მარინე მაჩაბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარინე მაჩაბელი
დაბადების თარიღი თბილისი
გარდაცვალების თარიღი რომი
ეროვნება ქართველი
პროფესია მუსიკოსი,
მეუღლე(ები) ფრანჩესკო ფრანზონი
მშობლები მამა: მიშო მაჩაბელი

მარინე მაჩაბელი (დ. 1899, თბილისი — გ. 1986, რომი) — ქართველი ჰუმანიტარი, გაიზარდა მიხეილ მაჩაბლისა და ანა (ანეტა) გიორგის ასული ქსნის ერისთავის (1864-1934) ოჯახში.

მიშო მაჩაბელი გახლდათ ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი. რედაქტორობდა გაზეთს „ზაკავკაზიე“; იყო 1917 წელს გამართული საქართველოს ეროვნული ყრილობის დელეგატი, ხოლო შემდგომში ეროვნული საბჭოს წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან; სათავეში ედგა საბჭოს სარწმუნოებათა კომისიას; მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატული პარტიისგან გამოყოფილი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებაში, რომლის ბაზაზეც წარმოიშვა საქართველოს ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტია.

მიხეილ მაჩაბელსა და ანა ერისთავს სამი შვილი შეეძინათ: მარინე, ელისაბედი, იგივე ლიზა და ვახტანგი. საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ სამივე ემიგრაციაში გაემგზავრა. 1910-იან წლებში ევროპაში მცხოვრები ქართველების ერთი ნაწილი საქართველოში მონარქიის აღდგენის მომხრე იყო. ამ იდეის განხორციელების მიზნით პროგერმანული ორიენტაციის ქართველმა მოღვაწეებმა - გიორგი მაჩაბელმა, მიხეილ წერეთელმა, ლეო და გიორგი კერესელიძეებმა და სხვებმა, რომლების შედიოდნენ ბერლინში მოქმედ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში, მოლაპარაკება გამართეს გერმანიის ხელისუფლებასთან. მათი მიზანი იყო გერმანელი პრინცის იოახიმის, კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟისა და რომელიმე ქართველი პრინცესას დაქორწინებით ქართული მონარქიული წყობის დაბრუნება. ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მისიისთვის კი, თავისი გამორჩეული მშვენიერების გამო, მარინე მაჩაბლის კანდიდატურა შეარჩიეს.

ეს გეგმა კარგად ასახავს იმას, თუ როგორი ახლო ურთიერთობა იყო საქართველოს არისტოკრატიასა და გერმანიას შორის და როგორი მოლოდინი იყო იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში გერმანია გაიმარჯვებდა. თუმცა ამ პროექტს განხორციელება არ ეწერა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო, 11 ნოემბერს გერმანული მონარქია დაემხო. პრინცმა იოახიმმა ჰოლანდიაში დაიდო ბინა, მარინა მაჩაბელი კი ცოლად გაჰყვა ფრანჩესკო ფრანზონის, იტალიის კონსულს საქართველოში და რომში დასახლდა.

შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან: „მარინეს დარჩა ორი ვაჟიშვილი... ამ ომის დროს დიპლომატიურ სამსახურში იყვნენ, ერთი შვეიცარიაში იტალიის წარმომადგენლად და მეორე - ავღანისტანში. რადგანაც მარინეს ხელში იყვნენ გაზრდილნი, ქართველობდნენ კიდეც“.

მართალია გერმანულ-ქართული სამეფო ოჯახის იდეამ ხორცი ვერ შეისხა, მაგრამ მარინა მაჩაბლის სახელი ემიგრაციაში მყოფმა გამომგონებელმა და ქიმიკოსმა გიორგი მაჩაბელმა თავის მიერ შექმნილი სუნამოთი უკვდავყო.

საქართველოს არშემდგარი დედოფლის, მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილი სუნამო „საქართველოს დედოფალი“ ჩასხმული იყო ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონში. ეს გახლდათ პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა და მის სუნამოებს შორის ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა. ამერიკული საზოგადოება სუნამოთი აღფრთოვანებული იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]