მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის წევრები თბილისში.

მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია — ევროპელი სოციალისტების დელეგაცია. ჩამოყალიბდა მეორე ინტერნაციონალის ჟენევის კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარეობდა 1920 წლის 31 ივლისიდან 4 აგვისტომდე და უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ვიზიტის მიზანი იყო, ინტერნაციონალის ლიდერები გასცნობოდნენ საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას, რათა მხარი დაეჭირათ საქართველოს დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებისათვის დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა (ანტანტის) მთავრობებზე ზეგავლენის მოხდენის გზით.

1920 წლის 14 სექტემბერს საქართველოში ჩამოვიდა მეორე ინტერნაციონალის დელეგაცია. მასში შედიოდნენ დასავლეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული და მუშათა მოძრაობის გამოჩენილი ლიდერები — დიდი ბრიტანეთიდან: ჯეიმზ რამსეი მაკდონალდი, ტომას შოუ, ქალბატონი სნოუდენი; საფრანგეთიდან: პიერ რენოდელი, ინგელსი, მარკე; ბელგიიდან: ემილ ვანდერველდე, იუსმანსი, მისი მეუღლე და დე ბრიუკერი. ავადმყოფობის გამო დელეგაციაში არ იმყოფებოდა მეორე ინტერნაციონალის ხელმძღვანელი კარლ კაუცკი, რომელიც საქართველოში მოგვიანებით ჩამოვიდა თავის მეუღლე ლუიზასთან ერთად.

დელეგაცია ბათუმში ჩამოსვლისა და ქალაქის დათვალიერების შემდეგ გამოემგზავრა თბილისში. საქართველოს მთავრობამ 15 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა. დედაქალაქში შედგა დამფუძნებელი კრების რიგით 51-ე საგანგებო კრება, რომელსაც სტუმრები ესწრებოდნენ. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე) ალ. ლომთათიძე, ყველა პარტიული ფრაქციის წარმომადგენლები: გრ. გიორგაძე, შ. მესხიშვილი, გ. გვაზავა, გ. ვეშაპელი, ლ. შენგელაია, ტერ-სტეპანიანი. დამფუძნებელ კრებაში შეხვედრის შემდეგ დელეგაციამ იმოგზაურა ქვეყნის არაერთ კუთხეში, სადაც ხვდებოდა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობას, სტუმრებმა ათი დღე დაყვეს საქართველოში და ყველგან ხვდებოდნენ აღფრთოვანებულ და სტუმართმოყვარე განწყობას, საზეიმო სხდომებს, მიტინგებს თუ ტრადიციულ ქართულ გამასპინძლებას სუფრასთან.

თავის მხრივ, დელეგაციის წევრებმა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მრავალი სტატია, წერილი თუ პუბლიკაცია გამოაქვეყნეს ევროპულ პრესაში, მოაწყვეს შეხვედრები, მიტინგები, კითხულობდნენ მოხსენებებს, რომლებშიც არ ფარავდნენ ემოციებს ქართველი ხალხის ბუნების, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერისა და ქართული დემოკრატიის დაცვის აუცილებლობის შესახებ, რომელსაც აგრესიის საფრთხე ემუქრებოდა დიდი მეზობლებისაგან. მაგალითად, ინგლისურ გაზეთ „ტაიმსში“ დაიბეჭდა ქალბატონი სნოუდენის ინტერვიუ; ლონდონის ყოველკვირეულ „დე მატენში“ — მაკდონალდის სტატია „სოციალისტური სახელმწიფო კავკასიაში“; ბელგიურ გაზეთ „ლე სეირში“ — ვანდერველდეს ინტერვიუ; ა. ინგელსმა ფრანგულ „ლე კრი დუ ნორში“ გამოაქვეყნა მთელი სერიალი საქართველოში მოგზაურობისა და განცდილი შთაბეჭდილებების შესახებ; პიერ რენოდელმა — მისივე რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ლა ვი სოციალისტში“ და ა. შ.

1920 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „ნეიშენში“ რამსეი მაკდონალდი წერდა:

ვიკიციტატა
„[საქართველოში] მუშას, გლეხს, გუშინდელ მემამულესაც კი, ერის ყველა ნაწილს შეგნებული აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. შენდება სრული დემოკრატიული სახელმწიფო სოციალისტური მთავრობის ხელმძღვანელობით, თუ ერთა თავისუფლება ცარიელი სიტყვა არაა, თუ რომელიმე ერს თავისუფლება ეკუთვნის, ესაა ქართველი ერი, რომელმაც დაუმტკიცა მთელ კაცობრიობას თავისი მაღალი კულტუროსნობა და პოლიტიკური სიმწიფე.“

სავარაუდოა, რომ მეორე ინტერნაციონალის მხარდაჭერამ და დასავლეთის ქვეყნების სოციალისტური პარტიებისა და მათი ლიდერების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის პოპულარიზაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპული სახელმწიფოების მთავრობათა და ანტანტის ხელმძღვანელობაზე, რომლის შედეგიც იყო საქართველოს დე იურე დამოუკიდებლბის აღიარება. თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ევროპელების ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში იმითაც ჩანს, რომ ვიზიტის დღეებში გადაიღეს ოთხნაწილიანი დოკუმენტური ფილმი — „ევროპის სოციალისტური დელეგაცია საქართველოში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შველიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 270.