შინაარსზე გადასვლა

კაკალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიგოზი)
ეს სტატია მცენარის ეხება. ნაყოფის შესახებ იხილეთ კაკალი (ნაყოფი).
კაკალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  კაკლისებრნი
გვარი:  კაკალი
სახეობა:  კაკალი
ლათინური სახელი
Juglans regia
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 63495

კაკალი, ნიგვზის ხე (ლათ. Juglans regia) — ფოთოლმცვივანი ხე კაკლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 20—30 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ. შვეულად მდგომს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. აქვს ლეგა, დაშაშრული ქერქი, ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები, კენტფრთართული, პრიალა ფოთოლი, რომელიც ეთეროვან ზეთს შეიცავს. ნაყოფი კურკიანაა (ე. წ. „კაკალი“). ბუნებრივად გავრცელებულია მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ირანში, ჩინეთში, კავკასიასა და შუა აზიაში. ამიერკავკასიაში ველურად იზრდება თითქმის ყველგან, ქმნის მცირე კორომებს, მეტწილად კი ერთეული ხეებია. მდინარისპირა ვაკეთა ტყეებში შერეულია მუხასთან, თელასა და რცხილასთან.

საქართველოში ველური კაკლის ყველაზე დიდი კორომია მდინარე ალაზნის ნაპირებზე — პანკისის ხეობაში (10 ჰა) და ჯუმას ყურეში (ალაზნის ველის ჭალაში, 40 ჰა). კაკალი სინათლისა და სითბოს მოყვარულია. მაღალ მთებში (1500 მ-ზე ზევით) სიცივე აზიანებს, უძლებს 20-22 °C-მდე ყინვას. საკმაოდ გვალვაგამძლეა. ვერ ეგუება ჭარბტენიან და ეწერ ნიადაგს. კარგად ზარობს ნოყიერ ნიადაგზე, თიხნარ-კირნარზე.

ყვავილობს ფოთლის გაშლასთან ერთად, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ნაყოფმსხმოიარეა 12 წლიდან 200 წლამდე. მოსავლიანი ხე — 100-200 კგ ნაყოფს იძლევა. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს. მისი მერქანი (მეტადრე ნუჟრები) ძვირფასი საავეჯე მასალაა. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს (45-77%), ცილებს (8-21%), B1 ვიტამინსა და A პროვიტამინს. მკვახე ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით, მისგან მურაბას ამზადებენ მწიფე კაკლის გულისაგან — ნიგვზისაგან — ხდიან ზეთს და ხმარობენ საკონდიტრო წარმოებაში. წენგოსაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს. ფოთლები და წენგო იხმარება მედიცინაში. კაკალი კარგი საჩრდილობელი ხეა.