რამონ მერკადერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნამდვილი სახელი რამონ მერკადერი
დაბ. თარიღი 7 თებერვალი, 1913
დაბ. ადგილი ბარსელონა, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 18 ოქტომბერი,1978
გარდაცვალების ადგილი ჰავანა, კუბა
დაკრძალულია კუნცევოს სასაფლაო, მოსკოვი
ეროვნება ესპანელი
საქმიანობა შსსკ აგენტი
დედა კარიდად მერკადერი
დაპატიმრების თარიღი 1940
წაყენებული ბრალდება ლევ ტროცკის მკვლელობა
განაჩენი პატიმრობა
იარაღი წერაყინი

რამონ მერკადერი (Jaime Ramón Mercader del Río, დ. 7 თებერვალი 1913 – გ.18 ოქტომბერი, 1978) — ესპანელი კომუნისტი და შსსკ საიდუმლო აგენტი, რომელმაც 1940 წელს მოკლა რევოლუციონერი ლევ ტროცკი. [1] მერკადერი 19 წლისა და 8 თვის განმავლობაში იხდიდა სასჯელს მეხიკოს ციხეში. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ის, საბჭოთა კავშირსა და კუბაში ცხოვრობდა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამონ მერკადერი 1913 წლის 7 თებერვალს ესპანეთში, კატალონიაში დაიბადა, შეძლებულ ოჯახში. მისი დედა, კარიდად მერკადერი, მდიდარი ვაჭრის შვილი იყო, ხოლო მამა - პაბლო მერკადერი, ტექსტილის ინდუსტრიაში იყო ჩაბმული. რამონი საფრანგეთში, დედასთან იზრდებოდა; კარიდადი კომუნისტი იყო, ის მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში და ჩართული იყო საბჭოთა იატაკქვეშა მოძრაობაში.

1930 -იანი წლების შუახანებში, რამონ მერკადერი კომუნისტი გახდა და ესპანეთში, მემარცხენე მოძრაობაში ჩაება. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ის გადაბირებული აღმოჩნდა საბჭოთა შსსკ ოფიცრის, ნაუმი ეიტინგონის მიერ, რომელმაც რამონი საბჭოთა კავშირში, საიდუმლო აგენტების წვრთნებზე გაგზავნა. რამონ მერკადერის არჩევანზე დიდი გავლენა იქონია დედამ. [2]

ტროცკის მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წელს, საბჭოთა კავშირის აგენტურის დახმარებით რამონ მერკადორი დაუმეგობრდა სილვია აგელოფს, ახალგაზრდა ინტელექტუალ ქალს ნიუ-იორკიდან, რომელიც ტროცკის ნდობით აღჭურვილი პირი იყო პარიზში. მერკადერმა ნამდვილი ვინაობა დამალა და თავი ბელგიელი დიპლომატის შვილად გაასაღა. 1939 წლის სექტემბერში სილვია აგელოფი ბრუკლინში დაბრუნდა, სადაც მერკადერმა მალევე ჩააკითხა, ყალბი პასპორტით; 1939 წლის ოქტომბერში რამონ მერკადერი, სილვია აგელოფთან ერთად, მეხიკოში აღმოჩნდა.

საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი ლევ ტროცკი მეხიკოს სამხრეთით, კოიოკანში ცხოვრობდა, ოჯახთან ერთად. იოსებ სტალინთან ბრძოლაში მარცხის შემდეგ, მან ძალაუფლება დაკარგა და განდევნილ იქნა საბჭოთა კავშირიდან. მექსიკაში ტროცკი საბჭოთა დაზვერვის მიერ ორგანიზებული შეარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა, თუმცა გადარჩა. საბჭოთა დაზვერვის ერთერთი მაღალლჩინოსნის მემუარების მიხედვით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 1939 წლის მარტში იოსებ სტალინმა ლავრენტი ბერიას დაავალა ტროცკის ლიკვიდაცია. შესაბამისი მისიით, მექსიკაში სპეციალური ჯგუფი იქნა გაგზავნილი, რომლის ხელმძღვანელი ნაუმ ეიტინგონი იყო. ჯგუფში შედიოდნენ რამონ მერკადერი და მისი დედა კარიდადი. ".[3]

სილვია აგელოფის დახმარებით რამონ მერკადერმა ტროცკის სახლში შეაღწია. ის პატივისცემას გამოხატავდა ტროცკის იდეების მიმართ და ამ გზით, მისი ნდობის მოპოვება მოახერხა. 1940 წლის 20 აგვისტოს მერკადერი მარტო ეწვია ტროცკის, გარკვეული დოკუმენტის ჩვენების საბაბით. სამუშაო ოთახში მჯდომი ტროცკი დოკუმენტს კითხულობდა, ამ დროს სტუმარი ზურგის მხრიდან მიეპარა, თავში წერაყინი ჩაარტყა და სასიკვდილოდ დაჭრა. [4]

მერკადორის მიერ გამოყენებული წერაყინი. შპიონაჟის საერთაშორისო მუზეუმი, აშშ.

ტროცკი დაუყოვნებლივ არ დაღუპულა: მან თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია. ხმაურზე ოთახში დაცვის წევრები შემოავრდნენ და მერკადერს ცემა დაუწყეს. რამონის თანამზრახველებმა (კარიდად მერკადერი, ეიტინგონი) სწრაფად დატოვეს კოიოკანი და სხვა ქვეყანაში გაფრინდნენ. რამონ მერკადერი დააპატიმრეს. დაჭრილი ლევ ტროცკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მომდევნო დღეს გარდაიცვალა.

1943 წელს რამონ მერკადერი დამნაშავედ ცნეს ტროცკის მკვლელობაში და ოცწლინი პატიმრობა მიუსაჯეს. მერკადერმა სასჯელი მეხიკოს ციხეში მოიხადა. [5]

გათავისუფლება და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსებ სტალინმა კარიდად მერკადერი, ოპერაციის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის, ლენინის ორდენით დააჯილდოვა. 1960 წლის 6 მაისს, ოცწლიანი პატიმრობის შემდეგ რამონ მერკადერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის ჯერ კუბაზე წავიდა, სადაც ფიდელ კასტროს მთავრობა კეთილგანწყობით დახვდა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირში გაემგზავრა. სტალინი უკვე გარდაცვლილი იყო. საბჭოთა კავშირში მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს. ცხოვრების დარჩენილი წლები მერკადერმა ჩეხოსლოვაკიაში, საბჭოთა კავშირში და კუბაში გაატარა (კუბაზე მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად).

რამონ მერკადერი 1978 წელს გარდაიცვალა ჰავანაში, ფილტვის სიმსივნით. დაკრძალულია მოსკოვის კუნცევოს სასაფლაოზე, რამონ ლოპესის სახელით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტროცკი ლევ., ჩემი ცხოვრება, თბ. 2010 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The New Trotsky: No Longer a Devil" by Craig R. Whitney, The New York Times, 16 January 1989.
  2. "Soviet Readers Finally Told Moscow Had Trotsky Slain", The New York Times, 5 January 1989.
  3. Patenaude, Bertrand (2009). Stalin's Nemesis: The Exile and Murder of Leon Trotsky, p. 138. London, UK: Faber & Faber
  4. CNN, (11 July 2005). "Trotsky murder weapon may have been found" დაარქივებული 12 September 2005 საიტზე Wayback Machine.
  5. Schwartz, Stephen; Sobell, Morton; Lowenthal, John (2 April 2001). „Three Gentlemen of Venona“. The Nation. ციტირების თარიღი: 27 June 2014.