ოგუსტ რაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოგუსტ რაში

ოფიციალური პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ნიკ კასტლი
ჯეიმზ ჰარტი
რეჟისორი კირსტენ შერიდანი
პროდიუსერი რიჩარდ ბარტონ ლუისი
სცენარის ავტორი პოლ კასტრო
ნიკ კასტლი
როლებში
მუსიკა მარკ მანჩინა
ოპერატორი ჯონ მეტისონი
მონტაჟი უილიამ სტაინკამპი
სტუდია Southpaw Emtertainment
CJ Entertainment
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი
  • ნოემბერი 21, 2007 (2007-11-21)
ხანგრძლივობა 114 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 25 მლნ აშშ დოლარი
შემოსავალი 65.3 მლნ აშშ დოლარი

ოგუსტ რაში (ინგლ. August Rush) — 2007 წლის ამერიკული მუსიკალური დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია კირსტენ შერიდანი, ხოლო პროდიუსერი — რიჩარდ ბარტონ ლუისი. სიუჟეტი 11 წლის მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვზეა, რომელიც ობოლთა თავშესაფრიდან ნიუ-იორკში თავისი ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად გაიქცევა. ის საკუთარი ვინაობის საიდუმლოს ნელ-ნელა ფარდას ხდის, რა დროსაც მას დედამისი დაეძებს, ამ უკანასკნელს კი — მამამისი. ოგუსტს ამ მოგზაურობისას მრავალი სხვადასხვა ხმა და რიტმი ჩაესმის და ქმნის ვრცელ ინსტრუმენტალურ ნაწარმოებს — „ოგუსტის რაფსოდია“.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს ჩელისტი ლილა ნოვაჩეკი სწავლობს ჯულიარდის სკოლაში და ცხოვრობს მამამისის მკაცრი წესების ქვეშ. ამავდროულად, ლუის კონელი არის ირლანდიური როკ-ჯგუფის წამყვანი მომღერალი. ისინი ერთმანეთს შეხვდებიან და ღამეს ერთად გაატარებენ, თუმცა კავშირის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ. ერთ დღესაც ლილა გაიგებს, რომ ორსულადაა. მამამისთან ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის გამო კამათის შემდეგ, ლილას მანქანა ეჯახება, რის გამოც ექიმებს მშობიარობის ნაადრევი დაწყება უწევთ. როცა ლილა უგონოდაა, მამამისი ბავშვს გასაშვილებლად ჩააბარებს და ლილას ეუბნება, რომ იგი დაიღუპა.

თერთმეტი წლის შემდეგ ბავშვი ობოლთა თავშესაფარში ცხოვრობს ევან ტეილორის სახელით, სადაც მას სოციალურ მუშაკს, რიჩარდ ჯეფრისს ჩააბარებენ. ევანი მუსიკალური გენიოსია, ავლენს სავანტის მსგავს შესაძლებლობებს და აქვს უნიკალური სმენა, რის გამოც მას ხშირად ჩაგრავენ. ევანი დარწმუნებულია, რომ მისი მშობლები მას იპოვიან, რის გამოც ნიუ-იორკში გაიქცევა და როგორც თავად ამბობს, „მუსიკას მიჰყვება“ იმ იმედით, რომ ის მას თავის ოჯახთან მიიყვანს. ის იპოვის ბიჭს, სახელად არტურს, რომელიც ვაშინგტონის სკვერის პარკში ფულისთვის გიტარაზე უკრავს. ევანი მას გაჰყვება სახლში, მიტოვებულ თეატრში, სადაც გაიცნობს „ჯადოქარ“ უოლესს, ქედმაღალ და აგრესიულ მოხეტიალეს, რომელიც ამავდროულად მუსიკოსია და უსახლკარო და გაქცეულ ბავშვებს ქუჩის შემსრულებლობას ასწავლის. ევანი ჯადოქრის გიტარაზე, როქსანაზე (Gibson J150ec) დაუკრავს. ჯადოქარი იმდენად მოიხიბლება მისი ნიჭით, რომ ვაშინგტონის სკვერის პარკში საკუთარ ადგილს უთმობს და თავის გიტარას აძლევს. ის ევანს ასევე სასცენო სახელს, „ოგუსტ რაშს“ აძლევს და კლუბებში მის პოპულარიზაციას ცდილობს. როცა ჯადოქარი ჯეფრისის მიერ გაქცეული ევანის შესახებ გაკრულ პოსტერებს დაინახავს, მათ ჩამოხევს იმ იმედით, რომ ევანს თავისთვის დაიტოვებს.

ამ დროს ლუისი სან-ფრანცისკოში ცხოვრობს, ხოლო ლილა ჩიკაგოში მუსიკის მასწავლებლად მუშაობს. ლუისი თავის ძმებს დაუკავშირდება და ლილას მოძებნას შეეცდება. ლილას მამამისის სიკვდილის წინ დაურეკავენ, რომელიც გამოუტყდება, რომ მისი ვაჟი ცოცხალია, რის გამოც ლილა მომაკვდავ მამას ტოვებს და შვილის ძებნას დაუყოვნებლივ იწყებს.

ლუისი ჩიკაგოში ლილას ბინაში მიდის, სადაც მეზობელს დაელაპარაკება, რომელიც შეცდომით ეუბნება, რომ ის გათხოვდა და ახლა თაფლობის თვეზეა წასული. იმედდაკარგული ლუისი ნიუ-იორკში აღმოჩნდება, სადაც თავისი ჯგუფის ხელახლა შეკრებას შეეცდება. როცა ჯეფრისი ჯადოქარს და არტურს ქუჩაში შეხვდება, ეჭვი შეეპარება, რის შემდეგაც პოლიცია თეატრში შეიჭრება, სადაც ჯადოქარი და მისი „შვილები“ ცხოვრობენ. ევანი პოლიციას დაუსხლტება და გაიხსენებს ჯადოქრის რჩევას, რომ მისი ნამდვილი სახელი არავის გაუმხილოს. ევანი (ახლა უკვე „ოგუსტი“) თავს ეკლესიას შეაფარებს, სადაც დაუმეგობრდება პატარა გოგონას, სახელად ჰოუპს, რომელიც მას პიანინოს და ნოტებად ჩაწერილ მუსიკას წარუდგენს. ჰოუპი ოგუსტს და მის შესაძლებლობებს პასტორს აჩვენებს, რომელიც მას ჯულიარდში მიიყვანს, სადაც თავისი ნიჭით მასწავლებლებს კიდევ ერთხელ განაცვიფრებს. ოგუსტის საშინაო დავალებებიდან და ჩანაწერებიდან ნელ-ნელა რაფსოდია აღმოცენდება.

ნიუ-იორკში დაბრუნებული ლილა ჯეფრის ოფისში მიდის, სადაც იგი დაადგენს, რომ ევანი/ოგუსტი მისი შვილია. მისი ძებნისას, ლილა ჩელოს დაკვრას განაახლებს და იღებს შემოთავაზებას, რომ ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ცენტრალ-პარკში გამართულ კონცერტზე დაუკრას. იმავე კონცერტზე რაფსოდიის შესასრულებლად ოგუსტს აირჩევენ. მიუხედავად ამისა, რეპეტიციის დროს ჯადოქარი ჩაერევა, თავს ოგუსტის მამად გაასაღებს და მას წაიყვანს.

კონცერტის დღეს ოგუსტი ვაშინგტონის სკვერში თავის ადგილას უკრავს, ხოლო ჯადოქარი გეგმავს მის შეუმჩნევლად ტარებას ქვეყნის გარშემო დასაკრავად. ოგუსტი ლუისს შეხვდება, თუმცა ერთმანეთის შესახებ არ იციან. ისინი გიტარაზე დუეტს შეასრულებენ. ოგუსტი ლუისს თავისი დილემის შესახებ მოუყვება, რომელიც ამხნევებს, რომ კონცერტზე წავიდეს. იმავე საღამოს ოგუსტი არტურის დახმარებით ჯადოქარს მეტროდან დაუსხლტება და კონცერტისზე გაემართება. ლუისი თავის ჯგუფთან ერთად დაკვრის შემდეგ აბრაზე ლილას სახელს დაინახავს და დაუყოვნებლივ პარკში წავა. ჯეფრისი იპოვის სარეკლამო ბროშურას, რომელზეც ევანის სურათია და წერია „ოგუსტ რაში“, რის გამოც ისიც კონცერტზე გაემართება.

ოგუსტი დროულად მიდის და ორკესტრს დირიჟორობს, რაც ლილასა და ლუისის სცენასთან მისვლას გამოიწვევს. ისინი ერთმანეთს დაინახავენ. ოგუსტი რაფსოდიას დაასრულებს და უკან ბრუნდება, რა დროსაც მის მშობლებს დაინახავს. ის იღიმის იმის ცოდნით, რომ მთელი ეს დრო მართალი იყო.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიღებული შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ოგუსტ რაშმა“ კრიტიკოსებისგან სხვადასხვა შეფასებები მიიღო.[1][2] 2020 წლის ივნისისთვის, ფილმს Rotten Tomatoes-ზე 37% დადებითი შეფასება აქვს, ჯამში 10-დან 4.83 ქულით.[1] Metacritic-ზე ფილმმა 100-დან 38 ქულა მოიპოვა 27 კრიტიკოსზე დაყრდნობით, რაც „ზოგადად უარყოფით შეფასებაზე“ მიუთითებს.[2]

USA Today-ის მიმოხილვაში კლაუდია პუგმა განაცხადა, რომ „ოგუსტ რაში ყველასთვის არ არის, მაგრამ მოგეწონება თუკი დანებდები მის საოცარ ამბავს მუსიკალური და ვიზუალური პოეზიის შესახებ.“[3] The Hollywood Reporter-მა ფილმი დადებითად შეაფასა და დაწერა „ამბავი არის მუსიკოსების და იმის შესახებ, თ როგორ აკავშირებს მუსიკა ადამიანებს, ასე რომ, მარკ მანჩინასა და ჰანს ციმერის მუსიკა დაუჯერებელ ამბავს პოეტურ მოქნილობას სძენს.“[4]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა შეფასებების მიუხედავად, „ოგუსტ რაში“ მუსიკისთვის მოიწონეს. სიმღერა „Raise It Up“ წარდგა ოსკარის მე-80 დაჯილდოების ნომინაციაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 August Rush — Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 November 2007. ციტირების თარიღი: September 14, 2020.
  2. 2.0 2.1 August Rush (2007): Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2007. ციტირების თარიღი: 2007-11-27.
  3. Puig, Claudia (2007-11-23). „Lilting 'August Rush' is poetry in emotion“. USA Today. ციტირების თარიღი: 2008-02-29.
  4. Honeycutt, Kirk (November 8, 2007). „August Rush“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-06. ციტირების თარიღი: 2008-02-29.