ადამიანის უფლებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ადამიანის უფლებები — კონცეფცია ადამიანების უნივერსალურ უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, რომელიც მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის მიუხედავად. ადგენს იმ უფლებათა ჩამონათვალს, რომელთა დაცვა და რეალიზებაც წარმოადგენს სახელმწიფოების მოვალეობას.

ადამიანის უფლებათა არსებობა, მართებულობა და შინაარსი დღემდე დებატების საგანია ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებაში. იურიდიულად ადამიანის უფლებები განისაზღვრება საერთაშორისო კანონითა და კონვენციებით, შემდეგ კი მრავალი სახელმწიფოს ადგილობრივი კანონებით. მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანისთვის ჰუმანურ უფლებათა დოქტრინა კანონის ფარგლებს სცილდება და ქმნის ფუნდამენტურ მორალურ ბაზისს თანამედროვე გეოპოლიტიკური წესრიგის რეგულირებისთვის. მათთვის ეს დემოკრატიულ იდეალებს წარმოადგენს.