ნანა ხაზარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნანა ხაზარაძე
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1931(1931-02-04)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 2 თებერვალი, 2019(2019-02-02) (87 წლის)
გარდ. ადგილი საქართველო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ეროვნება ქართველები
საქმიანობა ისტორია
მუშაობის ადგილი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია, ღირსების ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია

ნანა ვლადიმერის ასული ხაზარაძე (დ. 4 თებერვალი, 1931, თბილისი, — გ. 2 თებერვალი, 2019) — ქართველი ისტორიკოსი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1992), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2012). მისი ნაშრომები ისტორიის სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის და კავკასიის ძველი ისტორიისა და ქართველი ხალხის ეთნოგენეზის პრობლემებს, შეეხება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1931 წელს თბილისში, ექიმების ოჯახში (მამა — უროლოგი, დედა — სტომატოლოგი). სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1952 წელს მეუღლესთან, ქირურგ ვახტანგ ფიფიასთან ერთად სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა. 1955 წელს დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იყო ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი და შემდეგ მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2005-2006 წლებში ხაზარაძე იყო ამავე განყოფილების გამგე. 1990-2005 წლებში იქვე ხელმძღვანელობდა ქართველი ხალხის ეთნოგენეზის კომპლექსური შესწავლის საპრობლემო ჯგუფს. 1990 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დააარსა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის მიმართულება, შემდეგ კი იმავე უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2009 წელს იქვე აირჩიეს სრულ პროფესორად. 2006 წლიდან იყო ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე. ხაზარაძე ასევე იყო ჟურნალ „ანალების“, „საისტორიო ვერტიკალების“ და ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის კონსულტანტი და სარედაქციო კოლეგიების წევრი. მიღებული ჰქონდა სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია (1985), ღირსების ორდენი (1996), ექვთიმე თაყაიშვილის და გიორგი მელიქიშვილის სახელობის პრემიები (2010), საქართველოს სახელმწიფო პრემია (2010). გარდაიცვალა 2019 წელს, 87 წლის ასაკში.

გამოქვეყნებული აქვს 214 სამეცნიერო ნაშრომი (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე), მათ შორის 12 წიგნი, აქედან 3 თანაავტორობით, 3 — სახელმძღვანელო. ხაზარაძის სამეცნიერო კვლევის სფეროებს წარმოადგენდა: ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ ევროპის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, თანამედროვე ისტორიის კონფლიქტოლოგიური ასპექტები. საქართველოში პირველად შეისწავლა ლუვიური ენა. მის ნაშრომებში განხილულია ფრიგიასთან დაკავშირებული საკითხები, უძველესი ქართველური ტომების, მოსხების და მესხების ისტორია, „მოსხიკეს“ და „მოსხური მთების“ ლოკალიზაცია, ტიბარენებისა და მატიენების ისტორია, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია, ძველაღმოსავლური ეთნოკულტურული სამყარო, წმინდა ხის კულტი საქართველოში, ხეთურ-ქართული მითოლოგიური პარალელები, გვიანხეთური ხანის სამეფო-სამთავროები, ბიბლია და ქართველი ხალხის განსახლების ისტორია, თაბალის ისტორია და სხვა საკითხები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ღვთისმშობლის სარტყლის ქვეყანაში (თანაავტორი). — თბილისი, 2008. — 116გვ.
  • სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი (ავტორი). — თბილისი, მემატიანე, 2005. — 421გვ.
  • ძველაღმოსავლური და ქართველოლოგიური ძიებანი (ავტორი). — თბილისი, მემატიანე, 2001. — 446გვ.
  • წმინდა ხის კულტი საქართველოში : მითოლოგიური პარალელები (ავტორი). — თბილისი, ინტელექტი, 1999. — 52გვ.
  • საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები : მოსხები (ავტორი). — თბილისი, მეცნიერება, 1984. — 201გვ.
  • აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში (ავტორი). — თბილისი, მეცნიერება, 1978. — 140გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მანანა ხიდაშელი. „ნანა ხაზარაძე — 80“, გვ. 12-47. კრებული: კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული XIV : ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ; [რედ. :ირინე ტატიშვილი, მანანა ხვედელიძე, ლევან გორდეზიანი]. თბილისი, 2011. ISBN: 9941437033.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]