ემილ ვანდერველდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემილ ვანდერველდე
ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1925 – 1927

დაბადებული25 იანვარი, 1866
იქსელი, ბელგია
გარდაცვლილი27 დეკემბერი, 1938
იქსელი, ბელგია
მოქალაქეობაბელგიის დროშა ბელგია
ეროვნებაბელგიელი

ემილ ვანდერველდე (ფრანგ. Émile Vandervelde; დ. 25 იანვარი, 1866, იქსელი, ბელგია — გ. 27 დეკემბერი, 1938, იქვე) — ბელგიის მუშათა პარტიის დამაარსებელი და ლიდერი. ბელგიის სამეფოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა და სახალხო ჯანდაცვის მინისტრი. მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა საშუალო კლასის წარმომადგენელ ბელგიურ ოჯახში. იურიდიული განათლება ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში მიიღო. შემდგომში ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას. 1885 წლიდან იყო ახლად შექმნილი ბელგიის მუშათა პარტიის ლიდერი. 1894 წელს აირჩიეს ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრად, შემდგომში ათწლეულების განმავლობაში იყო სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრი. 1900-1918 წლებში ხელმძღვანელობდა მეორე სოციალისტურ ინტერნაციონალს. 1914 წლიდან იყო ბელგიის სამეფოს მინისტრთა კაბინეტის წევრი. ხელმძღვანელობდა ბელგიის დელეგაციას ვერსალის მოლაპარაკებებზე და მხარს უჭერდა ერთა ლიგის შექმნას. 1920 წელს, როგორც ევროპელი სოციალისტების დელეგაციის წევრი, იმყოფებოდა საქართველოში. მოგზაურობდა საქართველოს რეგიონებში, საზეიმო მიტინგებზე სიტყვითგამოვიდა თბილისში, გურჯაანში, ტყიბულში, ქუთაისში. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ გეზს. ევროპაში დაბრუნების შემდეგ, არაერთი სტატია დაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. ჟურნალში „Le Peuple“ გამოაქვეყნა სტატია „პირველი სოციალისტური მთავრობა“, სადაც წერდა: „ომის წინა წლებში რომ დასმულიყო საკითხი, თუ სად, ევროპის რომელ ქალაქში შედგებოდა პირველი სოციალისტური მთავრობა, ზოგი დაასახელებდა ლონდონს, სხვები პარიზს, ბერლინს, სტოკჰოლმს ან ბრიუსელს. მაგრამ ვინ იფიქრებდა საქართველოს სატახტო ქალაქ თბილისზე? სწორედ ამ ქალაქში აღიმართა სოციალისტური დროშა და დაიწყო ნამდვილი დემოკრატიული წყობილების მშენებლობა“.

აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დე ფაქტოდ და დე იურედ აღიარების პროცესს. მუშაობდა ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ. 1921 წელს წინასიტყვაობა დაწერა პარიზში გამოცემული ვლადიმირ ვოიტინსკის წიგნისთვის „ქართული დემოკრატია“. წინასიტყვაობაში აღნიშნავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ მიღწევებსა და ნოე ჟორდანიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის, გავლენას ქართულ საზოგადოებაზე. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ემილ ვანდერველდე ევროპელ პოლიტიკოსთა შორის ყველაზე აქტიურად აპროტესტებდა საოკუპაციო რეჟიმს, ეხმარებოდა საქართველოს დევნილ მთავრობას წინააღმდეგობის მოძრაობის წარმართვაში და ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დახმარების მოძიებაში. თანამშრომლობდა და დახმარებას უწევდა ქართულ ემიგრაციას. 1925-1927 წლებში იყო ბელგიის სახალხო ჯანდაცვის მინისტრი. ბელგიის სოციალისტური პარტიის ისტორიის შემსწავლელი ცენტრი, 1946 წლიდან, ემილ ვანდერველდეს სახელ ატარებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 159, თბ., 2018 წელი.