ტორა ბირჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტორა ბირჩი

ბირჩი 2006 წელს
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1982 (1982-03-11) (42 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
აქტიური 1988-დღემდე
ხელმოწერა

ტორა ბირჩი (ინგლ. Thora Birch; დ. 11 მარტი, 1982) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. მან ცნობადობა ადრეულ ასაკშივე მოიპოვა. ბავშვობის პერიოდის მისი ცნობილი ფილმებია: ყველაფერი, რაც საშობაოდ მსურს (1991), პატრიოტთა თამაშები (1992), ჰოკუს პოკუსი (1993), ახლა და შემდეგ (1995) და ალასკა (1996).

ბირჩს აღიარება მოუტანა სემ მენდესის 1999 წლის ფილმში ამერიკული სილამაზე ჯეინ ბერნჰემის როლმა, რომლისთვისაც ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაცია კატეგორიაში მეორეხარისხოვან როლში საუკეთესო მსახიობი ქალი მოიპოვა. 2001 წელს მსახიობმა ფილმში მოჩვენებების სამყარო შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსის ნომინაცია დაიმსახურა. ბირჩმა 2003 წლის ფილმში უსახლკარო ჰარვარდში მთავარი როლი შეასრულა, რომლისთვისაც ემის ნომინაცია მოიპოვა. მსახიობმა ტელესერიალი მოსიარულე მკვდრების მეათე სეზონში მიიღო მონაწილეობა.[1][2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირჩი ლოს-ანჯელესში ჯეკ ბირჩისა და კეროლ კონორსის ოჯახში დაიბადა. იგი გერმანულ-ებრაული, სკანდინავიური, ფრანგულ-კანადური და იტალიური წარმოშობისაა.[3] მისი სახელი, ტორა, სკანდინავიურ მითოლოგიაში ელვისა და ქუხილის ღმერთი თორის სახელიდან მომდინარეობს.[4][5] მსახიობს ჰყავს ერთი ძმა, კიან ბოლტ ბირჩი.

ბირჩის მშობლები ყოფილი პორნო მსახიობები არიან.[6][7] გართობის ინდუსტრიაში საკუთარი დიდი გამოცდილების გამო, მათ შვილის მსახიობობისკენ წახალისება არ სურდათ, თუმცა მათ ამისაკენ ბირჩის ძიძამ უბიძგა მას შემდეგ, რაც შეამჩნია, რომ გოგონა რეკლამების იმიტირებას ცდილობდა. ძიძამ ბირჩის მშობლები დაარწმუნა, შვილის ფოტო აგენტისთვის ეჩვენებინათ, რის შემდეგაც ოთხი წლის ბირჩმა რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იანი წლების დასასრულს ბირჩი არაერთი ცნობილი კომპანიის რეკლამაში გამოჩნდა, მათ შორისაა Burger King, California Raisins და Quaker Oats.[5][8] ბირჩის კინოდებიუტი 1988 წელს სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის კომედიაში Purple People Eater შედგა, რომლისთვისაც მან ახალგაზრდა ხელოვანის ჯილდო მოიპოვა.[9]

1990-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს ბირჩმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა სატელევიზიო სიტკომში მშობლობა, რომელიც 1989 წლის ამავე სახელწოდების ფილმზეა დაფუძნებული. სიტკომის გადაღება პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ შეწყდა. მომდევნო წელს ბირჩმა მონაწილეობა მიიღო დრამაში პარაზიტი, რომლისთვისაც ახალგაზრდა ხელოვანის ჯილდოს ნომინაცია დაიმსახურა.

1990-იანი წლებში მსახიობმა არაერთ კომედიასა და საოჯახო ფილმში მთავარი როლები შეასრულა. 1991 წელს მან მონაწილეობა მიიღო კომედიაში ყველაფერი, რაც საშობაოდ მსურს,[10] რომელშიც მისი პერსონაჟი განქორწინებული მშობლების ურთიერთობის აღდგენას ცდილობდ. 1992 წელს თრილერში პატრიოტთა თამაშები ბირჩმა ჯეკ რაიანის ქალიშვილის როლი შეასრულა. ფილმმა კომერციული წარმატება მოიპოვა. მსოფლიო მასშტაბით მისმა შემოსავალმა 178 მილიონი დოლარი შეადგინა.[11]

1993 წელს ათი წლის ბირჩმა მონაწილეობა მიიღო ფანტასტიკის ჟანრის კომედიაში ჰოკუს პოკუსი, რომელშიც თინეიჯერი ბიჭი შემთხვევით ბოროტმოქმედ ჯადოქართა ტრიოს მკვდრეთით აღადგენს. ბირჩმა ფილმში მთავარი პერსონაჟის უმცროსი დის როლი შეასრულა.

1995 წელს ბირჩმა ფილმში ახლა და შემდეგ მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მან თავისი პერსონაჟის როლი მელანი გრიფიტთან ერთად შეასრულა. ფილმმა კრიტიკული აღიარება ვერ დაიმსახურა, თუმცა კომერციული წარმატება მოიპოვა.[12] 1996 წელს მსახიობმა ვინსენტ კარტეისერთან ერთად მთავარი როლი შეასრულა სათავგადასავლო დრამაში ალასკა. ფილმი და-ძმის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ალასკაზე დაკარგულ მამას ეძებენ. მომდევნო წლებში ბირჩმა მონაწილეობა მიიღო სერიალებში: აღქმული მიწა და ანგელოზის შეხება.[13]

1999 წელს მსახიობმა სემ მენდესის დრამაში ამერიკული სილამაზე ჯეინ ბერნჰემის, კევინ სპეისის პერსონაჟის შვილის, როლი შეასრულა. ფილმმა ოსკარი საუკეთესო სურათისთვის მოიპოვა,[14] ხოლო ბირჩმა კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაცია დაიმსახურა.[15] ამერიკული სილამაზე, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 356 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა,[16] ბირჩის კარიერაში კომერციულად ყველაზე წარმატებული ფილმია.[17]

2000-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ბირჩმა მონაწილეობა მიიღო შავ კომედიაში მწეველები, რომელიც აშშ-ში DVD-ის ფორმატში გამოვიდა. იმავე წელს მან ითამაშა ფილმში დილეგები & დრაკონები, რომელიც ამავე სახელწოდების სამაგიდო როლურ თამაშზეა დაფუძნებული. 2001 წელს ბირჩმა კირა ნაიტლისთან ერთად მონაწილეობა მიიღო საშინელებათა ჟანრის ფილმში ხვრელი.

ტორა ბირჩი ჯეინ ფონდასთან ერთად 2015 წლის ჰოლივუდის კინოდაჯილდოებაზე

ბირჩმა სკარლეტ იოჰანსონთან ერთად მთავარი როლი შეასრულა შავი კომედიის ჟანრის თინეიჯერულ ფილმში მოჩვენებათა სამყარო (2001), რომლისთვისაც მან ოქროს გლობუსის ნომინაცია მიიღო.[18]

2003 წელს მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ბიოგრაფიულ სატელევიზიო ფილმში უსახლკარო ჰარვარდში: ლიზ მიურეის ისტორია. ფილმი ლიზ მიურეის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 15 წლის ასაკში უსახლკაროდ გახდომისა და პირადი ტრაგედიების ფონზე საშუალო სკოლას წარჩინებით ამთავრებს და ჰარვარდის სტუდენტი ხდება. მიურეის როლის შესრულებისთვის ბირჩმა ემის ჯილდოს ნომინაცია მოიპოვა.[19]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dino-Ray Ramos. ‘The Walking Dead’ Adds Thora Birch And Kevin Carroll For Season 10 – Comic-Con – Deadline. Deadline.com.
  2. Thora Birch and Kevin Carroll cast in season 10 of 'The Walking Dead'.
  3. „Getting her own thing going“. The Sunday Times (South Africa). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-05-26. ციტირების თარიღი: 2021-02-28.
  4. Thora Birch Biography - Facts, Birthday, Life Story. Biography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-11. ციტირების თარიღი: 2021-02-28.
  5. 5.0 5.1 5.2 Fearless Thora is a teen in peril. Evening Standard (2001).
  6. O'Neal, Sean (2010). „Thora Birch's creepy ex-porn star dad gets her fired“. The A.V. Club.
  7. Johnson, Richard; Froelich, Paula; Hoffmann, Bill; Steindler, Corynne (2007). „Dad Crashes Star's Sex Shoot“. New York Post. Page Six.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
  8. Fischer, Paul. Thora Birch for "Dungeons and Dragons" (2001).
  9. Vicki Notaro. (2015) 25 Christmas movies for the 25th (and other days). Irishtimes.com.
  10. Patriot Games (1992) (1992). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-12. ციტირების თარიღი: 2021-02-28.
  11. Now and Then (1995) (1995-12-05).
  12. The Thora Birch Picture Pages. Superiorpics.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-03. ციტირების თარიღი: 2021-03-15.
  13. 2000 | Oscars.org | Academy of Motion Picture Arts and Sciences. Oscars.org (2000).
  14. BAFTA Awards Search | BAFTA Awards. Awards.bafta.org.
  15. American Beauty (1999). ციტირების თარიღი: January 12, 2017
  16. Thora Birch - Box Office. The Numbers.
  17. „The contenders“. Chicago Tribune. 2002-02-10.
  18. Thora Birch Emmy Nominated. Emmys.com.