შინაარსზე გადასვლა

ოთარ ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლორთქიფანიძე, ოთარ)
ოთარ ლორთქიფანიძე
დაბ. თარიღი 30 ოქტომბერი, 1930(1930-10-30)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 19 მაისი, 2002(2002-05-19) (71 წლის)
გარდ. ადგილი ახალციხე
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ანთროპოლოგი, ხელოვნებათმცოდნე და არქეოლოგი[1]
მუშაობის ადგილი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი დავით ლორთქიფანიძე
ჯილდოები ჰუმბოლდტის პრემია, ღირსების ორდენი, საქართველოს სახელმწიფო პრემია და ხალხთა მეგობრობის ორდენი

ოთარ ლორთქიფანიძე (დ. 30 ოქტომბერი, 1930 — გ. 19 მაისი, 2002) — ქართველი არქეოლოგი, ანთროპოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქართული არქეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი.

1957 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1966 წელს მას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა, ხოლო სამ წელიწადში პროფესორი გახდა. 1972 წლიდან იყო ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას. მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1977 წლიდან ლორთქიფანიძის ინიციატივით ეწყობოდა შავიზღვისპირეთის ძველი ისტორიული და არქეოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები. 1985 წელს აკადემიკოსის ინიციატივით დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა (4000-ზე მეტი ექსპონატი).

ოთარ ლორთქიფანიძე ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომისა, რომელთაგან ზოგიერთს მიღებული აქვს სხვადასხვა სახის პრემია, მათ შორის ჰუმბოლტის სახელობის საერთაშორისო პრემია (2000). ოთარ ლორთქიფანიძე არჩეული იყო პოლონეთის არქეოლოგიური სამეცნიერო საზოგადოების წევრად, კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრად (რომი), ასევე გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის (ბერლინი) წევრ-კორესპონდენტად. იყო სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალის რედაქციებისა და კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი.

არის ქალაქ ვანის საპატიო მოქალაქე. მისი სახელი მინიჭებული აქვს ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს და ქუჩას რომელზეც მუზეუმი მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Union List of Artist Names — 2011.