პეტრუს ბროვკა
პეტრუს (პეტრე უსტინის ძე) ბროვკა (ბელარ. Пётр Усці́навіч Бро́ўка, რუს. Пётр Усти́нович Бро́вка) (დ. 12 ივნისი, 1905, სოფ. პუტილკოვიჩი, ახლანდ. ვიტებსკის ოლქი, ბელარუსი, — გ. 24 მარტი, 1980, მინსკი) — ბელარუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ბელორუსიის სსრ სახალხო პოეტი (1962), ბელორუსიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1966). სოციალისტური შრომის გმირი (1972). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი (1947, 1950), ლენინური პრემიის ლაურეატი (1969).
ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1926 წლიდან. წერდა ლექსებს, მოთხრობებს. ავტორია მრავალი პოეტური თუ პროზაული კრებულისა. 1967–1980 წლებში იყო ბელარუსული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი.
ბროვკას შემოქმედებითი კავშირები ჰქონდა საქართველოსთან, პირადად იცნობდა პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, სიმონ ჩიქოვანს, გიორგი ლეონიძეს, ირაკლი აბაშიძეს. ქართული თემატიკა საინტერესოდ აისახა 40–70-იან წლებში შექმნილ მის ლექსებში „კავკასია“ (1942), „წყალი“ (1962), „ქართული სიმღერა“ (1965), „კავკასიური ჩანახატები“ (1972), „საუბარი იალბუზთან“ (1979) და სხვ. ეკუთვნის წერილები ქართულ ლიტერატურაზე, შოთა რუსთაველზე, იოსებ გრიშაშვილზე. ბელორუსულ ენაზე თარგმნა კონსტანტინე ლორთქიფანიძის „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“, მირზა გელოვანის ლექსები და სხვ. ნაწარმოებები. 1937 წელს მაღალპოეტურად თარგმნა ვეფხისტყაოსნის ფრაგმენტები. ქართულ ენაზე თარგმნილია ბროვკას ლექსები, რომანი „როცა მდინარე მდინარეს ერთვის“ (თბილისი, 1963) და სხვ.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Збор твораÿ, т. 1–7, Мinck, 1975–78.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაფრინდაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.