ლუბომირ ლუბოევიჩი
ლუბომირ ლუბოევიჩი, 2010 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | იუგოსლავია, სერბეთი |
---|---|
ეროვნება | სერბი |
დაბადების თარიღი | 2 ნოემბერი, 1950 |
დაბადების ადგილი | უჟიცე, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია |
წოდება | დიდოსტატი (1971) |
ფიდე რეიტინგი | 2571 (აპრილი 2022) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2645 (იანვარი 1983) |
ლუბომირ ლუბოევიჩი ((სერბ. Љубомир Љубојевић), (ინგლ. Ljubomir Ljubojević ) დ. 2 ნოემბერი, 1950, უჟიცე, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია) ― ყოფილი იუგოსლაველი, სერბი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1971), იუგოსლავიის ორგზის ჩემპიონი 1977 და 1982 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუბომირ ლუბოევიჩი 1950 წლის 2 ნოემბერს ტიტოვო უჟიცეში (ახლანდელი უჟიცე) დაიბადა. 1969 წელს იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში სტუდენთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე იასპარეზა. მესამე დაფაზე მოთამაშემ 6 მოიგო, 7 ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალური ოქრო აიღო, ნაკრები კი ვერცხლს დასჯერდა.
1970 წელს გრონინგენში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო, შემდეგ კი სარაევოში, საერთაშორისო ტურნირზე პირველ-მეორე ადგილზე გავიდა. ამ წარმატებებით საერთაშორისო ოსტატის ნორმა შეასრულა. მომდევნო წელს 21 წლისამ ბრნიაჩკე-ბანეში საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და დიდოსტატის ნორმა შეასრულა. წარმატებით გამოდიოდა ტურნირებზე და რამდენიმე მოიგო: ოლოტი (1972), მანილა (1973 მეორე ადგილი), ორენსე, ლას-პალმასი, მონრეალი, კანადის ღია პირველობა (ყველა 1974), ამსტერდამი 1975. 1976 წელს ვეიკ ან ზეს სუპერტურნირზე იმარჯვა, ივნის-ივლისში კი მანილაში ზონათაშორისო ტურნირზე გამოვიდა და მეხუთე-მეექვსე ადგილებს დასჯერდა. მან 8 მოიგო, 7 ყაიმით დაასრულა, 4 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი ქულა დააკლდა. მომდევნო წელს სრდან მარანგუნიჩთან ერთად იუგოსლავიის ჩემპიონი გახდა.
1978 წელს ტიტოვო-უჟიცეს ტურნირზე იმარჯვა, მომდევნო წელს კი ბუენოს-აირესიში და სან-პაულოში. მილანში მეორე-მეოთხე ადგილზე გავიდა (ანატოლი კარპოვთან და ტიგრან პეტროსიანთან ერთად). მონრეალში „ვარსკვლავთა“ ტურნირზე მეოთხე ადგილს დასჯერდა. 1983 წელს მეორედ გახდა იუგოსლავიის ჩემპიონი. ამდენი წარმატებებით ფიდეს რეტინგში საკმაო ქულები დააგროვა და 1983 წლის იანვარ-თებერვალში მესამე ადგილზე აღზევდა[1]. 1984 წელს ლონდონში მსოფლიოს რჩეულთა ნაკრებში ითამაშა, რომელიც სსრკ-ს გუნდრს დაუპირისპირდა. იგი მეოთხე დაფაზე გამოვიდა, ერთი მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა და 1 წააგო. წარმატებით იასპარეზა 1985 წელს ლინარესის სუპერტურნირზე[2], რომელიც რობერტ ჰუბნერტან ერთად მოიგო. ლუბომირმა სამი ძლიერი მოჭადრაკე დაამარცხა, იმდროინდელი მსოფლიოს ჩემპიონი გარი კასპაროვი, ანატოლი კარპოვი და ვიშვანათან ანანდი. მომდევნო წელს ვეიკ ან ზეში მეორე-მეოთხე ადგილი გაიყო, ხოლო ამსტერდამში პირველი იყო.
1987 წელს ბრიუსელის და ბელგრადის ტურნირები მოიგო, 1989 წელს ბარსელონასი, ხოლო 1990-91 წლებში რეჯო-ემილია. 1993 წელს მონტე-კარლოში „ამბერის“ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. რეგლამენტის მიხედვით ორი შეჯიბრი იმართება, სწრაფ და ბრმა (თვალახვეული) ჭადრაკში. ორივეს ჰყავს გამარჯვებული, საბოლოოდ კი შემაჯამებელი ქულებით აბსოლუტურ გამარჯვებულს ასახელებენ. ლუბოევიჩმა სწრაფი ჭადრაკის ტურნირი 7,5 ქულით მოიგო, ბრმაში კი 7 ქულით მეორე იყო, საბოლოოდ კი 14,5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ანანდს ნახევარი ქულით გაუსწრო. საპრიზო 100 ათასი დოლარიდან, სერბმა 20 ათასი მიიღო.
2008 წლის 12-27 იანვარს ვეიკ ან ზეში რიგით 70-ე ტურნირზე „საპატიო ჯგუფში“ ათამაშეს (სიძლიერით XIII კატეგორიის ტურნირი). ჯგუფში ოთხი ღვაწლმოსილი მოჭადრაკე დაუპირისპირდა ერთმანეთს. ლუბოევიჩის გარდა იყვნენ იან ტიმანი, ვიქტორ კორჩნოი და ლაიოშ პორტიში. ლუბომირმა 3 მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა, ერთში დამარცხდა და 4 ქულით პირველზე გავიდა.
ნაკრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში 12-ჯერ იასპარეზა საჭადრაკო ოლიმპიადაზე (1972, 1974, 1978, 1980, 1982, 1984, 1986, 1988, 1990, 1994, 1998, 2002 წლებში). პირველად მესამე დაფაზე იჯდა და ინდივიდუალური ოქროს მედალიც მოიგო, ნაკრები კი მესამეზე გავიდა[3]. 1974-ში მეორე დაფაზე იანაცვლა და გუნდური ვერცხლი აიღო. მეორეზე ითამაშა მომდევნო ოლიმპიადაზეც, ხოლო შემდეგში პირველ დაფაზე გადავიდა გადავიდა და პოზიცია არ შეუცვლია. ორი ბრინჯაოს მედალი მოიგო, 1980 წელს გუნდური, ხოლო 1982 წელს ინდივიდუალური. ოლიმპიადაზე სულ 163 პარტია ჩაატარა, საიდანაც 66 მოიგო, 22 წააგო და 75 დაასრულა ყაიმით. შედეგიანობა 63.5%.
1989 წელს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პირველ დაფაზე იასპარეზა. ერთი მოიგო, 8 ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალური ვერცხლი აიღო, ნაკრებმა კი ვერცხლი მოიპოვა.
შედარებით ბევრი მედალი აიღო ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე: ორი გუნდური ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, ინდივიდუალურში კი თითო ოქრო და ბრინჯაო.
თამაშის სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭადრაკში თამაშიშას მწვავე კომბინაციური სტილის ირჩევს, მწვავე კომბინაციის სტილის მოჭადრაკე. მის თამაშს ახასიათებს ინიციატივის მუდმივი ძიება, გამომგონებლობა შეტევაში, დაცვაში შეუპოვრობა.
გამორჩეული თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ljubomir Ljubojevic vs Ulf Andersson, Wijk aan Zee 1976, Sicilian Defense: Paulsen, Bastrikov Variation (B47), 1–0
- Bent Larsen vs Ljubomir Ljubojevic, Milano 1975, Benoni Defense: Classical Variation, Czerniak Defense (A77), 0–1
- Ljubomir Ljubojevic vs Viktor Korchnoi, Linares 1985, French Defense: Winawer, Poisoned Pawn Variation (C18), 1–0
- Ljubomir Ljubojevic vs Anthony Miles, Bugojno 1986, English Opening: General (A10), 1–0
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://ratings.fide.com/profile/900010
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=14866
- https://www.365chess.com/players/Ljubomir_Ljubojevic
- https://ruchess.ru/persons_of_day/ljuboevic_pd/
- http://www.olimpbase.org/players/5nllnfnk.html
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ All Time Rankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-26. ციტირების თარიღი: 2007-06-07.
- ↑ Linares 1985. Chessgames.com. Retrieved on 2012-11-07.
- ↑ OlimpBase Men's Chess Olympiads Ljubomir Ljubojević. Olimpbase.org. Retrieved on 2012-11-07.