სვია (მცენარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სვია (მრავალმნიშვნელოვანი).
სვია
Illustration Humulus lupulus0.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
(რანგის გარეშე): ყვავილოვნები
(რანგის გარეშე): Eudicots
(რანგის გარეშე): Rosids
რიგი: Rosales
ოჯახი: Cannabaceae
გვარი: Humulus
სახეობა: სვია
ლათინური სახელი
Humulus lupulus

სვია (ლათ. Humulus lupulus) — ერთ და მრავალწლოვან ორსახლიან ხვიარა მცენარეთა გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. ღერო ხვიარა, ოთხწახნაგოვანი, 6 მ–მდე სიგრძის საყრდენს ეკიდება კაუჭიანი ეკლებით. ღერძული ფესვიდან გამოდის ჰორიზონტალური ყლორტები, რომლებიც კვანძებთან ფესვიანდება და იქედან ვითარდება ახალი მიწისზედა ღერო. ფოთლები ფართო კვერცხისებრი ან მომრგვალო, გრძელყუნწიანია, ფუძესთან გულისებრი, მთლიანი ან 3–5 თათისებრნაკვთიანი, კიდეებზე მსხვილკბილა. ზევითკენ ფოთლები პატარავდება და მარტივდება, ზევიდან ხაოიანია, ქვევიდან ძარღვების გაყოლებაზე აქვს მახვილწვერიანი ეკლები. თანაფოთლები ლანცეტისებრია, დიდი ზომის, ერთმანეთს მიახლოებული. მტვრიანიანი ყვავილები სგაველასებრაა დაკიდული, ბუტკოიანი — მოკლე უბისებრ თავთუნებად, სხედან 2 ერთად საერთო თანაყვავილედის უბეში, გარდა ამისა, თითოეულ ყვავილს აქვს თავისი თანაყვავილედები ძლიერ იზრდება და დამწიფებული თავთუნი, ე.წ. სვიის „გირჩა“ 1,5–2 სმ სიდიდეს აღწევს.

მცენარე ყვავილობს VI-VIII. სვია იზრდება ტენიან ადგილებში, ტყისპირებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობებში, ადის მთის შუა სარტყელამდე — 1200 მ–მდე ზღვის დონიდან. გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, აფხაზეთში, აჭარაში, ქართლში, კახეთში, სამაჩაბლოში, თრიალეთში. საქართველოში გვარი სვია ერთის სახეობითაა წარმოდგენილი. სამრეწველო მიზნით მოჰყავთ ბოსტნებსა და ბაღებში — მთელ საქართველოში. საერთო გავრცელება — დასავლეთი ევროპა, სამხრეთი აფრიკა, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა, ავსტრალია, ჩინეთი, ცენტრალური აზია. ნედლეული.

სვიის გირჩები — ნაყოფედი კვერცხისებრი ფორმისაა, შედგება მომრგვალო თესლურებისაგან, რომლებიც თანაყვავილედის უბეებში და ყვავილსაფარის ფოთლებშია დაფარული. ნაყოფედი შედგება საერთო ღერძისაგან, რომელზეც მოთავსებულია კრამიტისებრ განლაგებული მრავალრიცხოვანი თანაყვავილედი. ისინი დაფარულია ხშირი ყვითელი ჯირკვლებით. გირჩებს აგროვებენ სრულ დამწიფებამდე, როდესაც მომწვანო-ყვითელი შეფერილობა აქვს. დაუშვებელია მწიფე გირჩების დამზადება, ამ დროს ისინი ყვითელი–მურა ფერისაა, ქერქლები გამოშვერილია და მრავალკაკლუჭიანი. აშრობენ სწრაფად, რომ მოქმედი ნივთიერებები არ დაიშალოს. გარდა ამისა, ამზადებენ ჯირკვლებს, რომლებსაც მშრალი გირჩებიდან გამობერტყავენ და გაცრიან. მიიღება ოქროსფერ-ყვითელი ფხვნილი, ე. წ. Lupulinum მედიცინაში გამოყენება. სვიის გირჩები დამამშვიდებელი მოქმედებისაა, აუმჯობესებს ძილს, ხმარობენ კლიმაქსური დარღვევისას, ასევევ გასტრიტის, სანაღვლე გზებისა და ღვიძლის დაავადებებისას, შარდსასქესო გზების პათოლოგიის დროს. გირჩები შედის სედატიურ ნაკრებში, ეთეროვანი ზეთი და ექსტრაქტი კი გულ-სისხლძარღვთა პრეპარატებში, პრეპარატ უროლესანში; „ლუპულინს“ იყენებენ ჰომეოპათიაში. სვია უძველესი ხალხური საშუალებაა, დადგენილია მისი ძალზე მაღალი ანტიბაქტერიული და ალერგიის საწინააღმდეგგო მოქმედება. ევროპელები IX საუკუნიდან იყენებენ სვიას ლუდისა და პურის წარმოებაში. ამრიგად, სვიას ახასიათებს მოქმედებისა და გამოყენების ფართო სპექტრი, მაგრამ რომელი შენაერთი განაპირობებს ამა თუ იმ ეფექტს, არაა დადგენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005
  • ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. "მეცნიერება:. თბილისი. 2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID-ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI-VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) — TACIS program (United kingdom)
  • Lali Dateshidze and co-authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005. „ტექინფორმის“ დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სტატია ჟურნალში „მცენარეთა მეცნიერებები“: 2009 წ.
  • ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 316, თბ., 1985 წელი.
  • შენგელია ზურაბ, სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში, თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
  • საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971-1987 წ.