საყდრისქედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყდრისქედის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფ. პატარა დმანისიდან 1,8 კმ-ის დაშორებით, მდ. ფინეზაურის ხეობაში, საყდრის ქედზე. ეკლესიის ნანგრევებს პირველად 1962 წელს მიაკვლია დ. ბერძენიშვილმა. ამ ნანგრევებში აღმოჩნდა საყურადღებო სტელა ასომთავრული წარწერით. ეს იყო დმანისის ამირას იობ მიხრიკის ძის წარწერა, რომელშიც მოხსენებულია მეფე გიორგი IV ლაშა. სწორედ მისი მეფობისას აღუმართვას ამირას წარწერებიანი სტელა. წარწერას იმდენად დიდი ინტერესი მოჰყვა, რომ დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1963-1964 წლებში და 1973 წელს საყდრისქედის დანგრეულ ეკლესიაში ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები და საინტერესო მასალებსაც მიაკვლია. ეკლესიის დასავლეთით მდებარე ფერდობზე ნასოფლარის ნაშთებია შემორჩენილი. ეკლესიის გარშემო კი რამდენიმე საფლავის ქვა შეინიშნებოდა.

ეკლესია დარბაზულია (5,85 X 3,25 მ), ნაგებია სხვადასხვა სიდიდის ფლეთილი ქვისაგან კირხსნარზე. ქვების წყობა არაა სწორხაზოვანი. კედლები შიგნიდან შელესილი ყოფილა. კარი სამხრეთიდან ჰქონია. საკურთხეველში შემორჩენილია სარკმლის ჭრილი. სარკმლის დაბლა, ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი ეკლესიის იატაკიდან ერთი საფეხურით მაღლაა. იატაკი კირხსნარით ყოფილა მოგებული. ეკლესიის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებს მთელ სიგრძეზე შემოუყვებოდა მლოცველთა ჩამოსაჯდომი საფეხური. ასეთივე საფეხური შემოუყვებოდა საკურთხევლის კედელსაც. თაღოვანი ჭერი ეყრდნობოდა პილასტრების კაპიტელებს. სახურავი დაფარული ყოფილა ლორფინით.

საკუთრივ ეკლესიის გარდა, სადაც აღმოჩნდა XVIII საუკუნის ორი ოსმალური მონეტა, გაიწმინდა ეკლესიის სამხრეთი მინაშენი. იქ გამოვლინდა წარწერიანი ქვის ფრაგმენტი, კანკელის სვეტი, XI საუკუნის ორი ბიზანტიური მონეტა. მოჭრილი რომანოზ III-ისა და თეოდორას სახელით. ეკლესიის დასავლეთი კედლის გაყოლებაზე გაკეთებულ თხრილში აღმოჩნდა მონეტების განძი. შედგენილი 33 მონეტით. ისინი მოჭრილია თამარ მეფის მმართველობის დროს. გარდა ამისა, მინაშენში გამოვლინდა 3 სხვადასხა სახელით მოჭრილი მონეტა. გარდა ამისა, მინაშენში გამოვლინდა 3 ქვევრი, თავისივე ქვის სარქველებით. ეკლესიის დასავლეთ კედელთან აღმოჩნდა სპილენძის 15 მონეტისაგან შედგენილი განძი. მონეტები, პირველი განძის მსგავსად, ეკუთვნოდა თამარ მეფის ეპოქას.

ამ პატარა ეკლესიამ, რომელიც არაფრით გამოირჩევა თავისი არქიტექტურითა და მასშტაბებით, შემოინახა საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალები. პირველ რიგში, ფასდაუდებელია დმანისელი ამირას იობ მიხრიკის ძის სახელით შესრულებული XIII საუკუნის პირველი მეოთხედის ასომთავრული წარწერა, რომლის მიხედვითაც დგინდება ლაშა-გიორგის დროინდელი ქალაქის მმართველის სახელი. ჩანს ეთნიკურად ჭრელ ქალაქს ქართველი მოხელე განაგებდა. გარდა ამ წარწერისა, ეკლესიაში აღმოჩნდა კიდევ რამდენიმე ასომთავრული წარწერა, მაგრამ მნიშვნელობით ისინი ვეღარ შეედრებიან დმანისელი ამირას წარწერას. განათხარი მასალიდან საყურადღებოა XIII საუკუნის პირველი ნახევრის კანკელის ნაწილები, რომელიც მაღალმხატვრულ დონზეა შესრულებული. კანკელს ამკობს სტილიზებული მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტი.

საინტერესოა ეკლესიაში აღმოჩენლი მონეტები, რომელთაგან თამარის დროინდელი მონეტები განძის სახით იყო ჩაფლული. მათ გარდა, აღმოჩნდა XI საუკუნის ორი ბიზანტიური მონეტა. ნუმიზმატების აზრით, XI საუკუნის ბიზანტიური მონეტები ჩვენში კარგა ხანს იყო ბრუნვაში. მათ შორის XIII საუკუნეშიც, ამიტომ მათი აქ აღმოჩენა მოულოდნელობა არაა.

ეკლესია აგებული იყო XII საუკუნის მიწურულსა და XIII საუკუნის დასაწყისში. ჩანს ეკლესია დაინგრა XVIII საუკუნეში. სწორედ მაშინ უნდა მოხვედრილიყო XVIII საუკუნის ოსმალური მონეტები ეკლესიის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ნაწილი II-III, გამომცემლობა "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი", ბათუმი, გვ. 64-66.