შინაარსზე გადასვლა

რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისპირის წმინდა შიოს მონასტერიარქიტექტურული მონუმენტური ხელოვნების ძეგლი დგას სოფელ რუისპირის ზემოთ ოთხიოდე კილომეტრზე მდინარე თურდოს მარცხენა, მაღალ ნაპირზე, ნასოფლარ არტოზანის ტერიტორიაზე, ფლატის პირას. მონასტრის მთავარი ნაგებობა წმინდა შიოს ეკლესიაა. თარიღდება XII საუკუნის II ნახევრით.

იგი დარბაზული ტიპისაა, ნახევარწრიული შვერილი აფსიდით აღმოსავლეთით. აფსიდი გარედან ხუთწახნაგა აბრისშია ჩაწერილი და ეკლესიის ძირითადი კორპუსიდან მოკლე მხრებით გამოიყოფა. ეკლესიასთან სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან თანადროული, თითქმის კვადრატული გეგმის მინაშენები ეკვრის. სამხრეთ მინაშენი — სამ მხარეს თაღებით გახსნილი კარიბჭე — ფასადის შუა ნაწილზეა მიდგმული ჩრდილოეთისა კი — აღმოსავლეთ კიდეში იგი ეკლესიის ძირითად კორპუსთან წყობითაა დაკავშირებული. ეკლესიას, დასავლეთიდან, მოგვიანებით აგებული, სამხრეთ ჩრდილოეთის მიმართულებით წაგრძელებული ნაგებობა ეკვრის, რომელიც დასავლეთ კედელს მთელ სიგრძეზე გაუყვება. მომდევნო ხანებში, ამ უკანასკნელზე დასავლეთიდან მიუშენებიათ იგივე სიგრძისა და დაახლოებით იმავე სიმაღლის ნაგებობა, რომლის შუა ნაწილზე სამრეკლოა დადგმული. ეკლესია თითქმის მთლიანად, კვადრატული აგურითაა ნაგები.

საკურთხეველში, კონქის კომპოზიციიდან, ფრონტალურად მოცემული მთავარანგელოზთა გამოსახულებებისგან მხოლოდ ტერფებია დარჩენილი. მეორე რეგისტრში, აფსიდის კედელზე თორმეტი მოციქულის წელზედა ფიგურებია მედალიონებში. ჩრდილოეთ კიდეში კი, პილასტრთან ახლოს, ადგილის სიმცირის გამო, მედალიონი, „ჩამოჭრილია“, ხოლო მოციქული, სხვებისგან განსხვავებით, ცენტრისკენ ¾-ითაა შებრუნებული. მესამე რეგისტრში ეკლესიის მამათა ფრონტალური ფიგურებია, რომელთაც სამხრეთ და ჩრდილოეთ მხრიდან თითო დიაკვანი უდგას. ეკლესიის მამებს ერთ ხელში წიგნი უჭირავთ, მარჯვენა ხელი კურთხევის ჟესტით მკერდის წინ აქვთ აღმართული. ხელები მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფარული ტანსაცმლით, მთელი თანით წარმოდგენილი თითო წმინდანი გამოსახულია სარკმლების წირთხლებზე. ერთ მათგანს ქართულ ასომთავრულწარწერიანი, გაშლილი გრაგნილი უჭირავს. მღვდელმსახურობის დასაჯდომის ზედა საფეხურის თავზე, საკმაოდ მაღლა, მხატვრობას ასრულებს გეომეტრიული ორნამენტის ზოლი. მცენარეული ორნამენტის ნაშთები გაირჩევა საკურთხევლის მიმდებარე პილასტრებზე.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კართან ახლოს გამოსახული საერო პირები. ორივე გამოსახულება კედლის ცენტრისაკენ ¾-ით არის შებრუნებული. ხელები, ქრისტეს მიმართულებით, ვედრების ჟესტით აქვთ გაწვდილი, ორივე გვირგვინოსანია. ერთი მათგანი მამაკაცია. მეორე ძნელად გაირჩევა. მას გრძელი სამოსი აცვია და, სილუეტის მიხედვით, ქალი უნდა იყოს. ჩანს მისი ყვითელი მოსასხამი და მისი შიდა, წითელი სამოსი, არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად ეს პირიც მამაკაცია მათ შორის ერთი დავით ულუდ, ხოლო მეორე დავით ნარინადაა მიჩნეული შესაბამისად, მხატვრობის თარიღიც 1247-1259 წლებით არის განსაზღვრული. დარბაზის მხატვრობას ასრულებს ორნამენტის ფართო ზოლი, რომლის ფრაგმენტები სამივე კედელზეა შემორჩენილი, ამჟამად, მისი მოტივი აღარ გაირჩევა, მაგრამ, როგორც ჩანს, საკურთხევლის მსგავსად, აქაც გეომეტრიული ორნამენტი იყო გამოყენებული.

1980-იან წლების მიწურულს სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწყისი სახელოსნოს მიერ ძეგლზე ჩატარებული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, აღდგა ეკლესიის კედლების დანგრეული ნაწილები და ლავგარდანი, მთლიანად აღდგა მინაშენები და სამრეკლო. ეკლესიის სამრეკლო და მინაშენები გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. დაკონსერვდა ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან მდგარი სამლოცველო და ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე საცხოვრებელი ნაგებობა რესტავრაციამდე ეკლესიის კედლებს შემორჩენილი ჰქონდა რიყის ქვით აღდგენილი ნაწილები, რომლებიც მოიხსნა და აგურით შეიცვალა.

რუისპირის წმინდა შიოს მონასტერს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].