ტამილური ლიტერატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტამილური ლიტერატურა — ინდოეთის სამხრეთ ნაწილში (ტამილნადუს შტატი) მცხოვრები ხალხის — ტამილების ლიტერატურა. გავრცელებულია აგრეთვე ჩრდილოეთ ცეილონზე და ნაწილობრივ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განსაკუთრებით სინგაპურსა და მალაიზიაში, სამხრეთ აფრიკაში, წყნარი ოკეანის კუნძულებზე (ტრინიდადი, მარტინიკა, ფიჯი, მავრიკი) და ტამილებით დასახლებულ სხვა ადგილებში. სათავეს იღებს I ათასწლეულის დასაწყისში. ვითარდებოდა სრულიად დამოუკიდებლად, გადმოცემით. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა სამი ლიტერატურული აკადემია (სანგი), რომლებშიც გაერთიანებული იყო ათასობით პოეტი. ახ. წ. პირველ საუკუნეში, ადურაში მესამე სანგის არსებობაზე მიუთითებს ისტორიული წყაროები. ამავე პერიოდს ეკუთვნის ე.წ. „სანგის პოეზია“, რომელიც წარმოდგენილია კრებულებით „რვა ანთოლოგია“ და „ათი სიმღერა“. ტამილური ლექსთწყობის სისტემა მეტად ორიგინალური და თვითმყოფია. პრაქტიკაში გამომუშავებული ლიტერატურული წესები შეტანილია ჩვენამდე მოღწეულ ტამილური გრამატიკის ტრაქტატში — „ტოლკაპიამი“.

ჯაინიზმისა და ბუდიზმის გავრცელებამ ხელი შეუწყო დიდაქტიკური პოეზიის შექმნას. აფორისტული პოეზიის კრებულებში „ტირუკულარი“ და „ნალადიარი“ განმარტებულია ინდური ფილოსოფიის სამი ტრადიციული „სიცოცხლის მიზანი“: 1. დჰარმა (ზნეობის კანონების შესაბამისი სწორი ყოფაქცევის წესები), 2. ართა (მატერ. სარფა), 3. კამა (ხორციელი ტკბობა). ამ თხზულებებში არ აისახა მეოთხე მიზანი — მოკშა (სულის დახსნა). აღსანიშნავია პოემები: „მოთხრობა სამაჯურზე“ (დაახლ. VII–IX სს.), „მარგალიტის ქამარი“, „ვალაიაბადი“, „კუნდალაკეში“ (მოაღწია არასრული სახით), „ჯივაკის ჯადოსნური თვალი“ (X ს.). კამბაის პოემაში „რამაინა“ (X–XI სს.) ჩანს ტამილური ეროვნული ყოფისათვის დამახასიათებელი შტრიხები, რითაც იგი სცილდება თარგმნილი ნაწარმოების ჩარჩოებს. საერო-საკარო პოეზიის წარმომადგენლები არიან პოეტები ოტაკუტანი (XII ს.) და პუჰაჟენდი (XIII–XIV სს.). ფართოდ გავრცელდა პოეზიასა და პროზაში ტამილური და სანსკრიტული ელემენტების ნაზავი ხელოვნური, ღვარჭნილი სტილი „მანიპრავალამი“ („მარგალიტი და მარჯანი“). VII–VIII სს-ში წარმოიშვა ბჰაკტის პოეზიის მდიდარი ტრადიცია.

XII საუკუნეში დაიწყო ტამილური კულტურის აღმავლობა. გავრცელდა განმანათლებლური იდეები, განვითარდა პროზა. თანამედროვე პროზის მამამთავრად თვლიან ცეილონელ ტამილს — არუმუგა ნავალარს (1823–1879). პირველი ტამილური რომანის ავტორია ვედანაიაგამ პილაი (1826–1889). მოთხრობის ჟანრის განვითარება დაკავშირებულია დასავლეთ ევროპის ნოველისტების თხზულებათა თარგმნასა და ადაპტაციასთან.

XX საუკუნის დასაწყისში პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სუპირამანი ბარადის (1882–1921). აღსანიშნავია მწერლების, კალკის (1899–1954) და მაჰადევანის (1913–1957) სოციალური რომანები; თანამედროვე მწერლების მ. ვარადარაჯანის (1912–1973), ს. ტირიპურასუნდარის, აჰილანის ფსიქოლოგიური რომანები. ტამილურმა ლიტერატურამ გავლენა მოახდინა სამხრეთ ინდოეთის ხალხების ლიტერატურის განვითარებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]