სტეფანე ელიაძე
სტეფანე ელიაძე (დ. 1884, უჩხო, ოზურგეთის მაზრა — გ. უცნობია) — ქართველი სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გლეხის ოჯახში, ორკლასიანი დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედის ორკლასიან სკოლაში. განათლების მიღების შემდეგ სამუშაოდ გადადის ბათუმში, სადაც სტამბის მუშა ხდება, სწავლობს ასოთამწყობის პროფესიას. 1915 წელს სამუშაოდ გადმოდის თბილისში, ხდება სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკური ფრაქციის აქტიური წევრი. წლების განმავლობაში იყო ბეჭდვითი საქმის მუშათა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრი.
1918 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, მცირე ხნით შედიოდა საბჭოს იურიდიულ კომისიაში. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრესაში, თანამშრომლობდა გაზეთ „ერთობასთან“. იყო საავადმყოფოთა სარევიზიო კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით მონაწილეობას იღებდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, საკანდიდატო სიაში 123-ე იყო. 1920 წლის აგვისტოდან ალექსანდრე ლომთათიძესა და ივანე გომართელთან ერთად შედიოდა სოციალ-დემოკრატების მიერ გამოცემულ აგრარული პროფილის გაზეთ „სოფლის მუშის“ სარედაქციო კოლეგიაში. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული იყო მეტეხის ციხეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 135.
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109. ფ. 1834, აღწ. 2, საქ. 52;
- გაზ. „ერთობა“, 1920, №185.