შინაარსზე გადასვლა

ბოგდან ქობულოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოგდან (ბახჩო) ზაქარიას ძე ქობულოვი (დ. 1 მარტი, 1904, თბილისი, — გ. 23 დეკემბერი, 1953, მოსკოვი) — საქართველოს სსრ და საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურების მოხელე, გენერალ-პოლკოვნიკი (1945), სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე; წარმოშობით თბილისელი სომეხი.

დაამთავრა თბილისის გიმნაზია (1921). მსახურობდა წითელ არმიაში (1921-1922), საქართველოს „ჩეკაში“ (საგანგებო კომისია, 1922-1926), შემდეგ — ამიერკავკასიის სფსრ და სსრკ „გეპეუში“ (სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო). 1925 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. 1930-იან წლებში გახდა ლავრენტი ბერიას უახლოესი გარემოცვის წევრი და სარგებლობდა მისი მფარველობით. 1937-1938 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, 1941-1943 წლებში — სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, 1941 და 1943-1945 წლებში — სსრკ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრის მოადგილე, 1946-1952 წლებში — საზღვარგარეთ საბჭოთა ქონების მთავარი სამმართველოს (ГУСИМЗ) უფროსი, 1953 წელს — სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის I მოადგილე. არჩეული იყო საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს (1938–1946) და სსრკ II მოწვევის უმაღლესი საბჭოს (1946-1950) დეპუტატად.

ქობულოვი აქტიურად მონაწილეობდა სტალინის მმართველობის დროს მასობრივ რეპრესიებში. 1937-1938 წლებში მხოლოდ მისი თავმჯდომარეობის დროს, საქართველოს სსრ შინსახკომის „განსაკუთრებულმა სამეულმა“ 1233 ადამიანს გამოუტანა დახვრეტის განაჩენი; გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით დაკავებულების მიმართ. 1940-იან წლებში ქობულოვი იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან და ყირიმიდან ხალხთა მასობრივი დეპორტაციის, ტერიტორიების „ანტისაბჭოთა ელემენტებისგან“ გაწმენდის ოპერაციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1953 წლის 27 ივნისს ქობულოვი ბერიასთან ერთად დააპატიმრეს ჯაშუშობისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების მოწყობის ბრალდებით, 23 დეკემბერს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა და იმავე დღეს დახვრიტეს. შემდგომში რეაბილიტაციაზე უარი ეთქვა. დახვრიტეს ასევე მისი უმცროსი ძმა ამაიაკ ქობულოვი.

  • Петров Н. В., Скоркин К. В. Кто руководил НКВД, 1934—1941 : справочник / Под ред. Н. Г. Охотина и А. Б. Рогинского. — М.: Звенья, 1999. — ISBN 5-7870-0032-3.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]