სიმონ გუგუნავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუგუნავა (მრავალმნიშვნელოვანი).
სიმონ გუგუნავა
სიმონ გუგუნავა.jpg
დაბ. თარიღი 30 ივნისი (12 ივლისი) 1839
დაბ. ადგილი ძიმითი, იმერეთის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 18 (31) ივლისი 1909 (70 წელი)
გარდ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
ფსევდონიმი ძიმითელი მეჩანგე
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Magnum opus თამარიანი

სიმონ გუგუნავა (დ. 30 ივნისი 1839 — გ. 18 ივლისი 1909) — თავადი, ქართველი პოეტი, პოემა „თამარიანის“ ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სოფელ ძიმითში (ოზურგეთის მაზრა) თავად დავით გუგუნავას ოჯახში. მისი დედა ელისაბედ მიქელაძე წიგნის მოყვარული და განათლებული ქალი იყო. ოჯახში მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონიათ. სწავლობდა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1889-98 წწ. იყო ოზურგეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, 1898-1904 წლებში იყო ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე. 1872 წელს დაქორწინდა ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ასულ ფედოსიზე, რომელიც სილამაზით ყოფილა განთქმული.

1888 წ. გამოიცა გუგუნავას პოემა „თამარიანი. ლექსად თქმული“, რომელიც გრიგოლ რჩეულიშვილის ისტორიული რომანის „თამარ ბატონიშვილის“ პოეტური გადამუშავებაა. გადმოცემის თანახმად გურიის სოფელ გორაბერეჟოულში, აკაკი წერეთლის რჩევით, რაფიელ ერისთავი და სიმონ გუგუნავა ერთამენთს გაეჯიბრნენ, რომელი მათგანი გალექსავდა უკეთ გრიგოლ რჩეულიშვილის ისტორიულ რომანს „თამარ ბატონიშვილი“. ორივე ავტორის „თამარიანი“ 1888 წელს გამოიცა. გუგუნავას პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთაველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა. „თამარიანმა“ დიდი პოპულარობა მოიპოვა (1888-1970 წწ. ათგზის გამოიცა). მისი მზითევში წაღება პრესტიჟული იყო, ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა.

თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში „დროება“, „კვალი“, „მწყემსი“, „მოამბე“. 1893-1895 წლებში ამ ჟურნალებში ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს. გუგუნავას ეკუთვნის რამდენიმე ლექსი, მათ შორის „დედაენა“ („კვალი“, 1893, № 14), „მოხუცის ანდერძი“ („მოამბე“, 1895, №31), „ვუძღვნი მოსწავლე ქართველობას“ („მწყემსი“, 1895, №13). მას აგრეთვე ეუთვნის სარეცენზიო სტატია „წერილი ქუთაისიდან“, რომელიც ქართულ გალობას შეეხებოდა („დროება“, 1884, 30 მარტი). მისი სხვა ლექსები და პოემა „ტყვე სასტიკი ზამთრისა“ დაკარგულია სოფელ ნაგომარში გუგუნავას საცხოვრებელი სახლის, „პოეზიის სასახლის“ დაწვის გამო.

გუგუნავას ჰობი იყო ჭადრაკის თამაში. დაახლოებული იყო აკაკი წერეთელთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას ნაგომარში. გარდაიცვალა ქუთაისში. დაკრძალულია იქვე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]