შინაარსზე გადასვლა

პრევალიტანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრევალიტანია (ასევე, პრევალიანა ან პრევალისი) — გვიანდელი რომაული პროვინცია, რომელიც 284-476 წლებში არსებობდა. იგი მოიცავდა დღევანდელი მონტენეგროს, ჩრდილოეთი ალბანეთისა და სამხრეთ-დასავლეთი სერბეთის ნაწილებს.

რომაელებმა ეს რეგიონი მესამე ილირიული ომის შემდეგ დაიპყრეს (ძვ. წ. 168 წ.). მათ სკოდრასთან დაამარცხეს ილირიის უკანასკნელი მეფე გენტიუსი ძვ. წ. 168 წელს, შეიპყრეს ის და მომდევნო წელს რომში ჩაიყვანეს. დაარსდა ოთხი ვასალური რესპუბლიკა, რომლებიც, ფაქტობრივად, რომიდან იმართებოდნენ. მოგვიანებით, ილირიკუმი უშუალოდ რომაულ მმართველობას დაექვემდებარა და პროვინციად იქცა დედაქალაქით სკოდრაში. ახ. წ. 10 წელს ილირიკუმი ორად გაიყო, პანონიად და დალმაციად. დალმაციის პროვინცია გაფართოვდა და მოიცვა მთელი დინარის ალპები და ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს უმეტესი ნაწილი, თანამედროვე მონტენეგროს ჩათვლით.

პრევალიტანიის პროვინცია შეიქმნა იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობისას (284-305 წწ.) ყოფილი დალმაციის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილისაგან და დიოკლეტიანეს მიერ შექმნილი 12 დიოცეზიდან ერთ-ერთის, მეზიის დიოცეზის ნაწილი გახდა.[1] მეზიის დიოცეზი მოგვიანებით ორად გაიყო, დაკიის დიოცეზად ჩრდილოეთში და მაკედონიის დიოცეზად სამხრეთში. პრევალიტანია, თავდაპირველად, მაკედონიის დიოცეზის ნაწილი იყო, თუმცა შემდეგ შევიდა დაკიის დიოცეზის შემადგენლობაში, ილირიკუმის პრეტორიანული პრეფექტურის ადმინისტრაციულ ქვედანაყოფში (395). ხანმოკლე დროის განმავლობაში არსებული პროვინცია, მაკედონია სალუტარისი, პრევალიტანიასა და ეპირუს ნოვას შორის გაიყო (412).[1]

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემისა (476 წ.) და ხალხთა დიდი გადასახლების დაწყების შემდეგ, რეგიონს ოსტგუთები მართავდნენ.

დალმაცია, პირველად, ბიზანტიის (აღმოსავლეთი რომის იმპერია) კონტროლქვეშ 530-იან წლებში მოექცა, როდესაც იმპერატორ იუსტინიანე I-ის სარდლებმა ის გოთური ომების შედეგად გოთებს წაართვეს. VI-VII საუკუნეებში ავარებისა და სლავების შემოსევებმა[2] გაანადგურეს უმთავრესი ქალაქები და ააოხრეს შიდა რაიონები. ბიზანტიელთა კონტროლი შეიზღუდა და იგი კუნძულებით, კონკრეტული სანაპირო ქალაქებითა და ალბანეთის მთებით განისაზღვრა.

პრევალიტანია და ჩრდილოეთი ბალკანეთი გვიან ანტიკურ ხანაში

პირველი წერილობითი ჩანაწერი რაიმე სახის დასახლებაზე სამხრეთ დალმაციაში, ეხება რომაულ პროვინცია პრევალიტანიასა და რომაულ ქალაქ ბირისიმინიუმს, რომელიც ილირიული ქალაქის, დოკლიის ჩრდილქვეშ არსებობდა, დიდი ქალაქი იმ დროის სტანდარტებით, 8-10 ათას მოსახლეს მოითვლიდა და იმ ერთ-ერთი ძირითადი ილირიული ტომის მიხედვით ერქვა სახელი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ — „დოკლიტია“. მეორე ტომი, „ლაბეტესი“, სახლობდა სკადარის ტბიდან დღევანდელ პოდგორიცამდე მთელ ტერიტორიაზე. მათ გააჩნდათ მეთეონის (დღეს მედუნის სახელით იცნობებ) სახელით ცნობილი საკუთარი ფორტიფიკაცია და მეტად განვითარებული სოციალური და სამხედრო სისტემები. დოკლიტია სახლობდა მდინარე ზეტას ნაყოფიერ ხეობაში, სანაპირო ხაზსა და მონტენეგროს კონტინენტური რეგიონების დამაკავშირებელ სასიცოცხლო ხაზთან, რამაც ხელი შეუწყო მის სწრაფ ეკონომიკურ დაწინაურებას.

V საუკუნიდან, დაიწყო ამ ტერიტორიაზე სლავური და ავარული ტომების ჩამოსახლება, რომლებმაც ადგილობრივი ტომებისა და დასახლებების გამანადგურებელი დარბევები დაიწყეს. დოკლია ამ ძალადობრივი თარეშის გამონასკლისს არ წარმოადგენდა, რამაც, ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად, ერთ დროს აყვავებული ქალაქის სრული მოშლა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ამ არეაში სლავური ტომები დასახლდნენ, მათ საკუთარი დასახლება დააარსეს, რომელმაც ის როლი დაიკავა, რომელსაც მანამდე დოკლია ასრულებდა. მას რიბნიცა (პოდგორიცა) უწოდეს. ადგილობრივმა არარომანიზებულმა (ალბანურმა) მოსახლეობამ ალბანეთის მთიანეთისაკენ დაიხია, ხოლო სანაპიროზე მდებარე აკრუვიუმი (თანამედროვე კოტორი) გადაურჩა სლავთა შემოტევებს და ჩამოყალიბდა თავდაპირველად რომანიზებული ილირიელების სავაჭორ ქალაქ-სახელმწიფოდ და X საუკუნემდე იარსება. პროვინციის სხვა ქალაქები იყო ანდერვა (ნიკშიჩი) და რისინიუმი (რისანი).

  1. 1.0 1.1 A Companion to Ancient Macedonia, pp. 547-549
  2. Bury, J.B. (2008). History of the Later Roman Empire from Arcadius to Irene. Cosimo Classics. ISBN 9781605204055. ციტირების თარიღი: 2014-11-30.