ჟამნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Book-of-Hours-Yah5-JudasKiss.jpg

ჟამნი — ლიტურგიკული ძეგლი, რომელიც შეიცავს უცვლელ მასალას, დანიშნულს ყოველდღიური საეკლესიო ღვთისმსახურებისათვის სხვადასხვა ჟამს, ანუ საათს (აქედან არის მისი სახელწოდება). ამის მიხედვით არის ჟამნი შუაღამიანის, ცისკრის, პირველი მზის (I), მესამე (სამჟამისა, III), მეექვსე (მეექუსისა ჟამისა, VI), სადილის, ცხრა ჟამის (IX), მწუხრის, დიდი სერობის და მცირე სერობისა.

ჟამნს დამატების სახით ერთვის მთელი წლის წმინდანების, აგრეთვე დიდმარხვისა და ზატიკის, კვირისა და შვიდეულის ციკლის, და სხვა საჭირო ტროპარ-კონდაკები, მცირე სვინაქსარი და ღმრთისმშობლის პარაკლისი. ისევე როგორც სხვა ლიტურგიკული კრებულები, ჟამნიც ქართველებს ქრისტიანობის მიღებიდან უახლოეს ხანაში უნდა ეთარგმნათ. VI საუკუნეში მის არსებობას უკვე ლიტერატურული წყაროები ადასტურებს. X საუკუნის დასასრულამდე ჟამნი აღმოსავლური რედაქციისა უნდა ყოფილიყო, რადგან ქართული ეკლესია ამ დრომდე დაკავშირებული იყო პალესტინის ლიტურგიკულ პრაქტიკასთან. ექვთიმე მთაწმიდელმა და გიორგი მთაწმიდელმა ქართული საღვთისმსახურო წიგნები, მათ შორის ჟამნიც, ბერძნულ დედნებთან შეაჯერეს და ხელახლა თარგმნეს.

საბოლოოდ ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში დამკვიდრდა ჟამნის გიორგი მთაწმიდლისეული რედაქცია, რომელმაც საუკუნეთა მანძილზე მცირეოდენი ცვლილებები განიცადა. ქართული ჟამნი პირველად დაიბეჭდა 1710 წელს თბილისში, ვახტანგ VI-ის სტამბაში.

ძველ აღთქმაში დღე იყოფოდა ოთხ ნაწილად, ოთხ ჟამად (დროდ), რომლებშიც შედიოდა I, III, VI და IX ჟამნი. თითოეულ მათგანზე ადამიანი ვალდებული იყო შეესრულებინა გარკვეული ლოცვები. ჟამნი სრულდება დღესაც, ოღონდ სხვა მნიშვნელობით.

ძველი აღთქმის ღვთისმსახურება ძირითადად ფსალმუნების კითხვა-გალობისაგან შედგებოდა, ამიტომ ქრისტიანული ჟამნიც თავდაპირველად მხოლოდ ფსალმუნებს შეიცავდა; ქრისტიანული ლოცვები და საგალობლები მასში შედარებით გვიან შევიდა.

I ჟამი — მოიცავს ჩვენი დროის 7, 8, 9 საათს. ეს ის დროა, როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე იყო მიყვანილი პილატესთან. I ჟამი სრულდება ცისკრის შემდეგ;

III ჟამი — მოიცავს ჩვენი დროის 10, 11, 12 საათს და გვაგონებს მაცხოვრის სასამართლოს და ტანჯვას პილატესთან;

VI ჟამი — მოიცავს 1, 2, 3 საათს. ეს ის დროა, როდესაც მაცხოვარმა იტვირთა ჯვარი, ავიდა გოლგოთაზე და იქნა ჯვარცმული. III და VI ჟამები იკითხება წმინდა იოანე ოქროპირის და წმინდა ბასილი დიდის წირვების წინ;

IX ჟამი — მოიცავს 4, 5, 6 საათს. ეს ის დროა, როდესაც ჯვარცმულმა იესუ ქრისტემ განუტევა სული. ეს ჟამი იკითხება უბრალო დღეებში მწუხრის წინ.

ჟამის შესრულების სქემა:

  1. დასაწყისი ლოცვები;
  2. სამი ფსალმუნი;
  3. დიდება, აწდა, ალილუია;
  4. ტროპარი დღისა და წმიდისა;
  5. ღვთისმშობლის ლოცვა;
  6. დასაწყისი ლოცვები;
  7. კონდაკი დღისა და წმიდისა;
  8. „უფალო შეგვიწყალენ“ 40-ჯერ; „რომელი ყოველსა დღესა...“ „უფალო შეგვიწყალენ“ 3-ჯერ; დიდება, აწდა; „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...“;
  9. ბოლო ლოცვა უფლისადმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კახაბრიშვილი ც., „ჟამნის“ ქართულად თარგმნის ისტორიიდან, «მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია», 1973, № 3;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • მისივე, Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное знячение, Тфл., 1908;
  • კახაბრიშვილი ც, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 240, თბ., 1984 წელი.
  • "გზა ტაძრისაკენ" ბათუმი, 2009წ.