გასტრიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gastritis helicobacter - intermed mag.jpg

გასტრიტი — კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. მათი გამომწვევი მიზეზი და კლინიკური ნიშნები, ანუ დამახასიათებელი ჩივილები, შეიძლება განსხვავებული იყოს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.

მწვავე გასტრიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განასხვავებენ მწვავე გასტრიტის რამდენიმე ფორმას. ერთ-ერთი ფორმა მედიკამენტებით განპირობებული პათოლოგია. ზოგიერთი პრეპარატი, მაგ. ასპირინი, კუჭ-ქვეშა ჯირკვლის ფერმენტები და ა.შ., მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცველ ფუნქციას. იქმნება მწვავე ანთებითი პროცესების განვითარების პირობები. ამიტომ ამ პრეპარატების მიღება მიზანშეწონილია კვების შემდეგ და ხანმოკლე დროის განმავლობაში.

მწვავე გასტრიტი შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიამ, რომლის ლათინური სხელწოდებაა ჰელიკობაქტერ პილორი. ეს ბაქტერია სპირალური ფორმისაა და მრავლობითი შოლტი აქვს. განაპირობებს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას. კუჭში მიკრობი ძირითადად ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული.

მიკრობით განპირობებული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ, ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ბაქტერიის აღმოჩენის მიზნით კუჭის ლორწოვანი გარსიდან იღებენ ქსოვილს (ბიოფსია) და შეისწავლიან. გამომწვევი ბაქტერიის დასადგენად გამოიყენება ე.წ. უარეაზული ცდა. ზოგჯერ იკვლევენ მიკრობის საწინააღმდეგო ანტისხეულებსაც.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასტრიტის დაგნოსტიკისათვის საუკეთესოა ენდოსკოპიური გამოკვლევა, ნაკლებინფორმაციულია რენტგენოლოგიური კვლევა.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკურნალობა სხვადასხვა მიზეზით განპირობებული გასტრიტის დროს განსხვავებულია. ჰელიკობაქტერიით გამოწვეული გასტრიტის მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების კომბინაციით და 2 კვირიდან 2 თვემდე გრძელდება.

არსებობს ინფექციური გასტრიტიც, რომელიც განპირობებულია სხვა ბაქტერიებითა და ვირუსებით, კერძოდ, სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, მარტივი ჰერპესით, ციტომეგალოვირუსით და სხვ.

ქრონიკული გასტრიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრონიკულ გასტრიტს ახასიათებს ანტებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობა. ადრეულ ეტაპზე პათოლოგიური პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ, შემდეგ კი ჯირკვლოვან შრეში ლოკალიზდება, დაავადების განვითარებისას კი კუჭის ჯირკვლების სტრუქტურის რრვევა, განლევა ან გადაგვარება მიმდინარეობს.

კლინიკური სურათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Deep gastric ulcer.png

ქრონიკული გასტრიტის დროს გამოხატული ჩივილები არასპეციფიკურია, ამიტომაც მხოლოდ კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე ქრონიკული გასტრიტის ფორმების დიფერენცირება ძალზე რთულია.

A ტიპის ქრონიკულ გასტრიტს ხშირად თან ახლავს ანემია, ანუ სისხლნაკლებობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, ვიტილიგო. ზოგჯერ ქრონიკული გასტრიტი უსიმპტომოდ, ანუ ჩივილების გარეშე, მიმდინარეობს.

კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეციით (გამომუშავებით) მიმდინარე ჰიპერაციდული გასტრიტისთვის დამახასიათებელია:

  • საკვების მიღების დროს ან 15-30 წთ-ის შემდეგ კუჭის პროცესიაზე ტკივილის აღმოცენება
  • იშვიათად ტკივილი შეიძლება წარმოიშვას საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ ან უზმოზეც, დამახასიათებელია გულძმარვაც
  • ჭამის მადა ჩვეულებრივია ან ზოგჯერ გაძლიერებული
  • წარმოქმნილი სიმპტომები დიეტის დარღვევისას ძლიერდება (შემწვარი ხორცი, მწარე, მჟავე, საჭმელი, გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელები)
  • სიმპტომები 1-2 საათის განმავლობაშია გამოხატული და შესაძლოა სოდიანი, მინერალური წყლის, ჩაის ან მცირედი საკვების მიღების ფონზე დაწყნარდეს
  • კვების რეჟიმის დარღვევისას შეიძლება განვიტარდეს ღებინება მჟავე მასებით
  • არ აღინიშნება სეზონური გამწვავებები

კუჭის წვენის შემცირებული სეკრეციით მიმდინარე ჰიპოაციდური გასტრიტისთვის დამახასიათებელია:

  • მადის დაქვეითება ან სრული დაკარგვა
  • უსიამოვნო გემოვნებითი შეგრძნებები
  • ჭამის დროს კუჭის გავსების შეგრძნება
  • კუჭის პროცესიაზე სიმძიმის შეგრძნება ან ყრუ ტკივილი
  • ჩამოთვლილი სიმპტომები საკვების მიღებისთანავე ვიტარდება
  • აღსანიშნავია საერთო სისუსტე, დაღლილობა, უმოძრაობა, ადამიანი საკუთარ თავში იკეტება, სიმსივნით დაავადების შიში უჩნდება
  • ხელებსა და ფეხებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება
  • კანი მშრალი და ფერმკრთალია, თმა- თხელი და ბოლოში გაყოფილი, ფრჩხილები- დეფორმირებული
  • ენა თეთრი ნადებით არის დაფარული

ქრონიკული გასტრიტის გამწვავება ხშირად მოსდევს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, ცხარე, ცხიმიანი, სანელებლიანი, შებოლილი, ზედმეტად ცივი და ცხელი საკვების მიღებას. კონსერვატებით, საღებავებითა და ემულგატორებით დამზადებული პროდუქტები გასტრიტის გამწვავების ძირითადი მიზეზია

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრონიკული გასტრიტის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კუჭის ლორწოვანი გარსიდან ქსოვილის აღებას, ზოგჯერ რამდენიმე ადგილიდან, და მიკროსკოპით შესწავლას. რენტგენოლოგიური მონაცემები არაინფორმაციულია.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასტრიტის სპეციალური მკურნალობის მეთოდები საბოლოოდ არ არის შემუშავებული. A ტიპი დროს ინიშნება B12 ვიტამინის პრეპარატები, ჰელიკობაქტერიის არსებობისას კი- ანტიბიოტიკები და სხვა მედიკამენტები სქემის მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, თბ., 2015
  • Белоусов А. С., Водолагин В. Д., Жаков В. П. Диагностика, дифференциальная диагностика и лечение болезней органов пищеварения / М.: «Медицина», 2002. 424 с. ISBN 5-225-04504-9.
  • Клинические рекомендации. Гастроэнтерология / Под ред. В. Т. Ивашкина. — М.: ГЭОТАР-Медиа, 2006. 208 с. ISBN 5-9704-0294-X.
  • Детская гастроэнтерология (избранные главы) / Под ред. А. А. Баранова, Е. В. Климанской, Г. В. Римарчук — М., 2002. 592 с., илл. ISBN 5-93265-007-9.
  • Клинические лекции по гастроэнтерологии и гепатологии / Под редакцией А. В. Калинина, А. И. Хазанова, А. Н. Культюшнова, в 3-х томах. Том 1. Общие проблемы гастроэнтерологии. Болезни пищевода, желудка, двенадцатиперстной кишки. / М., ГИУВ МО РФ, Главный клинический госпиталь им. академика Н. Н. Бурденко. 348 с., илл.