ნაზი შამანაური
ნაზი შამანაური (დ. 5 ივლისი, 1940, ოძისი, დუშეთი — გ. იანვარი, 1983, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი. კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობის პირველი წლები მამის მშობლიურ სოფელ ოძისში გაატარა. 1944 წელს დედა — სარა ინაშვილი და ნაზი საცხოვრებლად დუშეთში გადავიდნენ. 1958 წელს ნაზიმ დაამთავრა დუშეთის პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ფრანგული ენის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, ისევ მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში დაიწყო აღმზრდელად მუშაობა. 1966 წელს ისევ სტუდენტურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ამჯერად თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, რომელიც 1971 წელს წარჩინებით დაამთავრა. იმავე წელს მუშაობას იწყებს ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის სახელობის სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციაში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ შტატების შემცირების საბაბით გაათავისუფლეს.
არსებულ რეჟიმთან დაპირისპირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ დროისათვის მისი, როგორც ჟურნალისტის თვალი და გონება სწვდება უამრავ მანკიერ მოვლენას და სხვებისაგან განსხვავებით იწყებს მათ მხილებას. აქვეყნებს წერილებს, სადაც გაბედულად ამბობს იმას, რაც თითოეულის გულში იყო, მაგრამ შიშის გამო ვერ ბედავდნენ თქმას. ბოლო წერილი მან გამოაქვეყნა 1974 წლის 7 ივნისს გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“. ამის შემდეგ, როგორც რესპუბლიკური, ისე რაიონული გაზეთების რედაქციათა კარები მისთვის გამოიკეტა.
1982 წლის 14 აგვისტოს, ჩარგალში, „ვაჟაობის“ დღესასწაულზე ნაზი შამანაური სიტყვით გამოვიდა და არნახული გაბედულებით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, აგრეთვე საქართველოს სავალალო მდგომარეობა, რისთვისაც იგი მაშინვე დააკავეს უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა. დუშეთის უშიშროების განყოფილების გამგემ იქვე წაართვა მას 77-გვერდიანი მხილების ტექსტი. მასთან ერთად დაკავებულ იქნა დედამისიც.
დუშეთის რაიონის სასამართლომ დედა-შვილს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახელობის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ნაზიმ შიმშილობა გამოაცხადა და იშიმშილა 70 დღე. მიუხედავად ამისა მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებითა და ნეიროლეპტიკების ინექციებით, რითაც მძიმედ დააავადეს.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1983 წლის იანვარში ნაზი შამანაური საავადმყოფოს პერსონალმა სასიკვდილოდ სცემა, რის შედეგადაც მან მიიღო თავის ქალის ტრავმა და პერიტონიტი. იგი გადაყვანილ იქნა თბილისის მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. ქირურგმა ოპერატორმა და პათანატომმა დაადასტურეს, რომ იგი ცემით იყო მოკლული, თუმცა ექსპერტიზა დღემდე მალავს ამ ფაქტს. ნაზის დასაფლავებას 80 კაცამდე თუ ესწრებოდა, უმრავლესობა დედაქალაქიდან ჩასული ახალგაზრდობა იყო. დუშეთის რაიონის მცხოვრებლებმა შიშის გამო ვერ გაბედეს მისვლა.
ჯილდო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აგვისტოში მედია კავშირმა „ობიექტივმა“ ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედალი დააწესა. ჯილდო და სიგელები იმ ჟურნალისტებს გადაეცემათ, რომლებიც საკუთარ პროფესიას ერთგულად ემსახურებიან, საზოგადოებას მართალ, ობიექტურ ინფორმაციას აწვდიან და ამასთანავე, ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვიან.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შ. ჭინჭარაული, ჩემი სიმართლე ჩემი მტერია, თბ., 1991
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაზეთი „ახალი 7 დღე“ — „ობიექტივმა“ ნაზი შამანაურის სახელობის ოქროს მედალი დააწესა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-11-20.