მთიანი სამეგრელო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მთიანი სამეგრელო — მოიცავს ეგრისის ქედის თხემურ ზოლს, მის სამხრეთ ფერდობს და ამავე ფერდობის პერიფერიულ, დაბალ, ცარცული ასაკის კირქვებისაგან აგებულ სტრუქტურული რელიეფის მქონე მასივებს, რომელიც ერთიმეორისაგან ვიწრო კანიონისებური ხეობებით არიან გამოყოფილი. აქ, მდინარეების ენგურის, მაგანას, ჭანისწყლის, ხობის, ტეხურისა და ცხენისწყლის კალაპოტებს შორის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით წარმოდგენილია წულიშის, ყვირას, გაუჩას, მინგარიას და ასხის კარსტული მასივები.

მთიანი სამეგრელოს ფიზიკურ-გეოფრაფიული თავიდებურება მასთან მოსაზღვრე აფხაზეთის, სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის მთიან რეგიონებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ მის საზღვრებში, შედარებით ნაკლები აბსოლუტური სიმაღლეების გამო, სუსტქად არის გამოხატული ნივალური (მუდმივი, თოვლ-ყინულოვანი) ლანდშაფტური სარტყელი. ამასთან ერთად, მთიანი სამეგრელო კავკასიონის მთიანეთის სხვა დანარჩენი ნაწილებისგან უფრო მეტი სინესტით გამოირჩევა. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამის სიდიდის მხრივ, იგი მხოლოდ აჭარის მთისწინეთს ჩამოუვარდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამეგრელო – მურმან არდია, ჭიჭიკო ჯანელიძე, თბილისი–ზუგდიდი, 1999 წ.