პავლე სუდოპლატოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლე სუდოპლატოვი
რუს. Павел Анатольевич Судоплатов
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 7 (20) ივლისი1907
დაბადების ადგილი მელიტოპოლი, ტავრიკის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 24 სექტემბერი, 1996 (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რუსეთი
კუთვნილება საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჯარის სახეობა წითელი არმია და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი
სამხედრო სამსახურის წლები 1919—1953
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
მეთაურობდა Foreign Intelligence Service, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და Ministry for State Security (Soviet Union)
ბრძოლები/ომები რუსეთის სამოქალაქო ომი, დიდი სამამულო ომი
ჯილდოები
ლენინის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი წითელი დროშის ორდენი
სუვოროვის II ხარისხის ორდენი სამამულო ომის I ხარისხის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი
მედალი „სამამულო ომის პარტიზანს“ I ხარისხის მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“ მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“ საიუბილეო მედალი „საბჭოთა არმიისა და ფლოტის 30 წელი“ მედალი „მოსკოვის 800 წლისთავის აღსანიშნავად“

პავლე ანატოლის ძე სუდოპლატოვი (დ. 29 ივნისი (12 ივლისი), 1907[1] , მელიტოპოლი — გ. 24 სექტემბერი, 1996[2] , მოსკოვი) — საბჭოთა სპეცსამსახურების მოღვაწე, მზვერავი, დივერსანტი, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს და მოგვიანებით შინსახკომის თანამშრომელი; დაპატიმრებამდე (1953) — სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-ლეიტენანტი .

მისი ორგანიზებული იყო უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის ხელმძღვანელის ევჰენ კონოვალეცისა და ლევ ტროცკის ლიკვიდაცია.

საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის (სსრკ-გერმანიის ომის) დროს ხელმძღვანელობდა შინსახკომის მე-4 სამმართველოს, მონაწილეობდა მოსკოვის თავდაცვის დროს სტრატეგიული ობიექტების დანაღმვის ორგანიზებაში, დივერსიულ საქმიანობას ეწეოდა კავკასიაში გერმანული ჯარების წინააღმდეგ, ჩართული იყო გერმანულ დაზვერვასთან სტრატეგიულ რადიოთამაშებში. სუდოპლატოვი უშუალოდ ხელმძღვანელობდა დიმიტრი მედვედევის სპეცდანიშნულების პარტიზანული რაზმის საქმიანობას, რომელიც იმყოფებოდა გერმანიის ჯარების მიერ ოკუპირებულ დასავლეთ უკრაინაში, ასევე ხელმძღვანელობდა განყოფილებას, რომელიც ამუშავებდა ინფორმაციას შეერთებულ შტატებში ატომური ბომბის შემუშავების შესახებ. ასევე მონაწილეობდა სსრკ-ის ტერიტორიაზე არაერთი სამოქალაქო პირის მკვლელობაში.

1953 წელს დააპატიმრეს, მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა (დაასახელეს ბერიას ბანდის წევრად), სასჯელი სრულად მოიხადა. 1992 წელს რეაბილიტაცია შეეხო. იგი ფართოდ გახდა ცნობილი მისი მემუარების წყალობით: „დაზვერვა და კრემლი“, „სპეცოპერაციები. ლუბიანკა და კრემლი. 1930–1950 წლები“.

ბავშვობა და მუშაობის დაწყება სპეცსამსახურებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მეწისქვილის ოჯახში (მამა — უკრაინელი, დედა — რუსი). დოკუმენტების მიხედვით უკრაინული იყო.[3] 1914-1919 წლებში სწავლობდა ქალაქის სკოლაში. 1919 წლის ივნისში წითელი არმიის პოლკთან ერთად დატოვა მელიტოპოლი, იყო პოლკის აღსაზრდელი, მონაწილეობდა ბრძოლებში. მოგვიანებით დაატყვევეს, მაგრამ გაიქცა. აღმოჩნდა თეთრების მიერ დაკავებულ ოდესაში, სადაც უსახლკაროდ იყო, ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა პორტში. მას შემდეგ, რაც ქალაქი წითლებმა დაიკავეს, ის კვლავ შეუერთდა წითელ არმიას. 1921 წლიდან მსახურობდა მსროლელი დივიზიის განსაკუთრებულ განყოფილებაში: მეტელეფონედ, მშიფრავად. შემდეგ სამსახური გააგრძელა რსფსრ შინსახკომთან არსებულ სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოში. 1922 წლიდან მსახურობდა სასაზღვრო ჯარებში. 1923 წლიდან მუშაობდა კომკავშირში; 1925 წლის თებერვალში გაგზავნეს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს მელიტოპოლის საოლქო განყოფილებაში: საინფორმაციო განყოფილების თანამშრომლად, სააღრიცხვო-სტატისტიკური განყოფილების რწმუნებულის თანაშემწედ, უმცროს ოპერატიულ თანამშრომლად. 1928 წლის აგვისტოდან იყო პოლიტიკური სამმართველოს ხარკოვის საოლქო განყოფილების საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების რწმუნებული, უკრაინის სსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საინფორმაციო განყოფილების რწმუნებული (ხარკოვი). სკპ(ბ) წევრი 1928 წლიდან.

1926 წელს იგი დაქორწინდა ემა კაგანოვაზე (დაბადების სახელი — სულამიფ კრიმკერი; 1905 — 1989), ებრაელ გოგონაზე გომელიდან, რომელიც მოგვიანებით შინსახკომის ლეიტენანტი გახდა.[4]

1928–1930 წლებში დაუსწრებლად სწავლობდა მთავარი პოლიტიკური სამმართველოს მუშათა ფაკულტეტზე. 1932 წლის თებერვალში გადაიყვანეს მოსკოვში, სადაც ჩაირიცხა სსრკ-ის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (გსპს) კადრების განყოფილებაში: 1-ელი განყოფილების ინსპექტორი და უფროსი ინსპექტორი. 1933 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა გსპს-ის საგარეო განყოფილებაში: მე-5 განყოფილების ოპერრწმუნებული, მე-8 განყოფილების ოპერრწმუნებული, 1934 წლის ნოემბრიდან — მე-7 განყოფილების ოპერრწმუნებული. ვინაიდან რუსულის გარდა, თავისუფლად მხოლოდ უკრაინულ ენას ფლობდა, სპეციალიზებული იყო უკრაინელ ნაციონალისტებზე. 1933 წლის ოქტომბრიდან სპეციალური მივლინებით არაერთხელ გაემგზავრა ევროპის ქვეყნებში. 1935 წელს სუდოპლატოვმა მოახერხა ბერლინში უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ხელმძღვანელების ახლო წრეში ჩანერგვა. 1938 წლის 23 მაისს იოსებ სტალინის პირადიბრძანებით მოკლა უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერი კონოვალეცი, რომელსაც როტერდამის სასტუმრო „ატლანტას“ რესტორანში შოკოლადის ყუთით შენიღბული ბომბი გადასცა.

შინსახკომში მუშაობა ომამდელ პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წელს სსრკ-ში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სსრკ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს (სუმს) მე-7 განყოფილების უფროსის თანაშემწედ, მე-5 განყოფილების მე-4 (ესპანური) განაყოფის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად. დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელების დაპატიმრების, ნიკოლოზ ეჟოვის გადაყენების და მისილავრენტი ბერიათი ჩანაცვლების შემდეგ, 1938 წლის 6 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ასრულებდა შინსახკომის საზღვარგარეთის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობას. შემდეგ დააქვეითეს ესპანეთის განყოფილების უფროსად. 1938 წლის დეკემბრის ბოლოს სამსახურიდან გაათავისუფლეს და პარტიიდან გარიცხეს „ხალხის მტრებთან კავშირის“ გამო (იგულისხმება ზ. პასოვი და ს. შპიგელგლასი). შინსახკომის ხელმძღვანელობის ჩარევის შემდეგ 1939 წლის იანვარში ესგადაწყვეტილება გააუქმეს. 1939 წლის იანვრიდან იყო მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე, 1939 წლის მაისიდან — მე-5 განყოფილების (საგარეო დაზვერვა) უფროსის მოადგილე. 1941 წლის თებერვლიდან — სსრკ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის 1-ლი (დაზვერვის) სამმართველოს უფროსის მოადგილე. ასწავლიდა შინსახკომის განსაკუთრებული დანიშნულების სკოლაში.

ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი ოპერაცია იყო ოპერაცია „იხვი“ — ლევ ტროცკის მკვლელობა 1940 წლის აგვისტოში (ოპერაციას სუდოპლატოვი და ნაუმ ეიტინგონი ხელმძღვანელობდნენ).

მუშაობა ომის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის პირველ დღეებში, 1941 წლის ივლისში, სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ბრძანებით, შეიქმნა შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული ჯგუფი (Особая группа), რომელსაც დაევალა სადაზვერვო და დივერსიული სამუშაოებისა და პარტიზანული ომის ორგანიზება ნაცისტური გერმანიის ჯარების ზურგში. ამისათვის მას გადაეცა „განსაკუთრებული ჯგუფის ჯარები“, რომელიც შინსახკომის ჯარების სტრუქტურის ნაწილი იყო. განსაკუთრებული ჯგუფი შეიქმნა სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის 1-ელი (სადაზვერვო) სამმართველოს ბაზაზე, მას ხელმძღვანელობდა 1-ელი სამმართველოს უფროსის მოადგილე სუდოპლატოვი.[5] 1941 წლის 3 ოქტომბერს განსაკუთრებული ჯგუფი გადაკეთდა სსრკ შინსახკომის მე-2 განყოფილებად (ფრონტსმიღმა საქმიანობისა): დაზვერვა, დივერსია და ტერორი მტრის ზურგში. განყოფილების უფროსად დაამტკიცეს პავლე სუდოპლატოვი.

გამოცდილი კადრების მწვავე უკმარისობის გამო სუდოპლატოვმა და ეიტინგონმა ბერიას მიმართეს ადრე გათავისუფლებული თანამშრომლების ციხიდან გათავისუფლებისა და დაზვერვის სამსახურში დაბრუნების წინადადებით. «ბერიას საერთოდ არ აინტერესებდა, დამნაშავეები იყვნენ თუ უდანაშაულოები ისინი, ვისაც რეკომენდაციას ვუწევდით, — იხსენებს სუდოპლატოვი. — მან დასვა ერთადერთი კითხვა: „დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენ ისინი გვჭირდება?“ — „სრულიად დარწმუნებული ვარ“, — ვუპასუხე მე. — „მაშინ დაუკავშირდით ბოგდან ქობულოვს, გაათავისუფლოს ისინი. და დაუყოვნებლივ გამოიყენეთ ისინი“».[6] ბევრი ყოფილი მზვერავი სწერდა სუდოპლატოვს სამსახურში დაბრუნების თხოვნით, რასაც ის დაუყონებლივ პასუხობდა.

1941 წლის 25–27 ივნისს ბერიამ სუდოპლატოვს დაავალა სსრკ-ში ბულგარეთის ელჩის ივან სტამენოვის მეშვეობით გამოერკვია, თუ რა პირობებით დათანხმდებოდა გერმანია სსრკ-ის წინააღმდეგ ომის დასრულებას, [7] სუდოპლატოვის თქმით — „მტრის დეზინფორმაციისა და რესურსების მობილიზაციისათვის დროის მოგების მიზნით“.[8] კერძოდ, სუდოპლატოვი განმარტავდა, რომ ბულგარეთის ელჩი შინსახკომმა ჯერ კიდევ 1934 წელს აიყვანა, დეზინფორმაციას კი ბრიტანელებისა და ამერიკელებისთვის სსრკ-ს უფრო აქტიურად დახმარებისკენ უნდა ებიძგებინა.[9] თუმცა, სტალინის სიკვდილის შემდეგ სუდოპლატოვის სამართლებრივი დევნის დროს და სსრკ-ის დაშლის პირველ წლებში, დაინტერესებული მხარეები ამ ფაქტს განმარტავდნენ, როგორც სტალინის მცდელობას ჰიტლერთან ზავის დადების თაობაზე.[10]

1941 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის იანვრამდე იყო სსრკ შინსახკომის მე-2 განყოფილების უფროსი, ამავე დროს 1941 წლის ნოემბრიდან 1942 წლის ივნისამდე — კვლავ შინსახკომის 1-ელი სამმართველოს უფროსის მოადგილე (ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს 1941 წლის ოქტომბერში). 1942 წლის იანვარში პავლე სუდოპლატოვი ხელმძღვანელობდა შინსახკომის მე-4 სამმართველოს, რომელიც ჩამოყალიბდა მე-2 განყოფილებისგან, შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის 1942 წლის 18 იანვრის №00145 ბრძანებით (თანამდებობაზე იყო 1946 წლის აპრილამდე).

ომის დროს სუდოპლატოვი პასუხისმგებელი იყო პარტიზანული და სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ხელმძღვანელობაზე მტრის ახლო და შორეულ ზურგში, კოორდინაციას უწევდა აგენტური ქსელის მუშაობას გერმანიისა და მისი მოკავშირეების ტერიტორიაზე, მუშაობდა ცნობილ საბჭოთა მზვერავ ნიკოლოზ კუზნეცოვთან ერთად, ხელმძღვანელობდა დივერსიულ საქმიანობას კავკასიაში. სუდოპლატოვი უძღვებოდა რადიოთამაშზე დაფუძნებულ ბრწყინვალე ოპერაციებს „მონასტერი“ და „ბერეზინო“. მოსკოვზე გერმანიის შეტევის დროს მას ევალებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების დანაღმვა. შინსახკომის სხვა მაღალჩინოსანთან ვიქტორ ილინთან ერთად მან შეიმუშავა იგორ მიკლაშევსკის ჯგუფის მიერ ჰიტლერის მკვლელობის მცდელობის გეგმა. 1944 წლის თებერვლიდან (სხვა მოვალეობებთან ერთად) იყო ჯგუფ (მოგვიანებით — განყოფილება) „С“-ის უფროსი, რომელიც ეწეოდა ატომური პრობლემატიკის შესახებ მასალების საიდუმლო მოპოვებასა და განზოგადებას.

მუშაობა ომის შემდეგ, პატიმრობა და რეაბილიტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ, 1945 წლის მაისიდან აგვისტომდე, იყო სსრკ შინსახკომის განყოფილება „Ф“-ის უფროსი (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობა და ინფორმაციის შეგროვება ტყვედ ჩავარდნილი ან ინტერნირებული საბჭოთა მოქალაქეებისგან; რეპატრირებული საბჭოთა მოქალაქეებისა და მოკავშირე და ნეიტრალური სახელმწიფოების მოქალაქეების შემოწმება და ფილტრაცია).

1947 წლის თებერვლიდან 1950 წლის სექტემბრამდე იყო განყოფილება „ДР“-ის უფროსი (დივერსიული საქმიანობა ევროპაში აშშ-ის, შემდეგ კი ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზების წინააღმდეგ). 1950 წლის სექტემბრიდან — სსრკ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბიურო №1-ის უფროსი (დივერსიული საქმიანობა საზღვარგარეთ). 1953 წელს დაუსწრებლად დაამთავრა საბჭოთა არმიის სამხედრო-იურიდიული აკადემია .

კგბ-ს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ პიროჟკოვი 1976 წლის 16 იანვრით დათარიღებულ ცნობაში წერდა:[11]

ბერიას მითითებით შექმნილი „განსაკუთრებული ჯგუფი“, რომელსაც სუდოპლატოვი და ეიტინგონი ხელმძღვანელობდნენ, მოქალაქეებს სასამართლოსა და გამოძიების გარეშე უსწორდებოდა. 1946-1947 წლებში მათი ხელმძღვანელობით ჩატარდა ოთხი ოპერაცია, რის შედეგადაც მოკლეს: სარატოვში — ალექსანდრე შუმსკი, რომელიც წარსულში პასუხისმგებლიანი პარტიული და საბჭოთა მუშაკი იყო; ულიანოვსკში — ინჟინერი სამეტი; ზაკარპატიაში — უნიტარული ეკლესიის ეპისკოპოსი გვარად რომჟა; ხოლო მოსკოვში — საი ოგინსი, რომელიც წარსულში შინსახკომის საიდუმლო თანამშრომელი იყო. სუდოპლატოვმა და ეიტინგონმა აღიარეს, რომ დასახელებული პირების ლიკვიდაციის ოპერაციები მათი ხელმძღვანელობით განხორციელდა.

გამოქვეყნდა სუდოპლატოვის აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც ეხებოდა ამავე მკვლელობებს.[12]

სტალინის გარდაცვალების შემდეგ სადაზვერვო ორგანოებში რეორგანიზაციები დაიწყო, რომლის დროსაც 1953 წლის აპრილში სუდოპლატოვი დაინიშნა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი მთავარი სამმართველოს (კონტრდაზვერვა) უფროსის მოადგილედ, ხოლო 1953 წლის მაისიდან — ამავე სამინისტროს მე-9 (სადაზვერვო-დივერსიული) განყოფილების უფროსად. 1953 წლის 31 ივლისს ლავრენტი ბერიას დაპატიმრებისა და მე-9 განყოფილების დაშლის შემდეგ, გადაიყვანეს სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე მთავარ სამმართველოში (დაზვერვა) განყოფილების უფროსად. 1953 წლის 21 აგვისტოს გენერალ-ლეიტენანტი სუდოპლატოვი შეთქმულების ბრალდებით საკუთარ კაბინეტში დააკავეს როგორც „ბერიას თანამზრახველი“. ზოია ვოსკრესენსკაია, რომელმაც გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ მას მხარი დაუჭირა, არ დააპატიმრეს, მაგრამ „გაგზავნეს“ (გადაასახლეს) ვორკუტაში ბანაკის სპეციალური ნაწილის უფროსად.

სუდოპლატოვთან ერთად, 1953 წლის ივნის- დეკემბერში სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან გაუშვეს და შემდეგ ნაწილობრივ დააპატიმრეს გენერალ-ლეიტენანტი ბორის ობრუჩნიკოვი, გენერალ-მაიორები ნაუმ ეინტინგონი, სტეპან-ემელიანოვი, ალექსი რუჩკინი. დაპატიმრების შიშით, 1954 წლის 16 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯარების საკითხებში, არმიის გენერალმა ივანე მასლენიკოვმა თავი მოიკლა.[13]

სუდოპლატოვმა გამოძიების დროს თავი გიჟად მოაჩვენა და 1958 წლამდე ლენინგრადის სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

1958 წლის 12 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ „კონტრრევოლუციური“ 58-1 მუხლის „ბ“ პუნქტით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „სამშობლოს მოღალატე ბერიასთან სახელმწიფო გადატრიალების მომზადების, ადამიანებზე ცდების ჩატარების, გატაცებისა და მრავალრიცხოვანი მკვლელობების საქმეებში აქტიურად ხელის შეწყობისთბის“.[14] მან დანაშაული არ აღიარა. სასჯელი მოიხადა ვლადიმირის ციხეში, სადაც სამი ინფარქტი გადაიტანა, ცალი თვალით დაბრმავდა და მე-2 ჯგუფის ინვალიდობა მიიღო.

სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს 1968 წლის 21 აგვისტოს. მოსკოვში დაბრუნებისას სუდოპლატოვმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო. ანატოლი ანდრეევის ფსევდონიმით გამოსცა სამი წიგნი: „ჰორიზონტები: სტანისლავ კოსიორის ამბავი“ (1977), „სასტიკ ნაპირზე: მარცელია ნოვოტკოს ამბავი“ (1983), „ჩემი ცხენი მირბის...“ (1987); აქტიურად მონაწილეობდა ვეტერანთა მოძრაობაში. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის რეაბილიტაციისთვის იბრძოდა. სრული რეაბილიტაცია შეეხო რუსეთის ფედერაციის მთავარი სამხედრო პროკურატურის 1992 წლის 10 იანვრის დადგენილებით. ცენტრ „მემორიალის“ ზოგიერთი ცალკეული წევრი გამოთქვამს ეჭვს მისი რეაბილიტაციის კანონიერების შესახებ: ნიკიტა პეტროვმა, სამეცნიერო-საინფორმაციო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, განაცხადა, რომ სუდოპლატოვი მონაწილეობდა სასამართლოს მიერ დამტკიცებულ სისხლის სამართლის დანაშაულებში, ამიტომ მისი რეაბილიტაცია მიუღებელია.[14]

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, შვილთან, სპეცსამსახურების ისტორიკოსთან, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებულ პროფესორ ანატოლი სუდოპლატოვთან (1943–2005)[15] თანაავტორობით გამოსცა მემუარების წიგნი მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ — „დაზვერვა და კრემლი: არასასურველი მოწმის ჩანაწერები“ (1994 — ინგლისურად[16] და გერმანულად, 1996 — რუსულად). მისი გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ გამოიცა წიგნი „სპეცოპერაციები. ლუბიანკა და კრემლი. 1930–1950 წლები“. სსრკ საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსის, ლეონიდ შებარშინის თქმით, „სუდოპლატოვის წიგნი კარგია, მაგრამ შეიცავს ბევრ რამეს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს უშიშროებას — მას წერდნენ ამერიკელი ჟურნალისტები“.[17]

ომამდე ცხოვრობდა მოსკოვში, გორკის ქუჩაზე, №41-ში; 1950-იან წლებში — მარხლევსკის ქუჩაზე, №9-ში; სიცოცხლის ბოლო წლებში — აკადემიკოს კოროლიოვის ქუჩაზე, №9-ში.[18]

საფლავი დონის სასაფლაოზე

გარდაიცვალა 1996 წლის 24 სექტემბერს. დაკრძალულია დონის ახალ სასაფლაოზე, მოსკოვში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1958 წლის 12 სექტემბრის განაჩენის შესაბამისად, სუდოპლატოვს ჩამოერთვა ყველა ჯილდო, 1958 წლის 17 ოქტომბერს კი ჩამოერთვა სამხედრო წოდება.

1998 წლის ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დახურულ[ა] განკარგულებას გენერალ-ლეიტენანტ პ. ა. სუდოპლატოვისათვის სიკვდილის შემდეგ ყველა სახელმწიფო ჯილდოს აღდგენის შესახებ მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.[19]

ორდენები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალური და სამხედრო წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელმწიფო უშიშროების უფროსი ლეიტენანტი (30.12.1936)
  • სახელმწიფო უშიშროების კაპიტანი (25.09.1938)
  • სახელმწიფო უშიშროების მაიორი (14.03.1940)
  • სახელმწიფო უშიშროების უფროსი მაიორი (08.08.1941)
  • სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისარი (14.02.1943)
  • გენერალ-ლეიტენანტი (09.07.1945)

მემუარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Разведка и Кремль: Записки нежелательного свидетеля . — М.: Гея, 1996. — 510 с. — ISBN 5-85589-024-4. — (Рассекреченные жизни).
  • Спецоперации. Лубянка и Кремль. 1930—1950 годы. — М.: Олма-Пресс, 1997. — 688 с. — ISBN 5-87322-726-8. — (Досье).
  • Разные дни тайной войны и дипломатии. 1941 год. Павел Судоплатов. — М.: Олма-Пресс, 2001. — 382 с. — ISBN 5-224-02629-6. — (Досье).
  • Спецоперации. Лубянка и Кремль. 1930—1950 годы. — М.: Олма-Пресс, 2005. — (ПФ Красный пролетарий). — 700 с. — ISBN 5-224-05022-7. — (Спецслужбы).
  • Разные дни тайной войны и дипломатии. 1941 год. — М.: Олма-Пресс, 2005. — 382 с. — ISBN 5-224-04960-1. — (Спецслужбы).
  • Победа в тайной войне. 1941—1945 годы. — М.: Олма-Пресс, 2005. — 544 с. портр. (в пер.) ISBN 5-224-05345-5. — (Спецслужбы).
  • Разведка и Кремль: Воспоминания опасного свидетеля. М.: Алгоритм, 2016. — 480 с. — 1500 экз. — ISBN 978-5-906880-16-1. — (Мемуары под грифом «Секретно»).
  • Лубянка и Кремль, 1930—1950 годы. — М.: Алгоритм, 2017. — 480 с.: ил. — Тираж 600 экз. — ISBN 978-5-906979-33-9.
  • Разведка и Кремль: Воспоминания опасного свидетеля. — М.: Алгоритм, 2017. — 480 с. — Тираж 1500 экз. — ISBN 978-5-906947-20-8. — (Разведка и контрразведка).
  • Хроника тайной войны и дипломатии, 1938—1941 годы. — М.: Алгоритм, 2017. — 352 с. — Тираж 1500 экз. — ISBN 978-5-906979-69-8. — (Мемуары под грифом «Секретно»).
  • Победа в тайной войне. 1941—1945 годы. — М.: Алгоритм, 2018. — 496 с. — Тираж 1500 экз. — ISBN 978-5-906995-98-8. — (Мемуары под грифом «Секретно»).

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რუსეთის პრეზიდენტის გამოქვეყნებულ ბრძანებებში მსგავსი დოკუმენტი არ ირიცხება, თუმცა პრესაში ის ბევრჯერაა ნახსენები.[19][20]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. parish register
  2. Vronskaya J. Obituary: Pavel Sudaplatov // The IndependentBritain: 1996. — 176681 ეგზ. — ISSN 1741-9743
  3. Внешняя разведка СССР. ციტირების თარიღი: 2015-09-08
  4. Из мемуаров Каретниковой о полковнике НКВД Судоплатовой დაარქივებული 2018-08-21 საიტზე Wayback Machine. // gordonua.com
  5. Академия ФСБ России — История. ციტირების თარიღი: 2012-02-22
  6. Бондаренко, Александр Юльевич. (2015-05-10) Легендарный Алекс. ციტირების თარიღი: 2020-11-15.
  7. Андрей Зубов О новой исторической статье г-на Путина დაარქივებული 2020-12-31 საიტზე Wayback Machine.
  8. Сам Судоплатов подробно рассказывает об этой истории в книге: Судоплатов П. А. Разведка и Кремль. Записки нежелательного свидетеля. — М.: Гея, 1997. — С. 173—176.
  9. Полстраны за сталинский «пардон»
  10. Напр.: Сталин в 1941 году был готов отдать Гитлеру Прибалтику и Украину დაარქივებული 2019-03-21 საიტზე Wayback Machine.
  11. Мастер индивидуального террора დაარქივებული 2022-03-28 საიტზე Wayback Machine. / Новая газета
  12. Павел Анатольевич Судоплатов. ციტირების თარიღი: 2022-07-12
  13. Спицын Евгений Юрьевич Хрущёвская слякоть. Советская держава в 1953-1964 годах. — Москва: Концептуал, 2020. — стр. 37—38, 135-138, 592 c. ISBN 978-5-907172-63-0.
  14. 14.0 14.1 Евгений Жирнов, Чем Шкуро хуже Судоплатова // Коммерсантъ-Власть : журнал, 2001, № 35.
  15. Могила Анатолия Судоплатова. ციტირების თარიღი: 2017-05-01
  16. Special Tasks: The Memoirs of an Unwanted Witness — A Soviet Spymaster, by Pavel and Anatoli Sudoplatov. — New York, Little, Brown and Company.
  17. Под диктовку спецслужб. ციტირების თარიღი: 2013-03-14
  18. Судоплатов Павел Анатольевич // Московская энциклопедия / Гл. ред. С. О. Шмидт. т. I. Лица Москвы: [в 6 кн.]. — М., 2007—2014.
  19. 19.0 19.1 Руководители Внешней разведки страны // Родина. — 2010. — № 12.
  20. Судоплатов на сайте СВР