ნიკოლოზი (ნამორაძე)
ნიკოლოზი, ერისკაცობაში — ნიკოლოზ ზაქარიას ძე ნამორაძე, (დ. 1872 — გ. 1923) — ქართველი სასულიერო პირი.
დაიბადა დუშეთის მაზრის აზნაურის ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში (1883-1888) და თბილისის სასულიერო სემინარიაში (1888-1895). 1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია (საკანდიდატო ნაშრომი — «Церковное управление в Грузии до присоединения ея к России»), რის შემდეგაც დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1902 წელს ეკურთხა მღვდელმონაზონად, 1904 წელს კი დაინიშნა გელათის მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტის ხარისხით.
არქიმანდრიტი ნიკოლოზი მონაწილეობდა 1905 წლის გამათავისუფლებელ მოძრაობაში, რის გამოც 1906 წლის მაისში თანამდებობიდან გადააყენეს და ხარკოვის ეპარქიის სვიატიგორსკის მონასტერში გადასახლება მიუსაჯეს. ნიკოლოზი არ დაემორჩილა ამ გადაწყვეტილებას და თბილისში იმალებოდა. ერთ-ერთი დაუდასტურებელი ვერსიით 1908 წლის 28 მაისს სწორედ მან მოკლა საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი. იმავე წელს ნამორაძე ოსმალეთში გადასახლდა და კონსტანტინეპოლში ქართველ კათოლიკეთა მონასტერს შეაფარა თავი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1917 წლის ნოემბერში ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა გელათის მონასტრის კრებულისა და სოფ. გელათის მცხოვრებლების თხოვნის საფუძველზე ნიკოლოზი მონასტრის წინამძღვრად დააბრუნა. შემდეგ მოწამეთას მონასტრის არქიმანდრიტი იყო. გარდაიცვალა 1923 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის / მ. ბერძნიშვილი ; რედ.: მამისა ბერძნიშვილი ; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. ნაწ. II : მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა-ე). თბილისი : მეცნიერება , 1980 – გვ. 117-118.
- ლორთქიფანიძე, ი. საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან — ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე): ცხოვრება და მოღვაწეობა[მკვდარი ბმული], თბილისი, 2019.