მეორე ინტერნაციონალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინტერნაციონალი.

მეორე ინტერნაციონალი, სოციალისტური ინტერნაციონალი, მშრომელთა ინტერნაციონალი (14 ივლისი, 18891916) — მუშათა პარტიების საერთაშორისო გაერთიანება. მისი შექმნა განაპირობა მუშათა მოძრაობის აღმავლობამ, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩაისახა პირველი ინტერნაციონალის მოღვაწეობის შედეგად. 80-იან წლებში, გარდა ადრე არსებული სოციალისტური პარტიებისა, მუშათა პარტიები ჩამოყალიბდა ბელგიაში, შვეიცარიაში, ესპანეთში, იტალიაში, შვეციაში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში. რუსეთში შეიქმნა მარქსისტული „შრომის განთავისუფლების ჯგუფი“ და მარქსისტული წრეები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი სოციალისტური გაერთიანების შექმნაში დიდი როლი ითამაშა ფ. ენგელსმა. იგი დაუღალავად იღწვოდა იმისთვის, რომ ახალი საერთაშორისო სოციალისტური კონგრესის მოწვევის ინიციატორები მარქსისტები ყოფილიყვნენ, და დაქვემდებარებოდა მარქსისტულ იდეებს; დაეძლია ოპორტუნისტულ-რეფორმისტული მიმდინარეობანი (ფრანგი პოსიბილისტები, ინგლისის სოციალ-დემოკრატიული ფედერაციის ოპორტუნისტული ფრთა) და ანარქისტები, რომლებიც ცდილობდნენ მეორე ინტერნაციონალის დამფუძნებელთა როლში გამოსულიყვნენ. ენგელსმა აქტიური მონაწილეობა მიიღო მეორე ინტერნაციონალის I და II კონგრესების მომზადებაში, ასევე პირადად ესწრებოდა III კონგრესს.

პირველი კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1889 წლის 14-21 ივლისს პარიზში შედგა მეორე ინტერნაციონალის პირველი კონგრესი. კონგრესმა მუშათა მოძრაობის საბოლოო მიზნად დასახა სოციალიზმი და განსაზღვრა მისი უახლოესი ამოცანებიც: 8-საათიანი სამუშაო დღე, ბავშვებისა და ქალების სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სხვა. მარქსისტების გავლენით კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროლეტარიატის მიერ ძალაუფლების მოსაპოვებლად პროფკავშირებისა და სხვა ორგანიზაციების გარდა საჭირო იყო ძლიერი სოციალისტური პარტიის შექმნა. ანარქისტების საწინააღმდეგოდ, რომლებიც კატეგორიულად უარყოფდნენ სოციალისტების ყოველგვარ საპარლამენტო მოღვაწეობას, კონგრესმა მიიღო მარქსისტთა წინადადება ბუღჟუაზიული სახელმწიფოს პირობებში რეფორმირებისათვის საპარლამენტო და პარლამენტგარეშე ბრძოლის აუცილებლობის შესახებ.

მეორე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891 წლის 16-22 აგვისტოს ბრიუსელში შედგა მეორე ინტერნაციონალის მეორე კონგრესი. მილიტარიზმთან მუშათა კლასის დამოუკიდებლობის საკითხში კონგრესმა მიიღო კ. ლიბკნეხტის რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ომები კაპიტალისტური სისტემის გარდაუვალი შედეგია და რომ მხოლოდ სოციალისტურ საზოგადოებას შეუძლია ბოლო მოუღოს მილიტარიზმს და ხალხს მშვიდობა მოუტანოს. კონგრესმა დაადასტურა ეკონომიკური და პოლიტიკური ბრძოლის შერწყმის, მუშათა კანონმდებლობისათვის ბრძოლის გაფართოების აუცილებლობა.

მესამე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1893 წლის 6-12 დეკემბერს ციურიხში შედგა მეორე ინტერნაციონალის მესამე კონგრესი. კონგრესმა გადაჭრით დაგმო ანარქისტების ტაქტიკა. კონგრესმა გადაწყვიტა, რომ მეორე ინტერნაციონალის რიგებში მხოლოდ ის მუშათა პარტიები ყოფილიყვნენ, რომლებიც აღიარებდნენ პოლიტიკური ბრძოლის აუცილებლობას. კონგრესის მთავარი საკითხი იყო სოციალურ-დემოკრატიული პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი. კონგრესმა სოციალისტურ პარტიებს წინადადება მისცა პარლამენტში არ მიეცათ ხმა სამხედრო კრედიტებისათვის. მეორე ინტერნაციონალის საქმიანობას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ფ. ენგელსი. მან შეიმუშავა მუშათა კლასის ერთიანობისათვის ბრძოლის პროგრამა და ტაქტიკა. გამოდიოდა მუშათა მოძრაობაში ოპორტუნისტებისა და „მემარცხენე“ ნახევრად ანარქისტული ელემენტების წინააღმდეგ.

მეოთხე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1896 წლის 27 ივლის — 1 აგვისტოს ლონდონში შედგა მეორე ინტერნაციონალის მეოთხე კონგრესი. კონგრესმა მეორე ინტერნაციონალიდან გარიცხა ანარქისტები, დაადასტურა წინა კონგრესის გადაწყვეტილებები მუშათა კლასის პოლიტიკური ბრძოლის შესახებ და რეკომენდაცია მისცა პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად ორგანიზებული ბრძოლის ყველა ფორმის გამოყენებას. რეზოლუციაში არ იყო ლაპარაკი პროლეტარიატის მიერ ბურჟუაზიული ხელისუფლების რევოლუციური გზით დამხობის, ბურჟუაზიული სახელმწიფო აპარატის აუცილებელი დამსხვრევისა და პროლეტარიატის დიქტატურის დამყარების შესახებ. კონგრესმა დაგმო კოლონისტური პოლიტიკა, აღიარა ერთა თვითგამორკვევის უფლება, კვლავ დაადასტურა ომის შესახებ წინა კონგრესის მიერ მიღებული ანტიმილიტარისტული გადაწყვეტილებანი.

ლონდონის კონგრესით დამთავრდა მეორე ინტერნაციონალის მოღვაწეობის I პერიოდი, რომლის ძირიტადი შედეგი იყო მუშათა მოძრაობაში მარქსიზმის ჰეგემონიის დამკვიდრება. მეორე ინტერნაციონალმა ხელი შეუწყო ახალ სოციალისტურ მუშათა პარტიებისა და ორგანიზაციების შექმნის პროცესს. მუშათა მოძრაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ვ. ლენინის მიერ 1895 წელს პეტერბურგში „მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირის“ დაარსება. ოპორტუნისტულ მიმდინარეობათა შორის გაბატონებული მდგომარეობა რევიზიონიზმმა დაიკავა. მისი მთავარი იდეოლოგი ე. ბერნშტაინი იყო, რომლის შეხედულებათა წინააღმდეგ გამოვიდა ა. ბებელი. რევიზიონიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ გ. პლეხანოვი, ფ. მერინგი, პ. ლაფარგი, რ. ლუქსემბურგი და სხვანი. ბერნშტაინელობას ბოლომდე დაუპირისპირდა ვ. ლენინი. რევოლუციური მარქსიზმისა და მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის ცენტრმა რუსეთში გადაინაცვლა და მჭიდროდ დაუკავშირდა ვ. ლენინის მოღვაწეობას.

მეხუთე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წლის 23-27 სექტემბერს პარიზში შედგა მეორე ინტერნაციონალის მხუთე კონგრესი. აქ თავი იჩინა იმ ბრძოლამ, რომელიც საერთაშორისო მუშათა მოძრაობაში რევოლუციურ და ოპორტუნისტულ მიმდინარეობებს შორის იყო. მწვავე კამათის ობიექტად იქცა ე. წ. მილიერანის საქმე. იგი ეხებოდა მუშათა კლასის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობას და ბურჟუაზიულ პარტიებთან კავშირს. ამ საკითხზე პროექტები წარადგინეს კ. კაუცკიმ (მილიერანის მომხრე) და ჟ. გედმა (მილიერანის მოწინააღმდეგე). კონგრესის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კაუცკის „კაუჩუკურ“ რეზოლუციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა ოპორტუნისტებს არამარტო გაემართლებინათ მილიერანი, არამედ გაეტარებინათ „მინისტერიალიზმის“ პოლიტიკა. კონგრესზე შეიქმნა საერთაშორისო სოციალისტური ბიურო.

მეექვსე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1904 წლის 14-20 აგვისტოს ამსტერდამში შედგა მეორე ინტერნაციონალის მეექვსე კონგრესი. მას ესწრებოდნენ ყველა კონტინენტის სოციალისტური პარტიების დელეგატები, მათ შორის რსდმპ-საც. კონგრესმა დაგმო რუსეთ-იაპონიის ომი (1904-1905), როგორც ორმხრივ დამპყრობლური, განიხილა სოციალისტური ტაქტიკის საერთაშორისო წესები, პარტიის ერთიანობის, საყოველთაო გაფიცვის, კოლონისტური პოლიტიკის და სხვა საკითხები; დაგმო რევიზიონიზმი და „მინისტერიალიზმი“; აღიარა ყველა ქვეყნის სოციალისტთა ერთიანობის აუცილებლობა. რეზოუციაში აღარ იყო ლაპარაკი ეროვნული თვითგამორკვევის შესახებ. სოციალისტებს წინადადება მიეცათ მოეთხოვათ კოლონიების მოსახლეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა მათი განვითარების დონის შესაბამისად. მუშათა ბრძოლის უკიდურეს საშუალებად აღიარეს მასობრივი გაფიცვა და არა შეიარაღებული აჯანყება.

1905-1907 წლების რევოლუციამ რუსეთში ბიძგი მისცა მუშათა რევოლუციური მოძრაობის საყოველთაო ზრდას მთელ მსოფლიოში, ხელი შეუწყო რევოლუციური მარქსიზმის წარმატებას ოპორტუნისტებთან და რევიზიონიზმთან ბრძოლაში. მეექვსე კონგრესზე გამოიკვეთა სამი მიმდინარეობა:

  • მემარჯვენე ფრთა — აშკარა ოპორტუნისტები (ე. ბერნშტაინი, პ. ჰაინდმანი, ლ. ბისოლატი და სხვები);
  • ცენტრიზმი (კ. კაუცკი, ჯ. რ. მაკდონალდი, ა. თომა, ე. ვანდერველდე, ო. ბაუერი და სხვები);
  • მემარცხენე ფრთა (ბოლშევიკები ვ. ლენინის მეთაურობით და დასავლეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიათა მემარცხენე მოღვაწენი: ფ. მერინგი, რ. ლუქსემბურგი, კ. ლიბკნეხტი, დ. ბლაგოევივ. კოლაროვი და სხვები).

მეშვიდე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წლის 18-24 აგვისტოს შტუდგარდში შედგა მეორე ინტერნაციონალის მეშვიდე კონგრესი. კონგრესს ესწრებოდა ვ. ლენინი. კონგრესზე მიღებული რეზოლუციის თანახმად, ომის შემთხვევაში სოციალისტები ვალდებული იყვნენ გამოეყენებინათ ომით გამოწვეული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი კაპიტალის ბატონობის დამხობის დასაჩქარებლად. მემარცხენეებმა მიაღწიეს იმას, რომ კონგრესმა არსებითად დაგმო კაპიტალისტური ქვეყნების კოლონისტური პოლიტიკა, ასევე „შრომასა და კაპიტალს შორის ჰარმონიზაციის“, „პროფკავშირების ნეიტრალიზაციის“ ოპორტუნისტული თეზისები, აღიარა პროფკავშირებისა და პარტიის შეთანხმებული საქმიანობის აუცილებლობა.

მერვე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წლის 28 აგვისტო — 3 სექტემბერს კოპენჰაგენში შედგა მეორე ინტერნაციონალის მერვე კონგრესი. იგი მიესალმა აზიის ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, არსებითად დაადასტურა წინა კონგრესების მიერ მიღებული მარქსისტული, მაგრამ არა ყოველთვის თანმიმდევრული გადაწყვეტილებანი მილიტარიზმთან ბრძოლის, პროფკავშირთა ერთიანობის შესახებ და სხვა. ვ. ლენინმა მემარცხენეების მხარდაჭერით შეძლო გაეტარებინა რეზოლუციის პროექტი, რომლითაც დარტყმა მიაყენა კოოპერატივების „ნეიტრალიტეტის“ თეორიას და როგორც კაპიტალისტურ საზოგადოებაში არსებული „სოციალისტური უჯრედების“ რეფორმისტულ განმარტებას.

მეცხრე კონგრესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წლის 24-25 ნოემბერს ბაზელში შედგა მეორე ინტერნაციონალის მეცხრე კონგრესი. კონგრესის მიერ მიღებულ ბაზელის მანიფესტში კონგრესის მონაწილე ყველა სოციალისტური პარტიის დელეგატი მოითხოვდა გადამწყვეტ ბრძოლას და სოლიდარულ მოქმედებას იმპერიალიზმის წინააღმდეგ. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მეორე ინტერნაციონალში შემავალმა პარტიებმა მიატოვეს სოციალისტური და პროლეტარიატის ინტერნაციონალური საქმიანობა და გადავიდნენ სხვადასხვა ბანაკებში, რამაც გამოიწვია მეორე ინტერნაციონალის დაშლა. ომის დაწყებისთანავე შეწყვიტა თავის მოღვაწეობა მეორე ინტერნაციონალის საერთაშორისო ბიურომ, შეწყდა კავშირი სოციალ-დემოკრატიულ და სოციალისტურ პარტიებს შორის. მეორე ინტერნაციონალის იდეა გააგრძელა ვ. ლენინის ხელმძღვანელობით ბოლშევიკურმა პარტიამ გაარგრძელა. 1914 წლის შემოდგომაზე ვ. ლენინმა შეიმუშავა იმპერიალისტური ომის სამოქალაქო ომში გადაზრდის, იპერიალისტურ ომში მთავრობის დამარცხების პრინციპები და მოითხოვა მეორე ინტერნაციონალთან კავშირის გაწყვეტა, ახალი კომუნისტური ინტერნაციონალის შექმნის მიზნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]