მამადაანების მთავარანგელოზთა ეკლესია
მამადაანების მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში, 0,7 კილომეტრზე, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეების წყობაში შედარებით მოზრდილი ქვებია გამოყენებული. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩამოშლილი კამარა და კონქი, მონგრეულია გრძივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია, კარი ორივე მხრიდან თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო კონქის ქუსლის დონეზე პატარა ნიშა. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. კედლების ზედაპირი სქელი ბათქაშთაა გასწორებული. ეკლესიას შემორტყმუილი აქვს ნატეხი ქვით ნაგები დაბალი გალავანი.
ეკლესიასთან ახლოს დგას ნატეხი თვით ნაგები ორსართულიანი სამრეკლო. სამრეკლოს პირველი სართული გეგმით კვადრატულია, სწორკუთხა შესასვლელი კი აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილში აქვს. დანარჩენი კედლები ყრუა. სართული ტლანქათ ნაწყობი გუმბათოვანი კამარითაა გადახურული. II სართული, ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეული, რვაწახნაგოვანი, ფართო და მაღალი, შეისრულ თაღებით გახსნლი ფანჩატური ყოფილა. გარედან სამრეკლოს სართულებს ერთმანეთისგან წყობით განსხვავებული ხასიათი გამოყოფს, მათი თანხვედრის საზღვარი მთელ პერიმეტრზე ჰორიზონტალურ ხაზს ჰქმნის. ქვედა სართულის კედლები ძირითადად წვრილი ნატეხი ქვითაა ამოყვანილი და სქელი ბათქაშით გასწორებული. ზემოთა სართულს საპირე ქვების დიდი ნაწილი მსხვილია, უბათქაშო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 392-393.