მიხეილ გრიგორაშვილი
მიხეილ გრიგორაშვილი (ინგლ. Michael Gregor, რუს. Михаил Леонтьевич Григорашвили; დ. 1888, დერბენტი — გ. 1953, ნიუ-ჯერსი) — გამოჩენილი ქართველი ავია ინჟინერი; რუსეთის იმპერიის, აშშ და კანადის ავიაციის ერთ-ერთი პიონერი.
მიხეილ გრიგორაშვილი დაიბადა ქ. დერბენტში, რუსეთის იმპერიაში. სანქტ-პეტერბურგის კავშირგაბმულობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პილოტების ინსტრუქტორად. პირველი მსოფლიო ომის დროს ოფიცრად მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. 1917 წელს რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, ახლადშექმნილ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მუშაობა განაგრძო კავშირგაბმულობის სამინისტროში გზების ინჟინრად. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ გადასახლდა შეერთებულ შტატებში. მიხეილ გრიგორაშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო 1926 წელს, ხოლო თავისი გვარი, ისევე როგორც სხვა ქართველმა ემიგრანტებმა შეამოკლა.
მიხეილ გრიგორმა მუშაობა დაიწყო როდ-აილენდიის საავიაციო ქარხანაში. 1921 წელს ახალგაზრდა ქართველი ავია კონსტუქტორი დიზაინერად მიიწვია დეითონ-რაითის კომპანიამ, ხოლო 1923 წელს — კერტის-რაითმა. 1934 წელს მიხეილ გრიგორმა დააარსა თავისი ფირმა — Gregor Aircraft-ი და გამოუშვა ორიგინალური მსუბუქი თვითმფრინავი GR-1. ორი წლის შემდეგ მიხეილ გრიგორმა Canadian Car and Foundry-სთვის შექმნა ბიპლანი გამანადგურებელი FDB-1. მოწინავე ტექნოლოგიისა და ინოვაციური დიზაინის მიუხედავად თვითმფრინავს მყიდველი არ გამოუჩნდა, ხოლო ერთადერთი პროტოტიპი ხანძრის დროს დაიწვა 1945 წელს.
ორმოციან წლებში მიხეილ გრიგორი წამყვან დიზაინერად მუშაობდა კომპანია Chase Aircraft-ში. გარდაიცვალა 1953 წელს თრენთონში, ნიუ-ჯერსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქებურია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 159.