სისხლი (სამართალი)
„სისხლი“ — სასჯელის სახე, ქონებრივი საზღაური სისხლის სამართალდარღვევისათვის ძველ საქართველოში. „სისხლი“ სხვადასხვაგვარი დანაშაულისათვის იყო დაწესებული; ჩვეულებრივ, მკვლელობისა და სხეულის დაზიანებისათვის, აგრეთვე ცოლის უმიზეზოდ დაგდებისა თუ„განტევებისათვის“, ვისიმე დანიშნული ქალის მოტაცებისათვის, მიხდომისა და ციხის დაქცევისათვის და სხვა.
„სისხლმა“ შეცვალა შურისძიების, სისხლის აღების ჩვეულება. იგი კომპოზიციის ფართოდ გავრცელებულ, ძირითად ფორმას, ვერგელდის ანალოგს წარმოადგენდა ქართულ სამართალში (არსებობდა კომპოზიციის სპეციალური სახეობანიც, კერძოდ, განსაკუთრებული ქონებრივი საზღაური ჭრილობისათვის — გერში, შეურაცხოფისათვის — საუპატიო თუ უარზანგობა, ქურდობისათვის — შვიდეული, მესისხლეთა დაზავებისათვის — საპირო, „სისხლის“ ზღვევის საწინდარი — სანახშირო).
„სისხლი“ დამნაშავეს დაზარალებულის სასარგებლოდ სასამართლოს მეშვეობით ეკისრებოდა. ასეთი საზღაურის გადახდას „სისხლის დაურვება“ ეწოდებოდა. თავდაპირველად საზრაურის გადახდაში მონაწილეობა დამნაშავის მთელ გვარს, შემდეგ კი ნათესავთა შედარებით უფრო ვიწრო წრესა და, ბოლო, მხოლოდ ოჯახს ევალებოდა. დანაშაიულებრივი თვითგასწორების შემთხვევაში სათანადო საზღაურის გადახდა თავ-თავიანთი დანაშაეულისათვის ორივე მხარეს ეკისრებოდა და „სისხლი“ ურთიერთშეფარდებით მიეცემოდა. „სისხლს“ ითვალისწინებს სამართლის წიგნები და სიგელგუჯრები. კანონმდებლობაში „სისხლი“ ჩვეულებითი სამართლის სფეროდან შევიდა.
საზღაურის ოდენობა დაზარალებულის სოციალური-წოდებრივი მდგომარეობით („გვარობის სისხლი“) და დანაშაულის სიმძიმით განისაზღვრებოდა. წოდებებისა თი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელთა „სისხლის ფასი“ წინასწარ იყო გათვალისწინებული ჩვეულებით თუ კანონმდებლობაში. მაგ., „ძველად დადებული“ და ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში შეტანილი „სისხლის განაჩენების“ მიხედვით, დიდებული თავადის „მთელი სიკუდილის სისხლი“ 1536, „გადიდებულის აზნაურისა“ — 192, მსახურისა — 24, გლეხკაცისა კი 12 თუმანს შეადგენდა. საერთოდ, „სისხლს“ იხდიდნენ გვარისა და ღირსების, ფეოდალურ-წოდებრივ იერაარქიაში დაკავებული ადგილის კვალობაზე — შესაბამისად „ჩინებისა მათისა... ზეიდან ქუეით ნახევრად, ანუ ქუეიდამ ზევით ერთორად“ (ვახუშტი ბატონიშვილი). „სისხლის დაურვების“ სისტემა კაზუისტიკურ პრინციპზე იყო აგებული. დანაშაულის ჩადენა შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებებში შესაბამისად ამცირებდა ან ადიდებდა საზღაურის რაოდენობას, სახელდობრ, გიორგი V ბრწყინვალის „ძეგლის დადებაში“ ვითარებისდა მიხედვით დადგენილია ორმაგი, 1, 1/2, !73, 1/4, 1/5 და 1/6 „სისხლის დაურვება“. სასაფლაოზე თავდასხმით მკვლელობისათვის დამნაშავე „სისხლს“ სამკეცად იხდიდა (ვახტანგ VI-ის სამართალი, მ. 50). ხელმწიფის მოხელის მკვლელობისა თუ დაჭრისათვის დამნაშავეს დამატებით„საჴელოს სისხლიც“ უნდა გადაეხადა. სამართლის ძეგლებში საგანგებოდაა განსაზღვრული „კაცის აგებულობის სისხლი“ ანუ ცალკეული ორგანოს დაშავების საზღაური.ორთავ თვალის (ასევე ხელების ან ფეხების) სრულიად წახდენა კაცის სიკვდილად მიიჩნეოდა და დამნაშავე „მთელ სისხლს“ იხდიდა. ფათერაკის საზღაურს „საფათერაკო სისხლი“ ერქვა. „სისხლი“, მართალია, ფულადი სახით განისაზღვრებოდა, მაგრამ მისი გადახდა პირუტყვით, სხვადასხვანაირი ნივთეულობითა და ყმა-მამულითაც შეიძლებოდა. „სისხლის“ ანგარიშში აღებულ ქონებას „ნასისხლი“ („ნასისხარი“) ეწოდებოდა. საზღაურად დაზარალებულს ზოგჯერ თვით დამნაშავეც გადაეცემოდა („ჴელთა მიცემა“).
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 1-6, თბ., 1963-1977
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 395.