერი იყო, ხოლო დედა — ტრადიციული, განათლებული ოჯახის წარმომადგენელი. ოჯახის შვიდი შვილიდან, ტოსიკო მეექვსე იყო. 1927-1931 წლებში, იუასა ტოკიოს ქალთა უმაღლესი პედაგოგიური სკოლის სამეცნიერო განყოფილებაში სწავლობდა (დღევანდელი ოტიანომიძუს უნივერსიტეტი). შემდგომ, მან ტოკიოს ბუნრიკას უნივერსიტეტში (დღევანდელი ცუკუბის უნივერსიტეტი), ფიზიკის განყოფილებაში განაგრძო სწავლა[3]. 1934 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, იგი პირველი იაპონელი ქალი ფიზიკოსი გახდა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1934 წელს, იუასამ ბუნრიკას უნივერსიტეტში, ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ვიცე-ასისტენტად დაიწყო მუშაობა, სადაც კვლევებს ატარებდა მოლეკულური სპექტროსკოპიის დარგში. 1935 წელს, იგი ტოკიოს ქალთა ქრისტიანულ კოლეჯის ლექტორად დაინიშნა, სადაც 1937 წლამდე განაგრძო მუშაობა. შემდეგ წელს, იუასა ტოკიოს ქალთა უმაღლესი პედაგოგიური სკოლის დოცენტი გახდა[4].
იუასა შთაგონებული იყო ირენ და ფრედერიკ ჟოლიო-კიურების მიერ პარიზში, კიურის ინსტიტუტში ხელოვნური რადიოაქტიურობის აღმოჩენით. ტოკიოში კვლევებთან დაკავშირებით არსებული რთული პირობების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი ევროპაში უკვე დაწყებული იყო, 1940 წელს, იგი პარიზში გადავიდა. ტოსიკო იუასა კოლეჯ-დე-ფრანსში, ფრედერიკ ჟოლიო-კიურთან ერთად მუშაობდა, სადაც იგი ხელოვნური რადიოაქტიური ბირთვების მიერ წარმოქმნილ ალფა და ბეტა-ნაწილაკებს და ბეტა-ნაწილაკების ენერგეტიკულ სპექტრს იკვლევდა. დისერტაციით — „Contribution à l'étude du spectre continu des rayons β− émis par les corps radioactifs artificiels“ (ხელოვნური რადიოაქტიურობით წარმოქმნილი უწყვეტი ბეტა-გამოსხივების სპექტრი), 1943 წელს, იუასას მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
1944 წლის აგვისტოში, ტოსიკო იუასა იძულებული გახდა, პარიზიდან ბერლინში გადასულიყო. კვლევითი საქმიანობა, მან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში განაგრძო და შეიმუშავა საკუთარი ბეტა-გამოსხივების სპექტრომეტრი. 1945 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მას იაპონიაში დაბრუნება უბრძანა. გამგზავრებისას, საკუთარი სპექტრომეტრი, იუასას ზურგზე ჰქონდა დამაგრებული. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისთანავე, იგი ტოკიოს ქალთა უმაღლეს პედაგოგიურ სკოლაში დაბრუნდა, უკვე როგორც პროფესორი. მას არ შეეძლო დაუსრულებელი კვლევების გაგრძელება, ვინაიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საოკუპაციო ძალამ იაპონიაში ბირთვული კვლევა აკრძალა. 1946-1949 წლებში, იუასა რიკინა-ნისენის კვლევით ინსტიტუტში, კატალიზატორზე დაფუძნებულ მეცნიერებებზე მუშაობდა და პარალელურად, 1948-1949 წლებში — ლექციებს კითხულობდა კიოტოს უნივერსიტეტში.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1980 წლის იანვარში, ტოსიკო იუასა რუანში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ამავე წლის 1 თებერვალს, 70 წლის ასაკში, იგი სიმსივნისგან გარდაიცვალა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Yagi, Eri; Matsuda, Hisako (August 2007). „Toshiko Yuasa (1909-80): the First Japanese Woman Physicist and Her Followers in Japan“ (PDF). AAPPS Bulletin. 17 (4): 15–17. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 12 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 6 November 2015.
- ↑ Toshiko Yuasa (1909~1980). Ochanomizu University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 6 November 2015.
- ↑ Kodate, Naonori; Kodate, Kashiko (2015) Japanese Women in Science and Engineering: History and Policy Change. Taylor & Francis, გვ. 53. ISBN 978-1-317-59504-5.
- ↑ Haines, Catharine M. C. (2001). International Women in Science: A Biographical Dictionary to 1950. ABC-CLIO, გვ. 341–342. ISBN 978-1-57607-090-1.