შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილი (დ. 20 ოქტომბერი, 1840 — გ. 27 მაისი, 1908) — ქართველი მთარგმნელი და პუბლიცისტი.

ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილი დაიბადა სოფელ ქვემო ჭალაში, კასპის რაიონში. აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებსა და რეცენზიებს „დროებაში“ და „ივერიაში“. იყო ჟურნალ „კვალის“ რედაქტორ–გამომცემელი 1903 წლიდან. 70–იან წლებში მსახურობდა მაზრის უფროსად ახალციხეში. დააარსა ქალთა სასწავლებელი, ხელმძღვანელობდა აბასთუმანის საკურორტო მშენებლობას. დაეხმარა იტალიელ მხატვარს პრემაცოს ვარძიისა და საფარის სამონასტრო კომპლექსების შესწავლაში. 90–იან წლებში იყო მაზრის უფროსი თიანეთში, 1902 წლიდან კი დუშეთში. ზრუნავდა ფშავ–ხევსურეთში გზების გაყვანაზე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის თბილისში გადმოსვენებისას გამოაქვეყნა მამის–იაკინთეს არქივში დაცული მასალა პოეტის შესახებ 1893 წელს. მეთაურობდა ქართული სკოლის დაარსებას სოხუმში 90–იან წლებში, მართავდა ლიტერატურულ–დრამატულ საღამოებს. 90–იან წლებში ქვემო ჭალაში დააარსა ბიბლიოთეკა, რომელსაც გადასცა საკუთარი სახლი და წიგნები. 1902 წელს რუსულად თარგმნა და 1903 წელს გამოსცა ილია ჭავჭავაძის „სომეხთა მეცნიერნი ანუ ქვათა ღაღადი“. „ივერიაში“ გამოაქვეყნა თეორიული ნაშრომი „ისტორიული პიესის წარმოდგენის გამო“ 1904 წელს, აგრეთვე ეთნოგრაფიული ხასიათის თხზულებები. ნიკოლოზ ალექს-მესხიშვილი იყო თეატრალური მოღვაწე. გარდაიცვალა 1908 წელს და დაკრძალულია სამთავისის ტაძრის გალავანში.


  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I, თბ., 1997., გვ.104. ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა, თბ., 1961., გვ.14-15

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]