შინაარსზე გადასვლა

პატარა დარბაზის ღვთისმშობლის ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა დარბაზის ღვთის მშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა დარბაზში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ლოროფნითაა გადახურული, ბათქაშში "ჩაძირული" დიდი ზომის ნამტვრევი ქვითაა ნაგები, აღმოსავლეთ ფასადის ფორნტონის კეხში ქვათა ზომა მცირდება და წყობაც სხვა ხასიათისაა. არქიტრავით დახურული ერთდაერთი კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, სარკმლები აღმოსავლეთ, სახმრეთ და დასავლეთ კედლებშია. სამხრეთი სარკმელი ეკლესიაზე ამ მხრიდან მოგვიანებით მიდგმული მინაშენის სახურავმა ამოქოლა. ნახევარწრიული საკურთხევლის აფსიდის არდაბაგი მცირედაა შემაღლებული და მას ერთსაფეხურიანი ხარისხი მიუყვება. ტრაპეზის ქვა აფსიდის კედელზეა მიდგმული. აფსიდშივე ორი მაღალი ნიშაა შემორჩენილი, რომლებიდანაც ჭისებრი ასასვლელბით ეკლესიის კონქის თავზე შეიძლება მოხვედრა. ეკლესიას სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე დიდი, ნამტვრევი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა მინაშენი აქვს მიდგმული. იგი ორკალთა სახურავითაა გადახურული და სახურავის ფერდები აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ ეშვება. მინაშენში შესასვლელი კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი და სამკუთხადაა გადახურული. ეს სათავსი აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი ორი სარკმლით ნათდება. მზიდი თაღი ამ ნაგებობას ორად ყოფს და ეკლესიის სამხრეთ კარის წინ შემაღლებული მოცულობა იქმნება. ეკლესიის საქტიტორო წარწერა, სადაც ბარსეღ ეპისკოპოსის მიერ 1465 წელს ამ შენობის განახლებაზეა საუბარი, ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ჩრდილოეთი კუთხის ქვაზეა ამოკვეთილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26513