ტატიანა დუნენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ტატიანა დუნენკო (დ. 17 თებერვალი, 1912 — გ. 18 ოქტომბერი, 1999) — ქართველი პიანისტი, კონცერტმაისტერი, საქართველოს სახელოვანი არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტატიანა დუნენკო დაიბადა ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1949 წელს, ხოლო ჯერ კიდევ 1930 წლიდან იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის კონცერტმაისტერი. 19 წლის იყო ჯერ კიდევ თეატრში, როცა მივიდა, უაღრესად მაღალი დონის შემსრულებელი გახლდათ. საქართველოში ევგენი მიქელაძის ჩამოსვლის შემდგომ ტატიანა დუნენკო გახდა წამყვანი კონცერტმაისტერი ოპერისა და ბალეტის თეატრის.

1940-1988 წლებში აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიის საკონცერტმაისტერო ხელოვნების კათედრაზე, როგორც კონცერტმაისტერი თანამშრომლობდა არაერთ გამოჩენილ ქართველ მომღერალთან და მათი შემოქმედებითი წარმატების თანამონაწილე იყო. XX საუკუნის 30-იან წლებში პროფესორ კამოევასთან ერთად შექმნა გამორჩეული, უაღრესად მნიშვნელოვანი პირველი ქართული საფორტეპიანო დუეტი.

ტატიანა დუნენკო ფლობდა ვრცელ საოპერო-საკონცერტმაისტერო რეპერტუარს, იყო კლასიკოსთა თუ თანამედროვე საოპერო კომპოზიტორთა შემოქმედების შესანიშნავი ინტერპრეტატორი. უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ მართლაც გამორჩეული და ფართო იყო მისი კამერული და სოლო საფორტეპიანო რეპერტუარიც (მოცარტის, დებიუსის, რაველის ნაწარმოებები ფორტეპიანოსათვის, ხოლო გრიგისა და რახმანინოვის საფორტეპიანო სიუიტები).

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 1937 წლიდან მოყოლებული იგი აქტიურად იყო ჩართული თვითონ ოპერის მომზადებაში და მუდამ თანამშრომლობდა კომპოზიტორებთან. იგი მართლაც თავდადებული მუშაობდა სოლისტებთან, პარტიების შესრულების წინ.

მისთვის როგორც ხელოვანისთვის მკვეთრად დამახასიათებელი იყო მაღალი პროფესიონალიზმი, შესრულების განსაკუთრებული კულტურა, როგორც კონცერმაისტერი მუშაობდა გამოჩენილ ქართველ მომღერლებთან, როგორებიც არიან: პაატა ბურჭულაძე, ეთერ ჭყონია, ზურაბ ანჯაფარიძე, პეტრე ამირანაშვილი, მედეა ამირანაშვილი, ბათუ კრავეიშვილი, ლამარა ჭყონია, ზურაბ სოტკილავა, დავით ანდღულაძე, ნუგზარ გამგებელი, ლადო ათანელი და სხვა. მან მათი სახით აღზარდა ბრწყინვალე თაობა, იყო თავისი საქმის უბადლო ოსტატი.

მან შექმნა ქართველ პიანისტ-აკომპანიატორთა მთელი სკოლა, მისი აღზრდილები წარმატებით მოღვაწეობენ თბილისში, საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთაც.

1996 წლის 23 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დადგენილებით ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის კონცერტმაისტერი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი ტატიანა დუნენკო დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.[1]

ტატიანა დუნენკო გარდაიცვალა 1999 წლის 18 ოქტომბერს, 87 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.511

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]