მარია კრუციფიქსა კოზულიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია კრუციფიქსა კოზულიჩი
ხორ. Marija Krucifiksa Kozulić‎
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1852(1852-09-20)[1]
დაბადების ადგილი რიეკა
გარდაცვალების თარიღი 29 სექტემბერი, 1922(1922-09-29)[1] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი რიეკა
მოქალაქეობა  იტალიის სამეფო

მარია კრუციფიქსა კოზულიჩი (ხორ. Marija Krucifiksa Kozulić დ. 20 სექტემბერი, 1852, რიეკა — გ. 29 სექტემბერი, 1922, რიეკა) — ხორვატი ქველმოქმედი, განმანათლებელი, იესოს წმინდა გულის დების საზოგადოების დამფუძნებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია კოზულიჩი წარმოშობით ლოსინჯის გემთმფლობელების მდიდარი ოჯახიდან იყო, რომლიც რიეკაში საცხოვრებლად გადავიდა მე-19 საუკუნის დასაწყისში.[2] მას შემდეგ, რაც 1874 წელს ნიუ-იორკიდან ოდესაში მოგზაურობისას გემი ჩაიძირა, მამის კომპანია გაკოტრდა, რის გამოც ოჯახი იძულებული იყო საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო. 1879 წელს ისინი დასახლდნენ ახლომდებარე ტრიესტში.

მარია იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. კოზულიჩს ჰყავდა თერთმეტი და-ძმა და ის იყო ყველაზე უფროსი ხუთი დედმამიშვილიდან, ვინც ცოცხალი გადარჩა. მარია ბავშვობიდანვე ეხმარებოდა დედას, ამეცადინებდა ძმებსა და დებს. მისი და ირინე რიეკას სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი გახდა. მისი ძმა ჯუზეპე ნიკოლო გარდაიცვალა 1885 წელს 22 წლის ასაკში,ხოლო მისი და ემილია მუშაობდა კერძო მასწავლებლად, ერთი და კი გახდა მონაზონი.

მარიამ 14 წლის ასაკში მშობლიურ ქალაქში დაამთავრა, ბენედიქტელთა მონასტრის სენტ-როხის და მუსიკალური სკოლა, სადაც ისწავლა იტალიური (მისი პირველი ენა), ხორვატული, ფრანგული, გერმანული და უნგრული ენები. მარია დიდი ენთუზიაზმით სწავლობდა კლავესინზე, შემდეგ კი ფორტეპიანოზე დაკვრას. კარგად შეისწავლა ქარგვა და კერვა.

1879 წელს ტრიესტში ის გახდა საეკლესიო სამოსის მაღაზიის თანამფლობელი და მენეჯერი. შემდგომში სწავლა გააგრძელა გორიციაში ურსულინის პედაგოგიურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1895 წელს. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ის გახდა საბავშვო ბაღისა და მუსიკის მასწავლებელი. იმავე წელს, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა, დააარსა იესოს წმინდა გულის ინსტიტუტი, რომელის შემადგენლობაში შედიოდა ასევე ბავშვთა სახლი და საბავშვო ბაღი. იგი განსაკუთრებით ზრუნავდა მიტოვებულ უპატრონო გოგონებზე, მიუხედავად მათი რელიგიური,თუ ეთნიკური წარმოშობისა. ასწავლიდა მათ რწმენას და ერთგულებას, ასევე ზრუნავდა მათ ტანსაცმელზე, საკვებსა და თავშესაფარსზე. მისი მოწოდება იყო ღარიბთა დაცვა და სიძნელეების გადალახვა რიეკაში მცხოვრებ სლავურ და იტალიურ თემებს შორის მზარდი ნაციონალიზმის პერიოდში. ოთხი წლის შემდეგ მან დააარსა იესოს წმინდა გულის დების საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელი იყო სიკვდილამდე.

კოზულიჩი გარდაიცვალა რიეკაში 1922 წლის 29 სექტემბერს.

მასზე ბერნარდინ მოდრიჩმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი , მიუძღვენეს კიბე ქალაქ რიეკას ცენტრში, მშობლიურ სახლში მისი მემორიალური დაფა დაკიდეს და ჰოსპისს დაარქვეს მისი სახელი. მისი ცხედარი ამოღებული და იდენტიფიცირებული იქნა 2012 წელს კურთხევის მიზნით. 2013 წლის თებერვალში წმინდანთა საქმეების კრების პრეფექტმა, კარდინალ ანჯელო ამატომ, ხელი მოაწერა ბრძანებულებას აღიარების პროცესის ოფიციალურად დაწყების შესახებ. კურთხევის პროცესის დაწყების თარიღი იყო 2013 წლის 20 ოქტომბერი, იმ თარიღის წლისთავი, როდესაც მან ფიცი დადო, რომ შეუერთდებოდა იესოს წმინდა გულის ქალიშვილთა ღვთისმოსავ კავშირს 1879 წელს.

ხორვატიაში დღესაც ფუნქციონირებს მის მიერ დაარსებული ორი საბავშვო ბაღი და გოგონათა სკოლა-ინტერნატი.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიენიჭა რიეკას მოციქულის წოდება, მოგვიანებით კი დაიწყო მისი კურთხევის პროცესი.

2008 წელს მის მიერ შექმნილმა საზოგადოებამ რიეკაში ქალთა სტუდენტურ სახლს,მისი სახელი უწოდა.

2013 წელს რეჟისორმა ბერნარდინო მოდრიჩმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი კრუციფიქსას საქმიანობის შესახებ სახელწოდებით "რიეკას დედა"..

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Hrvatski biografski leksikon — 1983.
  2. DRUŽBA SESTARA PRESVETOG SRCA ISUSOVA - Biografia di Fondatrice. ციტირების თარიღი: 2023-04-23